Baby Bag

„ორ წლამდე ასაკის ბავშვმა მულტფილმებს არ უნდა უყუროს,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი „იმედის დღეში“ ბავშვის ფსიქიკაზე ანიმაციური ფილმების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„მულტფილმები მაყურებელში ბევრნაირ ემოციას იწვევს. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ საბავშვო ანიმაციურ ფილმებში იმაზე მეტი მთავარი პერსონაჟი იღუპება, ვიდრე ზრდასრულებისთვის განკუთვნილ დრამებში. როგორც ზღაპრებშია, როდესაც ბავშვს უკითხავენ, მან გარკვეული ტიპის ემოციები უნდა გაიაროს, ასევეა მულტფილმშიც. როდესაც პატარას დაჭერობანას ვეთამაშებით და ვეუბნებით: „მოვედი, მოვედი,“ ის შიშსაც განიცდის, თან უხარია, თან გიწვევს, რომ გაეკიდო, რადგან უნდა, რომ შეზავებული ემოციები ჰქონდეს. მულტფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ემოცია. რა თქმა უნდა, მე როგორ გადავიტან ამას, ეს ჩემს ტემპერამენტზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ მშობელი იყოს გვერდით. როდესაც მე ვეღარ ვუყურებ ანიმაციურ ფილმს, ამ დროს ზრდასრულმა უნდა მკითხოს, რა მოხდა, რატომ შევწყვიტე ყურება? როდესაც ამ თემებს გავივლით, ეს მეხმარება, რომ რეალურ ცხოვრებაში რაღაცებს უფრო მარტივად გავუმკლავდე.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, თანამედროვე ბავშვებს ძველი ქართული ანიმაციური ფილმები ნაკლებად იზიდავთ:

„ძველ ქართულ ანიმაციურ ფილმებს არ აქვს ის მკვეთრი ფერები, რომლებიც ახლა ბავშვებს იზიდავთ. ამას გარდა, ბავშვები ისეთ მულტფილმებს უყურებენ, რომლებსაც მათი თანატოლები ანიჭებენ უპირატესობას. როდესაც ბაღში მეგობარს ჰყავს რომელიმე საყვარელი პერსონაჟი, ბავშვს უჩნდება სურვილი, რომ მანაც ნახოს ის მულტფილმი, რომელსაც მისი მეგობარი უყურებს. ჩემი აზრით, ქართული მულტფილმი უფრო ნელა მიმდინარე პროცესია, მას აკლია ის დინამიკა, რომელიც თანამედროვე მულტფილმებს აქვთ.“

„ანიმაციური ფილმების ფერები მომხიბვლელია, ბავშვი ეკრანს ეჯაჭვება. მულტფილმის ყურებისას თავის ტვინის ნეირონების აღგზნება ხდება, პატარა ასაკის ბავშვის ტვინი არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ ასეთი ჭარბი დოზით აღგზნებას გაუძლოს. როდესაც პატარა ბავშვი მულტფილმს უყურებს, მას უჭირს დაძინება, დაძაბულია, მთელი სხეული ეჭიმება. ორ წლამდე ასაკის ბავშვი მულტფილმის სიუჟეტს ვერ იგებს. ის ანიმაციურ ფილმს აღიქვამს, როგორც ფერებს, ხმებს, კადრების ცვლილებას, მაგრამ შეუძლებელია, რომ მან დაიწყოს მულტფილმის ყურება და ბოლომდე მიჰყვეს,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქეითი და უილიამსი უპირატესობას ბავშვებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარებას ანიჭებენ

ქეითი და უილიამსი უპირატესობას ბავშვებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარებას ანიჭებენ

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ჩვეულებრივი მშობლები არიან. ქეითს და უილიამს ფუფუნებით ტკბობისა და შვილებზე ზრუნვისგან გათავისუფლების შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ, თუმცა ისინი უპირატესობას ბავშვებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარებას ანიჭებენ. წყვილი თავიანთი აღმზრდელობითი ტექნიკების საჯაროდ ჩვენებას არასდროს ერიდება. ყველამ კარგად იცის, რომ ქეითი და უილიამი ბუნებასთან ურთიერთობას ძალიან დიდ დროს უთმობენ და ცდილობენ შვილებთან ერთად სუფთა ჰაერზე ხშირად გაისეირნონ. პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუის ბუნება ძალიან უყვართ.

ქეითი და უილიამი შვილებთან ერთად ნორფოლკში მდებარე ერთ-ერთ ფერმას ესტუმრნენ. პატარები სოფლის ცხოვრებით მარტივად მოიხიბლნენ. პრინც უილიამის თქმით, ბავშვებს ძალიან მოეწონათ ბატკნების სადგომში ყოფნა. კემბრიჯის ჰერცოგმა მეგობრებს გაუმხილა, რომ შარლოტას ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდა, ჯორჯი ფერმით ადვილად აღფრთოვანდა, პატარა ლუი კი ყველაზე მეტად ტრაქტორებით მოიხიბლა. პრინცი უილიამი ცდილობს შვილებს ფერმის უბრალო ყოფის ხიბლი აჩვენოს. კემბრიჯის ჰერცოგის თქმით, ბავშვები კარგად უნდა იცნობდნენ როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ცხოვრებასაც. როგორც აღმოჩნდა, პატარებს ყველაზე მეტად მაინც ბატკნების გამოკვების პროცესი მოეწონათ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ბავშვების ბუნებაში გაყვანა ქეით მიდლტონსაც ძალიან უყვარს. კემბრიჯის ჰერცოგინია ცდილობს შვილებს ბუნების მშვენიერება ადრეული ასაკიდანვე დაანახოს. ცოტა ხნის წინ საჯაროდ გავრცელდა პრინცესა შარლოტას ბუნებაში გადაღებული ფოტო, რომელშიც ის ყვავილს ყნოსავს. ქეითის თქმით, მას უბრალო და ყოველდღიური მოვლენებისგან უდიდესი სიამოვნების მიღება შეუძლია. კემბრიჯის ჰერცოგინია ფერმაში ვიზიტითაც ძალიან მოიხიბლა.

„პრინცესა შარლოტას ფოტო, რომელშიც ის მაჩიტელებს ყნოსავს, ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. მე ამგვარ წუთებს არასდროს ვივიწყებ. ყოველდღიურაც ვცდილობ, რომ ბავშვებს ასეთი მოგონებები ვაჩუქო, თუნდაც ამისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდეს. იდეალურ სამყაროში მე სწორედ ასეთ ცხოვრებას ვისურვებდი. ერთი შეხედვით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებას მთლიანად ცვლიან. “ - განაცხადა ქეითმა.

სამეფო ოჯახის ფერმაში ვიზიტი სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, რადგან ქეითი და უილიამი წლების მანძილზე მყარად ინარჩუნებენ იმ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელთა მიხედვითაც შვილებს ზრდიან.

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბავშვობაში თამაშითა და გართობით ნაკლებად განებივრებულები იყვნენ, რის გამოც ისინი აქტიურად ცდილობენ ბავშვებს თამაშის, წარმოსახვის გამდიდრების და ბუნებაში დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ხშირად მისცენ. ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ძიძას პატარები ყოველდღიურად გაჰყავს გარეთ. აღნიშნულ წესს ის არც ზამთარში არღვევს. თბილ დღეებში ქეითისა და უილიამის შვილები ბუნებაში თამაშით აქტიურად კავდებიან. პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუის ფერმაში ყოფნა იმდენად მოეწონათ, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული პრაქტიკა მალე რეგულარულ ხასიათს მიიღებს. სამეფო ოჯახის გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ზაფხულში ქეითი და უილიამი ბავშვებთან ერთად ფერმას კიდევ არაერთხელ მოინახულებენ. 

მომზადებულია cheatsheet.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად