Baby Bag

„შეზღუდვა ეს არის სტრესორების კასკადი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე“ - ბავშვთა ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი

ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვის ფსიქიკაზე შეზღუდვების მავნე ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„იმისთვის, რომ ბავშვს ჯანმრთელი ფსიქიკა ჰქონდეს, აუცილებელია, რომ შეზღუდვა, რომელსაც მას საზოგადოება, ოჯახი ან მისი პირადი პრობლემები უწესებს, არ იყოს გრძელვადიანი და იმდენად მძიმე, რომ ბავშვისთვის ადაპტაციის დარღვევები გამოიწვიოს. დღევანდელობასთან რომ გავავლოთ პარალელი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა ზრდასრულ ადამიანებზე. ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ მოგვემატა შფოთვა, გაღიზიანებადობა. ბავშვები კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში არიან, ვიდრე ჩვენ. გუშინდელი ბაღში მისვლა, სკოლაში სიარული, ემოციების ვენტილაცია, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა თანატოლებთან, მას სრულად შეეზღუდა. შესაბამისად, გარკვეული კლინიკური, ტრანზიტორული ნიშნები, რომლებიც ბავშვებში გვხვდება ამ ყველაფერზე ადეკვატურ რეაგირებად უნდა ჩავთვალოთ.“

მედეა ზირაქაშვილმა პანდემიის დროს დაწესებული გრძელვადიანი შეზღუდვების ნეგატიურ მხარეებზეც ისაუბრა:

„შეზღუდვა ეს არის სტრესორების კასკადი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ჭრილში განვიხილოთ ამ სტრესორების ზემოქმედება. საზოგადოება და სოციუმი აბსოლუტურად სხვა შეზღუდვებს უწესებს ბავშვს, ოჯახს თავისი შეზღუდვები აქვს, ხოლო საკუთარი შინაგანი ნიშნები მას აბსოლუტურად განსხვავებულ შეზღუდვებს უწესებს. აუცილებლად უნდა შევეხო პანდემიის დროს სკოლებისა და ბაღების დახურვის საკითხს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება მოჰყვა. ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტილება არ ვიცით საბოლოო ჯამში რამდენად სწორი იყო. თუ ამბობდნენ, რომ ბავშვები არიან ვირუსის აქტიური გამავრცელებლები და ისინი საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე ზრდასრულ ადამიანებსაც, აღმოჩნდა, რომ დღეს ბავშვები არცთუ ისე აქტიური გამავრცელებლები არიან. მეცნიერები ბევრს კამათობენ, თუ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული და გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს ბავშვებში. გარდა იმისა, რომ სკოლებისა და ბაღების დახურვა ზღუდავს ბავშვების აკადემიურ უნარებს, მათ ეზღუდებათ ყველა მნიშვნელოვანი უნარი, ეს არის სოციალური ფუნქციონირება. სოციალური უნარების განვითარება უნდა მოხდეს იმ ასაკობრივ სოციუმში, რომელშიც ბავშვს უხდება ყოველდღიური ყოფა. მისი შესამაბისი ასაკობრივი სოციუმი არის სკოლისა და ბაღის გარემოში.“

„გარდა იმისა, რომ აკადემიური თვალსაზრისით სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი მომავალი თაობა, მას დიდი პრობლემები ექმნება სოციალური განვითარების თვალსაზრისით. სკოლა ეს არის გარემო, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს ბავშვებთან და ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობა, თამაში. პედაგოგმა ბავშვს პირველად უნდა დაუწესოს ყველაზე სერიოზული შეზღუდვები, როგორებიცაა: ყურადღების კონცენტრაცია, კლასში ჯდომა, რიგის დაცვა, აქტიურად მოსმენა, კომპრომისზე წასვლა. ეს ყოველივე კი ბავშვთან პირისპირ ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა მედეა ზირაქაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს დღისით ყველას უნდა ეძინებოდეს... ძალით ვერ დააძინებ ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

„არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს დღისით ყველას უნდა ეძინებოდეს... ძალით ვერ დააძინებ ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ძილის რეჟიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც დღისით არ იძინებენ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს:

„დღისით ვიღაც ბავშვები არ იძინებენ. არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს ყველას უნდა ეძინებოდეს, ან არ ეძინებოდეს. ძალით ვერ დააძინებ და ვერ გააღვიძებ. თუ ხედავთ, რომ ბავშვი ხვანცალებს, არ უნდა და არ იძინებს, ვანებებთ თავს. თუ გაძლო 10 საათამდე, არ არის პრობლემა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვმა ძილის თვითშებრუნება უნდა ისწავლოს:

„ბავშვმა ძილის თვითშებრუნება უნდა ისწავლოს. როგორც წესი, ბავშვები იღვიძებენ წყალზე. ვიღაცას ჩვევა აქვს, რომ მაწონი უნდა შეჭამოს ან რძე უნდა დალიოს. სხვანაირად ვერ იძინებს ბავშვი. ეს იმიტომ ხდება, რომ​ უსაფრთხოების განცდა არ აქვს ბავშვს. ისევ მივდივართ შფოთვასთან. რაც უფრო მაღალი აქვს ბავშვს შფოთვა, ეს კავშირშია ძილის პრობლემასთან.“

„ბავშვი ჩვენი ოთახიდან გარეთ გაგდებული არ უნდა გვყავდეს. ის ჯერ ჩვენს ოთახში უნდა იყოს და მერე ნელ-ნელა გადავიდეს თავის ოთახში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად