დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე საუბრობს საგნების კატეგორიებში გაერთიანებაზე.
ეს უნარი წარმოადგენს გარემოს შეცნობის საფუძველს ბავშვისთვის, თავდაპირველად ის სწავლობს, რომ საგნები ჰგავს ერთმანეთს და განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლებით და ნიშნებით. შემდეგ უკვე შეუძლია ასოების და ციფრების ცნობა. ეს უნარი არის აუცილებელი შემდგომში ბაზისური მათემატიკური უნარების განვითარებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივად შესასრულებელ რეკომენდაციას:
ჩართეთ ბავშვი საოჯახო საქმეებში, მაგალითად, სთხოვეთ, დაალაგოს თაროზე წიგნები, ჩაყაროს ყუთში ფანქრები, ფლომასტერები, შეინახოს ტანსაცმელი კარადაში. ასევე შეგიძლიათ, სთხოვოთ ბავშვს, რომ ჩაერთოს ჭუჭყიანი ტანსაცმლის დახარისხების პროცესში. მაგალითად, სთხოვეთ, რომ ცალკე დააწყოს პირსახოცები, ცალკე მაისურები ან შეიძლება, რომ ფერების მიხედვითაც დაახარისხებინოთ ტანსაცმელი.
აქტიურად ჩაერთეთ ბავშვთან თამაშში და სათამაშოების დახარისხებაშიც დაეხმარეთ - ფერის, ფორმის, ზომის, ფაქტურის მიხედვით შეგიძლიათ, დაახარისხებინოთ სათამაშოები. მაგალითად, კუბიკები ცალკე დააწყოთ, მანქანები - ცალკე, ფუმფულა სათამაშოები - ცალკე და ა.შ.
ქუჩაში ყოფნის დროს გაუმახვილეთ ყურადღება საგზაო ნიშნებზე, მანქანების ფერებსა და ზომაზე. გადაამოწმეთ ხოლმე, რამდენად გაიგო ბავშვმა თქვენი ნათქვამი და მაგალითად, დასურათებული წიგნების თვალიერების დროს სთხოვეთ, გაჩვენოთ მსგავსი საგანი, რომელსაც თქვენ მიუთითებთ.
გაუმახვილეთ ყურადღება ასევე საგნებს შორის განსხვავებაზეც. მაგალითად, გვერდით მიუწყვეთ თქვენი ფეხსაცმელი ბავშვის ფეხსაცმელს და ისაუბრეთ ზომაში განსხვავებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ბავშვს შესთავზებთ, იყოს მარტივი და სახალისო. ეს პროცესი თქვენთვისაც იყოს სასიამოვნო და ბავშვი გრძნობდეს, რომ ის დრო, რომელსაც ბავშვს უთმობთ, არის თქვენთვის სასიამოვნო.