Baby Bag

„სტიგმაა, მაგალითად, მსჯელობა, რომ მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს, როგორ გეკადრებათ, ჩემი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვის თავისუფლებას ვეხები“ - ფსიქოლოგი

ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი სტიგმებთან ბრძოლას თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს:

„ძალიან მნიშვნელოვანია სტიგმებთან ბრძოლა. სტიგმა არ ეხება მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სტიგმაა მაგ. მსჯელობა, რომ მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს, როგორ გეკადრებათ, ჩემი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვის თავისუფლებას ვეხები. როდესაც სახელმწიფო გიზღუდავს რაღაცას, ამ შემთხვევაში ადამიანი პროტესტანტია. ეს კარგად აჩვენა 23-ში დილის პირველი საათისთვის განვითარებულმა მოვლენებმა, რაც წინასწარაც ვიცოდი. ერთ-ერთ ჩაწერაზე ვთქვი, რომ მოველოდი სერიოზულ ეიფორიას. ამდენი ხანი შეზღუდული ქართული მოსახლეობისგან, მთელი თავისი წარმოდგენებით და გარკვეული კომპლექსებით (გარდა იმისა, რომ გვაქვს ბევრი დადებითი, კომპლექსებიც ძალიან ბევრი გვაქვს), მე მოველოდი მსგავსი ტიპის ეიფორიულ მდგომარეობას. მჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დროს გარეთ იყვნენ, არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ვირუსი არ არსებობს, ისინი მიესალმნენ შეზღუდვების მოხსნას.“

ქალბატონი ნინო იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანებმა იზოლაციის პირობებში ბევრი რამ ისწავლეს:

„იმედი მაქვს, რომ ამ ორთვე-ნახევარმა ადამიანებს ასწავლა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება, რომ ამ ორმა თვემ ადამიანებს ასწავლა პირად და სხვათა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თავშეყრის ადგილებში დისტანციას თუ ვერ ვიცავთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია გავიკეთოთ ნიღაბი. დავიცვათ ასეთი ტიპის შეზღუდვები, დავიბანოთ ხელები, მაგრამ არა გადაჭარბებით. ეს უნდა დავიმახსოვროთ ჩვენი გამოცდილებიდან, რაც ახალ სამყაროში ცხოვრებას შეუწყობს ხელს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად