Baby Bag

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს მშობლის მიერ მისი ემოციების უგულებელყოფამ? - ინტერვიუ ფსიქოლოგთან

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს მშობლის მიერ მისი ემოციების უგულებელყოფამ? - ინტერვიუ ფსიქოლოგთან

რა არის ემოციური უგულებელყოფა და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს? MomsEdu.ge- ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა ნიკა გაბლიშვილმა უპასუხა.

- თუ შეიძლება განგვიმარტოთ, რა არის ემოციური უგულებელყოფა?

- ეს არის ბავშვის ემოციური სფეროს დაიგნორება მშობლის მხრიდან. სხვა სიტყვებით - ბავშვს საკვებისა და სითბოს გარდა, მშობელთან ემოციური კავშირის დამყარება სჭირდება. მშობელი ახდენს ბავშვის ემოციურ უგულებელყოფას, თუ: არ აქცევს ყურადღებას ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, სჯის ბავშვს ემოციების გამოხატვისას და მუდმივად მოითხოვს მისგან მაღალი ინტენსივობის ნეგატიური თუ პოზიტიური ემოციების შეკავებას, არ უთანაგრძნობს, როდესაც ბავშვი არის გაღიზიანებული, არ იზიარებს მის ბედნიერებას, არ აძლევს საკმარის სითბოსა და სიყვარულს, რათა პატარამ იგრძნოს, რომ მშობლისთვის მნიშვნელოვანი არსებაა.

- ცხადია, რომ ემოციური გაცვლა ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო კონკრეტულად კი, მშობლისა და შვილის ურთიერთობაში რამდენად დიდ როლს ასრულებს ეს?

- თუკი მშობელი არ აქცევს ყურადღებას ბავშვის ემოციებს და შესაძლოა, ეჩხუბოს კიდეც ემოციის გამოხატვისას, ამ დროს ბავშვი იღებს მესიჯს, რომ მისი ემოციები არ არის მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, თვითონაც უმნიშვნელო ყოფილა. ზოგჯერ ამან ნეგატიური შედეგებიც შეიძლება გამოიწვიოს. ვინაიდან პატარა ასაკში ბავშვებს ახასიათებთ ეგოცენტრულობა, ჰგონიათ, რომ მათი ბრალია და არ იმსახურებენ სიყვარულს, არ არიან საკმარისად კარგები. შემდგომი ნაბიჯი ამ არასასურველი „რაღაცის“ ანუ ემოციების განდევნა და დათრგუნვაა (რაც არ კმაყოფილდება, ან ისჯება). მეორე მხრივ კი, ბავშვი მუდმივად ცდილობს დაიმსახუროს მშობლების მხრიდან აღიარება და საკუთარი საჭიროებების ნაცვლად მთლიანად ორიენტირებული ხდება გარემოს მოთხოვნებზე. ის ცდილობს, წინასწარ გამოიცნოს, რა სურთ მშობლებს მისგან და მაშინვე შეასრულოს ეს. იქნებ ამის მერე მაინც დაიმსახუროს სიყვარული?

ჩვენს ემოციებს ტვინში კონკრეტული უბნები აკონტროლებს, შესაბამისად, უგულებელყოფისას ხდება ამ უბნების განვითარების შეფერხება და შესაბამისი ნეგატიური შედეგების გამოწვევა.

- რა არის საჭირო, რომ ბავშვმა არ იგრძნოს ემოციების გაცვლის დანაკლისი (ანუ, დაიკმაყოფილოს ემოციური საჭიროება)?

- ერთია, რომ მშობელმა იცის, რომ ბავშვის ემოციური საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მეორეა შეკითხვა, როგორ? ცხადია, ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი. აქ საუბარია არა მხოლოდ სტატიკურ, შინაგან სიყვარულზე, არამედ მის გამოხატვაზე, მნიშვნელოვანია, ბავშვმა დაინახოს და იგრძნოს, რომ ის უყვართ. ამის უამრავი მეთოდი არსებობს.

უფრო პრაქტიკული კუთხით თუ შევხედავთ:

საჭიროა, მშობელი გახდეს ბავშვის ემოციური სარკე. ე. წ. Mirroring-ი ეხმარება მშობელს და ბავშვს, დაინახონ ერთმანეთის ემოციები. მშობლის ერთი მარტივი ფრაზა: „გიო, მე ახლა ვგრძნობ, რომ შენ გაბრაზებული ხარ და შენი მესმის.“ ბავშვს უკვე აჩვენებს, რომ მშობელს ესმის მისი.

მნიშვნელოვანია, მშობელს მუდმივად ედოს ხელი ბავშვის ემოციურ პულსაციაზე. დაკვირვებულობა და შეკითხვა: „როგორ გრძნობ თავს?“, „როგორ ხასიათზე ხარ?“ - ხშირად აბრუნებს ბავშვს საკუთარ ემოციებთან და უადვილებს მასთან კონტაქტს.

ემოციების გამოხატვისას მისი დასჯის შემცირება. რამდენადაც შესაძლებელია, როდესაც ბავშვი ყვირის, ჩხუბობს, ამტვრევს ნივთს, მშობელი უნდა ეცადოს, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება, ხოლო ემოციური აფექტის გადავლის შემდგომ შეეცადოს მასთან მშვიდად საუბარს. დაეხმაროს მას გაცნობიერებაში, რატომ გაბრაზდა, რა შედეგი მოიტანა ამან, როგორ შეუძლია, მართოს ეს ყველაფერი და ა.შ.

და, რა თქმა უნდა, ბევრი ჩახუტება და მოფერება, ფიზიკური კონტაქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ემოციური კავშირისთვის.

- თუკი ბავშვის ემოციები უგულებელყოფილი რჩება - როგორ შეიძლება აისახოს სამომავლოდ ეს მის პიროვნებაზე და რა საფრთხეები არსებობს?

- ისევე, როგორც სხვადასხვა ტრავმას, ემოციურ უგულებელყოფასაც გააჩნია თავისი სიმპტომატიკა ზრდასრულობის პერიოდში. ეს პიროვნების მიერ შეიძლება განიცდებოდეს, როგორც შინაგანი სიცარიელე, თითქოს რაღაც გაკლია, მაგრამ არ იცი, კონკრეტულად რა; გიჭირს საკუთარი საჭიროებების, მიზნების პრიორიტეტიზაცია; ფიქრობ, არ ხარ საკმარისად კარგი იმისთვის, რომ დაიმსახურო ზრუნვა და სიყვარული.

ასეთი ბავშვები შემდეგში არიან ზედმეტად თვითკრიტიკულნი, შესაძლოა, ახასიათებდეთ პერფექციონიზმის ნიშნებიც - იდეალურისკენ სწრაფვა იყოს საშუალება, მიიღონ საკმარისი დაფასება, სიყვარული და ემოციური უკუკავშირი. აქვთ დაბალი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა.

ასეთი ადამიანები მუდმივად ცდილობენ გარემოსგან აღიარების მოპოვებას, სურთ, რომ ყველგან და ყოველთვის იყვნენ მიღებულები, უყვარდეთ. თავს გრძნობენ უხერხულად, როდესაც სხვა საჯაროდ და ძლიერ გამოხატავს ემოციებს. უჭირთ სიღრმისეული ურთიერთობების აწყობა, აქვთ განცალკევებულობის შეგრძნება. ცდილობენ, იგრძნონ რაც შეიძლება ნაკლები ემოცია. უჭირთ საკუთარი ემოციების იდენტიფიცირება და ასევე გადაწყვეტილებების მიღება. უჭირთ დახმარების თხოვნა და მიღება.

- დაბოლოს, რა რჩევებს მისცემდით მშობლებს და არა მარტო მშობლებს, ვისაც უჭირს ემოციური კონტაქტი? როგორ უნდა იმუშავონ საკუთარ თავზე?

- პირველ რიგში, მისი მნიშვნელოვნება უნდა გაცნობიერდეს, რატომ არის ეს თემა დასამუშავებელი?
  • ემოცია არის ჩვენი ბიოლოგიის ნაწილი. მისი იგნორირებით შენ იგრძნობ, რომ ხარ იგნორირებული რაღაც დოზით.
  • ემოცია არის ყველა ურთიერთობის სუბსტანცია. ამის გარეშე ფაქტობრივად შენ ტოვებ სიამოვნების და დაკავშირებულობის მნიშვნელოვან წყაროს.
  • ემოციური ინტელექტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია წარმატებისთვის, ვიდრე ზოგადი ინტელექტი.
  • შენ ისევე ექცევი შენს შვილებს, როგორც შენ გექცეოდნენ, იქამდე, ვიდრე ცნობიერად არ მიხვდები და არ დაიწყებ ამ უნარების განვითარებას.
  • საკუთარ ემოციებთან კონტაქტის აღდგენა გრძელვადიანი პროცესია. პირველი ნაბიჯი საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმაა: „რას ვგრძნობ?“ „რისი მეშინია?“ „რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი?“ შესაძლოა, პასუხები არ მოგივიდეს თავიდანვე, მაგრამ პროცესი უკვე დაიწყება. შეგიძლია, აწარმოო ჟურნალი და დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოინიშნო საკუთარი ემოციები.
  • არასდროს გააკრიტიკო შენი თავი იმიტომ, რომ რაიმეს გრძნობ. ეს არის ის, რასაც შენ უკეთებ იმ გრძნობას, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. გააკრიტიკე შენი თავი მხოლოდ შენი ქმედებებისთვის და არა ემოციებისთვის.
  • გააკეთე შენი ყველაზე ღრმა სურვილების სია. როდესაც სიას დაასრულებ, აიღე ერთი რომელიმე სურვილი, რომელზეც იმუშავებ. დაისახე მიზნად ამ „მინდას“ შეძენა, მიღება. შემდეგ იპოვე მეგობარი - მასწავლებელი, რომელიც დაგეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
  • მიიღე სხვებისგან დახმარება.

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

5 რამ, რაც გაბრაზებულ ბავშვს მშობლისგან სჭირდება

5 რამ, რაც გაბრაზებულ ბავშვს მშობლისგან სჭირდება

ყველა მშობელს გამოუცდია უხერხულობის განცდა, როდესაც ბავშვი საჯარო სივრცეში ჭირვეულობას იწყებს, ბრაზდება, ყვირის, ნივთებს ისვრის და ყველაფერს აპროტესტებს. მშობლები ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ ამ დროს და ბავშვის დამშვიდებას ხშირად ამაოდ ცდილობენ. ჩვენს სტატიაში 5 რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც გაბრაზებული ბავშვის საჭიროებების დადგენაში დაგეხმარებათ.

1. იმ უნარების იდენტიფიცირება, რაც ბავშვს სუსტად აქვს განვითარებული

თუ ბავშვი წონასწორობიდან ხშირად გამოდის, ბრაზდება და მისი დამშვიდება არ გამოგდით, უნდა გაარკვიოთ, რომელი უნარები აქვს მას გასავითარებელი მოცემული პრობლემის დასაძლევად. თუ მასთან ერთად მაღაზიაში შედიხართ და მისი საყვარელი შოკოლადის მარაგები ამოწურულია, ბავშვი კი ამის გამო ისტერიკას აწყობს, ე.ი. მას იმედგაცრუებასთან გამკლავების უნარი არ აქვს და თქვენ ამ უნარის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. თუ ბავშვი მსგავს მოულოდნელობებს მშვიდად ხვდება, ე.ი. მას ეს უნარი სათანადოდ აქვს განვითარებული.

2. გადაუჭრელი პრობლემების იდენტიფიცირება

მას შემდეგ, რაც იმ უნარების იდენტიფიცირებას მოახდენთ, რომელიც ბავშვს უნდა განუვითაროთ, ჩამოწერეთ პრობლემები, რომლებიც თქვენს შვილს აქვს და რომელიც ჯერ კიდევ არ მოგიგვარებიათ. თუ ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარებას შეეცდებით, ვერცერთს ვერ მოაგვარებთ. თავდაპირველად 3 ყველაზე დიდი პრობლემა ჩამოწერეთ, რომელიც ყველაზე მეტ უსიამოვნებას იწვევს და ჩხუბისა და გაღიზიანების მიზეზი ხდება. შემდეგ კი ამ პრობლემების გადაჭრაზე იზრუნეთ.

3. ემპათია

ბავშვის შერცხვენა მხოლოდ აძლიერებს ბრაზს და აზიანებს მას ემოციურად. ჩვენ გვინდა ვაიძულოთ ბავშვი, რომ დაწყნარდეს, მაგრამ მსგავსი მიდგომა არ მუშაობს. გაბრაზებულ ბავშვს არ შეუძლია მსჯელობაში აგვყვეს. თუ ბავშვი იმის გამო განრისხდა, რომ მაღაზიაში მისი საყვარელი შოკოლადი არ აქვთ, უთხარით: „ვწუხვარ, რომ მათ არ აქვთ ის, რაც შენ გინდა. სამწუხაროა, როცა რაღაც გსურს და არ შეგიძლია მისი მიღება. შოკოლადი მეც ძალიან მიყვარს.“ თანაგრძნობა ეხმარება ბავშვს რაციონალური მსჯელობის დაწყებასა და დამშვიდებაში.

4. პრობლემის გადასაჭრელად ალტერნატიული გეგმა გამოიყენეთ

თუ თქვენი შვილი ხშირად ბრაზდება, ტრადიციული, ავტორიტარული მიდგომები მასთან არ გამოგადგებათ. პრობლემის მოგვარება ბავშვთან ერთად სცადეთ. ბავშვს გულწრფელად ესაუბრეთ მის პრობლემაზე. ჰკითხეთ, რატომ განრისხდა მაღაზიაში, როდესაც საყვარელი შოკოლადის მიღება ვერ შეძლო. ის აგიხსნით, რას განიცდიდა და რატომ ვერ გააკონტროლა ემოციები. ერთად შეიმუშავეთ სამომავლო გეგმა, როგორ შეიძლება მოიქცეთ მომავალში ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩენის შემთხვევაში.

5. იარლიყების გამოყენებისგან თავშეკავება

თუ ბავშვს რაიმე სახის ჩამორჩენა ან დიაგნოზი აქვს, დედის ამოცანას მისი უნარების განვითარება უნდა წარმოადგენდეს. ნუ გამოიყენებთ იარლიყებს მასთან ურთიერთობისას. ბავშვს შეხედეთ, როგორც პატარა ადამიანს, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას სწავლობს. საკუთარი თავი კი აღიქვით დედად, რომელიც მზად არის მას დაეხმაროს, რათა ყოველ მომდევნო დღეს ბავშვი უკეთესად მოიქცეს და სირთულეებთან გამკლავება წარმატებით შეძლოს.

წყარო: ​imom.com

წაიკითხეთ სრულად