როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ბლენდერი არის ჩვენი თანამედროვეობის ძალიან დიდი პრობლემა. ბავშვებში ღეჭვის უნარის შეფერხება ხდება,“ - ანა წურწუმია
ქცევითი თერაპევტი ანა წურწუმია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვის ჯანსაღი კვებითი ჩვევების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მშობლის დამოკიდებულება კონკრეტული საკვების მიმართ უდიდეს როლს ასრულებს:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის დამოკიდებულებას საჭმლის მიმართ. რა დამოკიდებულებაც აქვს მშობელს საჭმლის მიმართ, იგივე დამოკიდებულება უყალიბდება ბავშვსაც. თუ მშობელს არ მოსწონს რომელიმე საჭმელი და გამოხატავს უარყოფით ემოციებს, ეს პირდაპირ გადადის ბავშვზე. შეიძლება რაღაც არ გვიყვარს, მაგრამ არ გამოვხატოთ უარყოფითი ემოციები ამ საჭმლის მიმართ.“
ანა წურწუმია გარკვეულ სტრატეგიებს გვთავაზობს, რომელთა დახმარებით ბავშვს არასასურველი პროდუქტის მიღებაში დავეხმარებით:
„თუ ბავშვი უარს ამბობს პომიდორზე, ჩვენ შევიმუშავებთ გარკვეულ სტრატეგიებს, რომელთა დახმარებით პომიდორი გახდება მისთვის საყვარელი საკვები. თუ ნახეთ, რომ ბავშვმა გადმოადგო და არ მოეწონა, დავიწყოთ შემდეგნაირად: ბავშვი უბრალოდ შეეხოს ერთი დღე პომიდორს, ითამაშოს. მეორე დღეს შეიძლება შევთავაზოთ, რომ დაყნოსოს პომიდორი, მესამე დღეს შეიძლება გვქონდეს სტრატეგია, რომ უბრალოდ ენა დაადოს პომიდორს. ასე თანდათანობით მივიდეთ იქამდე, რომ პირში ჩაიდოს. ჩემი საბოლოო მიზანი იქნება, რომ ბავშვმა ჩაყლაპოს პროდუქტი. ამის შემდეგ შემიძლია წავახალისო მისთვის სასურველი საჭმლით.“
ანა წურწუმია აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის ქცევით მოდელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
„ბავშვები სახლში არ ჭამენ, მაგრამ ბაღში როდესაც ხედავენ, რომ თანატოლები ჭამენ, იწყებენ ჭამას. თუ ბავშვს საკვები არ უყვარს, არ მოსწოს, სხვაგანაც არ შეჭამს. მას აქვს მიმღებლობა ამ საჭმლის, მაგრამ სახლის გარემოში არსებული გარკვეული მიზეზების გამო სახლში არ ჭამს. მშობლის ემოციური დამოკიდებულება საჭმლის მიმართ, შესაძლოა, ძალიან კარგად ჩანდეს ბავშვისთვის. საჭმლით თამაში არის აბსოლუტურად გამართლებული, რასაც მშობლები არ ამართლებენ ხოლმე. მათ ეზარებათ ხშირ შემთხვევაში. საჭმლით თამაში არის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, რომ ბავშვმა შემდგომში საკვები დააგემოვნოს.“
ანა წურწუმიას თქმით, ბავშვს ტკბილეული ჯანსაღი საკვებისადმი ნეგატიურად განაწყობს:
„ხშირად ხდება, რომ ტკბილეული აფუჭებს ბავშვებს. მათ გასინჯეს ტკბილეული და ტკბილეულის ფონზე წვნიანი აღარ ეგემრიელებათ. ბავშვი საჭმელს შიშის გამო არ უნდა ჭამდეს. დაძალება არის აბსოლუტურად გამორიცხული მეთოდი. შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზები, რის გამოც ბავშვი არ ჭამს. შეიძლება იყოს ცუდი გამოცდილებაც. გადამცდა საჭმელი, რის გამოც უარს ვამბობ არამხოლოდ ამ საჭმელზე, არამედ ყველა მასთან მიახლოვებულ და მიმსგავსებულ საკვებზე. შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვს აქვს მომატებული მგრძნობელობა ფაქტურის, სუნის, გემოს მიმართ.“