როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რამეს, ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო,“ - ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანები პრობლემებს ხშირად თავად ქმნიან:
„ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო. ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რაღაცას. ადამიანი იპრობლემებს ყველაფერს გარშემო. ერთ-ერთ სამსახურში რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ, ისეთი უფროსი გვყავს, რომ ნერვებს გვიშლისო. ნერვებს გიშლის ვიღაც, ნერვების მოშლა რა არის? ვიღაცამ რაღაც მითხრა, ნერვები მომეშალა. ჩემი ამოცანა რა არის, ნერვები მომეშალოს თუ არ მომეშალოს? არ უნდა მომეშალოს! მის ნათქვამს უნდა დავაკარგვინო ემოციური ზემოქმედების ძალა. რაღაცას რომ მეტყვის და წარმოვიდგენ, რომ თავზე ჩაიდანი ადგას, დამთავრდება. სცადეთ, ვინც ნერვებს გიშლით, იმ წუთას ჩაიდანი გაიხსენეთ, ნახავთ, რომ ძალიან ადვილია.“
ზურა მხეიძის თქმით, ადამიანმა ცხოვრება ისე უნდა მოიწყოს, რომ საკუთარი გამოცდილებით კმაყოფილი იყოს:
„თქვენ ცხოვრება უნდა ააწყოთ ისე, რომ როდესაც 117 წლის გახდებით და გადახედავთ, კარგად გიცხოვრიათ. ერთსა და იმავე სიტუაციაში თქვენ შეიძლება თქვენი ცხოვრება ძალიან ცუდად გაიაროთ და მეორემ კარგად გაიაროს. შიდა კომუნიკაცია როგორიც მიდის, იმის მიხედვით თქვენ ან ბედნიერი ხართ, ან უბედური. არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ყველაზე ცუდი დრო პარიზში გაატარო და ყველაზე კარგი დრო ხაშურში, გააჩნია იმ დროს ვისთან ერთად ხარ და რა კომუნიკაცია მიდის. წვიმაში ის სველია, ესეც სველია, ის ბედნიერია, ეს უბედური. ვიღაც ელოდება როდის მოიგებს ლატარიაში მილიარდს და მანამდე უბედურია.“
ზურა მხეიძემ აღნიშნა, რომ ადამიანს ცხოვრების სწავლა ისევე შეუძლია, როგორც სიყვარულს სწავლობს:
„ცხოვრების სწავლა შეიძლება, ისევე როგორც სიყვარულის სწავლა შეიძლება. ყოველთვის კარგად იქნები და ეს არ არის დამოკიდებული ქონებაზე. თქვენი ოცნებები თუ გახდება მატერიალური, მაშინ სისტემა თქვენ გმართავთ. შენ რომ მალდივიზე გინდა წასვლა, ფული უნდა გქონდეს, ფული რომ გქონდეს, ჩემთან უნდა იმუშაო, ჩემთან რომ იმუშაო, კარგად უნდა მოიქცე, თორემ არ იმუშავებ. შენ თუ სხვა ღირებულებები გაქვს არამატერიალური და კარგად გრძნობ თავს, თავისუფალი ხარ და ვეღარ გმართავ.“
„შენს თავში ხდება ყველაფერი. აატრიალებ, მშვენივრად ხარ, აატრიალებ, ცუდად ხარ. თუ შენ ისწავლი შენს თავთან ურთიერთობას, შედეგს მიიღებ. გეტყვით ვარჯიშს და ივარჯიშეთ. პირველი, ისწავლეთ ემოციების მართვა. საათი აიღეთ და დაინიშნეთ, ვთქვათ, ოცი უკლია ათს. თქვით, ათი წუთი მე მინდა ცუდ ხასიათზე დადგომა. მე ჩემს თავს ვუბრძანებ, რომ ახლა მე მინდა ძალიან ცუდ ხასიათზე ყოფნა. თქვენი თავი დაიწყებს ყველაზე ცუდი რაღაცების მობილიზებას. ათი წუთი რომ გავა, მიეცით ბრძანება, რომ თქვენ უნდა დადგეთ ძალიან მაგარ ხასიათზე. პირველს მარტივად შეასრულებთ. მეორეზე რომ გადახვალთ, კარგი ფიქრები წამოვა, მაგრამ წინა ნაფიქრალიდან ამოგიძვრებათ რაღაც. არ ამოუშვათ და შეატყობთ, რომ ძალიან მაგარ ხასიათზე დადექით. ეს ვარჯიშები გააკეთეთ. როგორც კი ამას შეძლებთ, მიხვდებით, რომ მთლიანად აკონტროლებთ თქვენს თავს. თუ ბოროტი არ ხარ, ნებისმიერ ადამიანს ხუთ წუთში ხდი ბედნიერს. ყველაფერი ცუდი და კარგი არის ჩვენს თავში,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.