Baby Bag

სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას - ჯანმოს რეკომენდაციები

სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას - ჯანმოს რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსის პირობებში ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.):

1. დაეხმარეთ ბავშვებს, მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

2. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეოზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომუნიკაციის ფორმატი (მაგ, სოციალური მედია).

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

3. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, ჰქონდეს ურთიერთობა და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.

4. სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა, შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სახლში რომ მოხვალ, ხელში აიყვანე ცოლი, მოეფერე, კაცი არ ხარ?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას,“ - შალვა ამონაშვილი

„სახლში რომ მოხვალ, ხელში აიყვანე ცოლი, მოეფერე, კაცი არ ხარ?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მამებს შვილებთან და მეუღლეებთან ურთიერთობის შესახებ საინტერესო რჩევები მისცა:

„მამებო, თუ პატარა ბავშვები გყავთ, სამუშაოდან ცოტა ადრე დაბრუნდით, სირბილით მოდით სახლში. მამა რომ სახლში შემოვა, ოჯახის ცხოვრება უნდა შეიცვალოს. რაღაც მოხდა, ძალა მოვიდა სხვანაირი. მამამ რომანტიკა მოიტანა, ხალისი მოიტანა, დედამ რომ აუკრძალა, მამამ დართო ნება. ესეც აღზრდაა. ხანდახან დედამ უნდა თქვას: „არა!“ მამამ უნდა თქვას: „მოდი რა, ეს ერთი იყოს ასე.“ მამა რომ მოვა, ხმაური უნდა იყოს ოჯახში. მამა რომ მოვა, თამაში უნდა გაიმართოს ოჯახში.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ​მამა, პირველ რიგში, ბავშვის მეგობარი უნდა იყოს:

„12 წლის ბიჭი თუ გყავს, მამიკო, ეს ხომ მთელი სიტკბოა ცხოვრებისა. ის კი არ უნდა უთხრას მამამ შვილს: „აბა გაკვეთილები ჩამაბარე!“ რას ჰქვია, გაკვეთილები ჩამაბარე?! სკოლაში არ ჰყოფნის გაკვეთილების ჩაბარება და კონტროლი, რომ სახლშიც მამა მასწავლებელი არ გაუხდეს?! მამა მამა იყოს. დაურეკე შვილს, რომელიც 9 წლისაა უკვე: „შვილო, მოვალ და დააწყვე ჭადრაკი, თუ არ მეთამაშე, გადავირევი.“ ასეთი მამა იცით რა ნატვრაა?!“

„მამა ძალიან დიდი ძალაა აღზრდაში. რომ მოხვალ სახლში, ცოლს მოეფერე, ცოლს აკოცე, დაგინახოს ბავშვმა. ხელში აიყვანე ცოლი, კაცი არ ხარ, კაცო?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას, როგორ ეალერსება. რა მოხდა, რომ გზაზე გამოიარო და ერთი ვარდი მოუტანო კვირაში ერთხელ მაინც შენს ცოლს?! სახლიდან გასვლის წინ შვილს უთხრას: „ჩემო ბიჭო, მე დღეს არ ვიქნები და დედას გაბარებ, მოუარე. მერე დაგირეკავ კიდევ და გავიგებ, რამე ხომ არ უჭირს მას.“ შვილს ჩავაბარებ დედას. აი, ეს არის მამა!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად