Baby Bag

„ორ წლამდე ასაკის ბავშვმა მულტფილმებს არ უნდა უყუროს,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი „იმედის დღეში“ ბავშვის ფსიქიკაზე ანიმაციური ფილმების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„მულტფილმები მაყურებელში ბევრნაირ ემოციას იწვევს. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ საბავშვო ანიმაციურ ფილმებში იმაზე მეტი მთავარი პერსონაჟი იღუპება, ვიდრე ზრდასრულებისთვის განკუთვნილ დრამებში. როგორც ზღაპრებშია, როდესაც ბავშვს უკითხავენ, მან გარკვეული ტიპის ემოციები უნდა გაიაროს, ასევეა მულტფილმშიც. როდესაც პატარას დაჭერობანას ვეთამაშებით და ვეუბნებით: „მოვედი, მოვედი,“ ის შიშსაც განიცდის, თან უხარია, თან გიწვევს, რომ გაეკიდო, რადგან უნდა, რომ შეზავებული ემოციები ჰქონდეს. მულტფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ემოცია. რა თქმა უნდა, მე როგორ გადავიტან ამას, ეს ჩემს ტემპერამენტზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ მშობელი იყოს გვერდით. როდესაც მე ვეღარ ვუყურებ ანიმაციურ ფილმს, ამ დროს ზრდასრულმა უნდა მკითხოს, რა მოხდა, რატომ შევწყვიტე ყურება? როდესაც ამ თემებს გავივლით, ეს მეხმარება, რომ რეალურ ცხოვრებაში რაღაცებს უფრო მარტივად გავუმკლავდე.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, თანამედროვე ბავშვებს ძველი ქართული ანიმაციური ფილმები ნაკლებად იზიდავთ:

„ძველ ქართულ ანიმაციურ ფილმებს არ აქვს ის მკვეთრი ფერები, რომლებიც ახლა ბავშვებს იზიდავთ. ამას გარდა, ბავშვები ისეთ მულტფილმებს უყურებენ, რომლებსაც მათი თანატოლები ანიჭებენ უპირატესობას. როდესაც ბაღში მეგობარს ჰყავს რომელიმე საყვარელი პერსონაჟი, ბავშვს უჩნდება სურვილი, რომ მანაც ნახოს ის მულტფილმი, რომელსაც მისი მეგობარი უყურებს. ჩემი აზრით, ქართული მულტფილმი უფრო ნელა მიმდინარე პროცესია, მას აკლია ის დინამიკა, რომელიც თანამედროვე მულტფილმებს აქვთ.“

„ანიმაციური ფილმების ფერები მომხიბვლელია, ბავშვი ეკრანს ეჯაჭვება. მულტფილმის ყურებისას თავის ტვინის ნეირონების აღგზნება ხდება, პატარა ასაკის ბავშვის ტვინი არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ ასეთი ჭარბი დოზით აღგზნებას გაუძლოს. როდესაც პატარა ბავშვი მულტფილმს უყურებს, მას უჭირს დაძინება, დაძაბულია, მთელი სხეული ეჭიმება. ორ წლამდე ასაკის ბავშვი მულტფილმის სიუჟეტს ვერ იგებს. ის ანიმაციურ ფილმს აღიქვამს, როგორც ფერებს, ხმებს, კადრების ცვლილებას, მაგრამ შეუძლებელია, რომ მან დაიწყოს მულტფილმის ყურება და ბოლომდე მიჰყვეს,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სითხე დედამ ბავშვს უნდა უანგარიშოს ასე: 40 მილილიტრი კილოგრამ წონაზე,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

„სითხე დედამ ბავშვს უნდა უანგარიშოს ასე: 40 მილილიტრი კილოგრამ წონაზე,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

​​პედიატრმა ქეთი ნემსაძემ მოზარდების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, ბავშვს წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაუკეთდეს:

„წელიწადში ერთხელ მოზარდ ბავშვს უნდა გაუკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, სასურველია C -რეაქტიული ცილა. ეს უნდა გაკეთდეს მიუხედავად ჩივილებისა. თუ ეს ყველაფერი ნორმაშია 37.5-მდე ტემპერატურის აწევა არ ითვლება პათოლოგიად. მნიშვნელობა აქვს ტემპერატურა იწვევს თუ არა რაიმე სიმპტომატიკას ბავშვში. მშობელმა ბავშვს მეტი სითხე უნდა მისცეს საღამოს და გაითვალისწინოს სწორ კვებასთან დაკავშირებული რჩევები.“

ქეთი ნემსაძის თქმით, მოზარდის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„მოზარდის კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვმა უნდა მიიღოს ბევრი ესტროგენის შემცველი პროდუქტი. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია კვების პირამიდით, ​სადაც ბოლოში ადრე იყო პურეული, ახლა არის წყალი.“

„სითხე დედამ ბავშვს უნდა უანგარიშოს ასე: 40 მილილიტრი კილოგრამ წონაზე.​ ეს მან წყლის სახით უნდა დალიოს. არავითარ შემთხვევაში მოზარდებისთვის არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელი, რომელიც არის ხელოვნური კოფეინი, დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. მშობელმა უნდა გააკონტროლოს ბავშვის დღის რეჟიმი,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად