Baby Bag

„ბავშვის გაჩენას როდის აპირებთ? ქორწილი რა დაგიჯდათ?“ - კითხვები, რომლებიც ახალდაქორწინებულ წყვილს არ უნდა დაუსვათ

„ბავშვის გაჩენას როდის აპირებთ? ქორწილი რა დაგიჯდათ?“ - კითხვები, რომლებიც ახალდაქორწინებულ წყვილს არ უნდა დაუსვათ

დაოჯახებას თუ გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ, რომ გარშემომყოფები კითხვებით ძალიან შეგაწუხებენ. ზოგიერთი მათგანი კი ზედმეტად ინტიმური და პირადი კითხვის დასმასაც არ მოერიდება. ახალდაოჯახებულ წყვილებს ადამიანები ხშირად ძალიან არაკორექტული შეკითხვებით აბეზრებენ თავს. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი დაქორწინდება, ქვემოთ დასახელებული კითხვები მას არასდროს დაუსვათ.

როგორ ჩაიარა თაფლობის თვემ?

თუ თქვენი ახლო მეგობარი დაინტერესდება, მოგზაურობის დროს ყველაზე მეტად რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება, ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. თუ ადამიანები მეტისმეტად პირადულ კითხვებს სვამენ, თვალს გიკრავენ და ღიმილიანი სახით ცდილობენ ინტიმურ თემებზე მიგანიშნონ, თავს უხერხულად იგრძნობთ და არ გესიამოვნებათ. სწორედ ამიტომ, ახალდაქორწინებულ წყვილებს მსგავსი ტიპის კითხვებით თავი არ უნდა მოაბეზროთ.

როგორ მოგწონთ ახალი ცხოვრება?

როდესაც ახალდაქორწინებულ ადამიანს მსგავს კითხვას უსვამთ, მას მიანიშნებთ, რომ მის ცხოვრებაში აღარაფერია ისე, როგორც ადრე იყო. შესაძლოა, ბევრი რამ მართლაც შეიცვალა, მაგრამ ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ ცხოვრება ერთმანეთისგან არ უნდა გამიჯნოთ. შესაძლოა, თქვენს ახლობელს ან მეგობარს თქვენი კითხვის პათოსი არ მოეწონოს.

აპირებ თუ არა გვარის შეცვლას?

ახალდაქორწინებული ქალბატონისთვის მსგავსი კითხვის დასმა ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამომხატველია. როგორც წესი, თანამედროვე წყვილები ტრადიციულ წესებზე უარს ამბობენ და მეუღლის გვარზე გადასვლა ბევრისთვის მოძველებულ წესად ითვლება. თუ თქვენ მეტისმეტად შორს შეტოპავთ და მეგობარს ჰკითხავთ, როდის აპირებს ის გვარის შეცვლას, შესაძლოა, მან ეს ზეწოლად ან მეტისმეტად თამამ ქცევად აღიქვას.

ბავშვის გაჩენას როდის აპირებთ?

ყველაზე ხშირად ახალდაქორწინებულ წყვილებს სწორედ ამ კითხვას უსვამენ, რაც ძალიან არაკორექტული და მომაბეზრებელია. მსგავსი კითხვა თქვენს ნაცნობს ან ახლობელს არასდროს დაუსვათ, თუნდაც ეს ძალიან გაინტერესებდეთ. შესაძლოა, წყვილს შვილის გაჩენა გარკვეულ ვადამდე არ სურდეს, ან პირიქით, ისინი ძალიან ცდილობდნენ, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ თავიანთი სურვილის ასრულებას. ფრთხილად იყავით, რომ თქვენი დაუფიქრებელი კითხვით ადამიანს გული არ ატკინოთ.

ქორწილი რა დაგიჯდათ?

თუ ახალდაქორწინებულ წყვილთან მეგობრობა გაკავშირებთ და ისინი ფინანსურ საკითხებზე თქვენთან გულახდილად საუბარს არ ერიდებიან, ამ კითხვის დასმა თამამად შეგიძლიათ, მაგრამ თუ წყვილისთვის ახლობელი ადამიანი არ ხართ, მსგავსი შეკითხვის დასმა მათ უტაქტობად მოეჩვენებათ, სავსებით სამართლიანადაც!

მართალია, რომ ქორწინება სექსუალურ ცხოვრებას ანადგურებს?

წყვილის სექსუალურ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. მსგავსი კითხვები ძალიან უადგილო და არაკორექტულია. არსებობს სტერეოტიპი, რომ ცოლ-ქმარს უინტერესო და მოსაწყენი სექსუალური ცხოვრება აქვს, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. ადამიანებს მსგავსი ნეგატიური მინიშნებებით განწყობას ნუ გაუფუჭებთ.

ქორწინების შემდეგ ყველაფერი რთულდება და უარესდება?

მარტოსულ ადამიანებს ოჯახის შექმნა ხშირად ნამდვილ კოშმარად ესახებათ, რის გამოც ისინი წყვილებს ნეგატიური კითხვებით თავს აბეზრებენ. თუ თქვენს ახალდაქორწინებულ მეგობარს მსგავს კითხვას დაუსვამთ, ერთადერთი ნამდვილად არ იქნებით. როდესაც ოჯახური ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი იცით, უმჯობესია, მსგავსი აბსურდული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოთ.

მომზადებულია Easyweddings.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელი 3-4 თვის ბავშვს ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს, რის გამოც ვითარდება გარკვეული პრობლემები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მშობელი 3-4 თვის ბავშვს ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს, რის გამოც ვითარდება გარკვეული პრობლემები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში გაჯეტდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ მშობლები შვილებს ჩვილობის ასაკიდან აჩვევენ ეკრანთან ურთიერთობას:

„რაც შეეხება ეკრანდამოკიდებულებას, ეს მართლაც პრობლემაა. ჩემთან ბავშვი მოჰყავთ ორი თვის ასაკში და ის სამწუხაროდ, გაჯეტდამოკიდებულია. ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს მშობელი სამი თვის ასაკში, ოთხი თვის ასაკში. უფრო მეტად ხმოვანი გამღიზიანებლების შედეგად ვითარდება გარკვეული პრობლემები. მხედველობის ზედმეტი სტიმულაციის შედეგად, ვითარდება ძილის ჰორმონის, მელატონინის სინთეზის დაქვეითება. ბავშვი არის აღგზნებული, როგორც წესი, არ იძინებს. შემდეგ მოგვმართავენ როგორც ნევროლოგიური აღგზნებადობის ჩივილებით, ასევე სხვადასხვა პრობლემით.“

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ 4-5 თვის ასაკიდან მშობელმა სამწინადადებიანი, ხუთწინადადებიანი სამეტყველო პატარა მოთხრობა ან ზღაპარი წაუკითხოს ბავშვს და ეს აუცილებელია,“- აღნიშნულ საკითხზე პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად