Baby Bag

თუ ბავშვს ექიმთან ვიზიტის ეშინია, პირველ რიგში, ფობიის გამომწვევი მიზეზი დაადგინეთ

თუ ბავშვს ექიმთან ვიზიტის ეშინია, პირველ რიგში,  ფობიის გამომწვევი მიზეზი დაადგინეთ

ბავშვების ნაწილს ექიმთან მისვლის ძალიან ეშინია. პედიატრთან ვიზიტისას ისინი ისტერიკას აწყობენ, ტირიან და შფოთავენ. ექიმების განსაკუთრებით მცირეწლოვან პატარებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეშინიათ. მიუხედავად ამისა, მშობლები შვილის პედიატრთან მიყვანაზე უარს ვერ ამბობენ, რადგან სავალდებულო ვაქცინაცია, შეუძლოდ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და მისი განვითარების დონის შეფასება აუცილებელია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს ექიმთან მისვლა აშინებს?

ბავშვის დახმარება თუ გსურთ, პირველ რიგში, გაარკვიეთ, რატომ ეშინია მას ექიმთან მისვლის. ბავშვების პედიატრთან პირველი შეხება ვაქცინასთან არის დაკავშირებული. ბავშვებს ექიმები იმიტომ აშინებთ, რომ მათ აცრების გაკეთების ეშინიათ. ბავშვის შიშს გაგებით უნდა მოეკიდოთ. ჰკითხეთ მას, რატომ ეშინია ექიმთან ვიზიტის და პასუხს ყურადღებით მოუსმინეთ. თქვენს შვილს აუხსენით, რომ მისი გესმით.

ბავშვს კარგად აუხსენით, რატომ მიგყავთ ის ექიმთან. პატარები ექიმთან ვიზიტს ხშირად კოშმარულ სიზმრად წარმოისახავენ. თუ ბავშვს ნემსის ჩხვლეტა აშინებს, აუხსენით მას, რომ ექიმთან ვიზიტის დროს მას ვაქცინას ყოველთვის არ გაუკეთებენ და უმეტეს შემთხვევაში პედიატრის მონახულება მისთვის სავსებით უმტკივნეულო იქნება.

არასდროს მოატყუოთ ბავშვს, როდესაც ის ექიმთან მიგყავთ. არ დაუმალოთ მას, თუ რა ელოდება პედიატრის კაბინეტში. თუ ბავშვთან იცრუებთ, ის თქვენ მიმართ ნდობას დაკარგავს, ხოლო მისი შიში უკონტროლო გახდება. ბავშვს აუხსენით, რომ შესაძლოა, მას ნემსის ჩხვლეტა ეტკინოს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდება. ამ შემთხვევაში, ბავშვი შედარებით დამშვიდდება და პანიკაში არ ჩავარდება. მას მოლოდინი ექნება, რომ ტკივილი დიდხანს არ შეაწუხებს, რის გამოც ვაქცინაციის პროცედურას მარტივად გაუმკლავდება.

ვაქცინის გაკეთებამდე ბავშვი გაართეთ. მას წიგნები წაუკითხეთ, საყვარელი სიმღერა უმღერეთ, მულტფილმი ჩაურთეთ, დაუსვით სახალისო კითხვები. როდესაც ბავშვი ექიმთან მიგყავთ, მისი საყვარელი სათამაშო თან წაიყოლეთ, ასე თქვენი შვილის შფოთვას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

ბავშვს ისეთი წიგნები წაუკითხეთ, რომლებშიც ექიმები დადებით პერსონაჟებად არიან წარმოდგენილნი. თქვენს შვილს ექიმებზე დადებითი წარმოდგენა უნდა შეუქმნათ, რათა მას პედიატრთან ვიზიტისას პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეს.

ბავშვი ექიმთან ვიზიტის შიშს თუ გადალახავს, ის აუცილებლად დააჯილდოვეთ. ამ გზით თქვენი შვილი მიხვდება, რომ მისი მშვიდი ქცევა მოსაწონია და სწორია. ბავშვი საჩუქრის მიღების შემდეგ ექიმთან მომდევნო ვიზიტს უფრო მშვიდად შეხვდება და შიშის გადალახვაც გაუმარტივდება.

მომზადებულია​ theswaddle.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ტესტის სწორი პასუხი

ტესტის სწორი პასუხი

1. თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ პირველ სურათზე გამოსახული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არ არიან, ე.ი. ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი არ ხართ. ოჯახურ ცხოვრებაზე ტრადიციული წარმოდგენები არ გაქვთ. თქვენ საკუთარ მეგობრებს ოჯახის წევრებად თვლით და მათი დახმარება ძალიან გაბედნიერებთ. ცდილობთ გარშემომყოფების ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოთ. შესაძლოა, თქვენ არ გყავდათ ძლიერი მამა ან უმამოდ გაიზარდეთ, სწორედ ამიტომ ცდილობთ, რომ ყველაზე იზრუნოთ, ყველას დაეხმაროთ. ალბათ, დედა სწორედ ასე ზრუნავდა თქვენზე. პირველ სურათზე გამოსახული ადამიანები ბედნიერი ოჯახის სახეს ნამდვილად არ წარმოადგენენ, თუმცა ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დედა ბავშვზე ზრუნავს, მამა კი გულგრილია და შვილისადმი ყურადღებას არ იჩენს. თქვენ არ გსურთ, რომ ადამიანები მსგავს ოჯახებს ქმნიდნენ, სწორედ ამიტომ ჩათვალეთ, რომ პირველ სურათზე ნამდვილი ოჯახი არ არის გამოსახული.

2. თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ მეორე სურათზე გამოსახული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არ არიან, ე.ი. ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. თქვენთვის არაფერია თქვენს ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანი. მტკიცედ გწამთ, რომ სტაბილური და მყარი ურთიერთობები არსებობს, რაც ნდობითა და თავდადებით მოიპოვება. თქვენ ოჯახის მოთხოვნილებებსა და საჭირობებს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებთ, რის გამოც საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ხშირად უარს ამბობთ. ალბათ, შეამჩნევდით, რომ მეორე სურათზე გამოსახული ადამიანები ოჯახის წევრებს არ ჰგვანან. უფროსები გულგრილად გადაადგილდებიან და ბავშვს ყურადღებას არ აქცევენ, თავის მხრივ ბავშვიც არ ცდილობს, რომ უფროსებს ხელი ჩაჭიდოს. თქვენ, როგორც ოჯახზე ორიენტირებულ ადამიანს სწორი პასუხის პოვნა არ გაგჭირვებიათ, რადგან სურათზე ყალბი ოჯახი მარტივად ამოიცანით.

3. თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ მესამე სურათზე გამოსახული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არ არიან, ე.ი. ტრავმული ბავშვობა გქონდათ და არამყარ ოჯახში გაიზარდეთ. თქვენ ძალიან გიჭირთ ადამიანების ნდობა და მათთან ურთიერთობის დამყარება გიძნელდებათ. ყველაფერზე ძალიან ღელავთ, ბევრს ფიქრობთ და მომავალი გაშინებთ. მესამე სურათზე გამოსახული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან. მშობლები ერთმანეთისადმი ყურადღებას იჩენენ, მამას მზრუნველად აქვს ჩაჭიდებული ხელი შვილისთვის. ოჯახის სამივე წევრი ძალიან ბედნიერია, მათ ერთად ყოფნა სიამოვნებთ. არაჯანსაღ ოჯახურ გარემოში გაზრდილ ადამიანებს ნამდვილი ურთიერთობები ძალიან აშინებთ, ისინი ბედნიერებას ეჭვის თვალით უყურებენ. თქვენ არ გჯერათ, რომ ოჯახური ბედნიერება არსებობს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ მესამე სურათზე გამოსახული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არ არიან.

მოახერხეთ სწორად გამოგეცნოთ ტესტის პასუხი? თქვენი შედეგები კომენტარებში გაგვიზიარეთ.

მომზადებულია ​brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად