როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„მშობელმა ბავშვის გაღიზიანება არ უნდა მიიღოს შეტევად. პირველ რიგში, მოუსმინოს ბავშვს და დააკვირდეს,“ - ნინო გოგიჩაძე
ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ მშობლებს აგრესიულ ბავშვთან ურთიერთობის წესები გააცნო. მან აღნიშნა, რომ მშობელმა, პირველ რიგში, ბავშვს უნდა მოუსმინოს:
„დედას, რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ, პირველ რიგში, მოუსმინოს ბავშვს, დააკვირდეს. ის მოდის გაღიზიანებული, აგრესიული, რას მეუბნება? ძალიან მარტივად შეიძლება მიზეზი იყოს, რომ მშიერია. სკოლიდან მოვიდა და პირველ რიგში, რაც სჭირდება არის, რომ შეჭამოს, მოდუნდეს. მერე აღმოჩნდება, რომ დედაც უყვარს, მამაც და სამყაროც მშვენიერია. იმ გარემოში, რომელშიც ბავშვია, შესაძლოა, ვიღაცის დედა უფრო მოსწონდეს. მისი გადასახედიდან ხედავდეს, რომ მას შვილთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ხედავდეს, რომ იმ ბავშვზე უფრო ზრუნავენ, მატერიალურ გამოვლინებებს ხედავდეს, რომ სხვა ბავშვს უკეთესი საშლელი აქვს, უკეთესი კალამი აქვს. მერე მოდის და დედას უბრუნდება: „შენი ბრალია, რომ მე ეს არ მაქვს.“ მას უნდა, რომ უხმოდ ან ხმით დასაჯოს დედა იმ სირთულეების გამო, რომელსაც თვითონ ვერ უმკლავდება.“
ნინო გოგიჩაძის თქმით, მშობელმა ბავშვის გაღიზიანება შეტევად არ უნდა ჩათვალოს და მისი დახმარება სცადოს:
„მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს აღიქმებიან ბავშვის მხრიდან. მშობელი ბავშვს იმით უნდა მიეხმაროს, რომ მოუსმინოს. მან ბავშვის გაღიზიანება არ უნდა მიიღოს შეტევად. ძალიან რთულია მშობელი არ იყოს იმედგაცრუებული იმის გამო, რომ უარყოფილია. ყველაზე დიდი ტვირთია მშობლისთვის, როდესაც შვილისგან უარყოფილია. ჩვენ დედაშვილობა რომანტიზებული გვაქვს, გვგონია, რომ როგორებიც უნდა ვიყოთ, შვილებმა უნდა მიგვიღონ და ეს თავისთავად უნდა გამოვიდეს. ამდენს ვშრომობ, სულ მასზე ვფიქრობ, თავისთავად უნდა ვუყვარდე. ეს არის მშობლის პოზიცია. არანაირი ძალისხმევა არ უნდა დავხარჯო იმისთვის, რომ ვუყვარდე. ბავშვს ვუყვარვარ მას შემდეგ, რაც გრძნობს, რომ ის არის ჩემთვის ღირებული. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას რაღაც ადგილი აქვს.“
„ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ რაღაც, რაც ხდება მასში, შეიძლება, რომ ხდებოდეს. ამ მომენტს ვახტებით ხოლმე მშობლები. როდესაც ჩვენთან მოდის ბავშვი, ვეუბნებით: „ახლა რატომ ხარ გაბრაზებული?“ ის კი არა, რომ გაბრაზებული ხარ, არა, ახლა არ არის გაბრაზების დრო, ჭამე და მერე მივდივართ. მშობელმა უნდა უთხრას ბავშვს: „დედა, შენ ახლა რაღაც გიჭირს და შენ რომ გიჭირს, მე ეს მესმის.“ პირველ რიგში, ვიწყებთ ემოციის მიღებას, რომ შეიძლება შენ იყო გაბრაზებული. ბავშვს ბალიში მივეცით, სადაც შეიძლება, რომ ამოიღოს თავისი გასაჭირი. კომუნიკაციის დასაწყისი არის ის, რომ ჩვენ ვუსმენთ ბავშვს იმ მოტივით, რომ გავიგოთ. ეს გაგვიყვანს იმ სირთულეებზე, რომელსაც ბავშვი რეალურად აწყდება,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.