Baby Bag

რატომ არ უსმენენ თინეიჯერები მშობლებს?

რატომ არ უსმენენ თინეიჯერები მშობლებს?

თინეიჯერებს მშობლებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება უჭირთ. ისინი უფროსებს დახმარების თხოვნით ხშირად მიმართავენ, არც საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან, თუმცა, როგორც წესი, მშობლების მიერ შეთავაზებული პრობლემის მოგვარების გზები მათთვის მიუღებელი, არაადეკვატური და გამაღიზიანებელია. ეს ყოველივე თინეიჯერების იმედგაცრუებას იწვევს, რის გამოც მათსა და მშობლებს შორის ურთიერთობა იძაბება. რატომ უჭირთ უფროსებს მოზარდების სურვილებისა და ინტერესების ამოცნობა და რატომ ვერ ახერხებენ ისინი შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას? საქმე იმაშია, რომ თინეიჯერები მშობლებისგან ვერასდროს იღებენ იმას, რაც სურთ. უფროსები ვერ ხვდებიან, რის მიღწევას ცდილობენ მათი შვილები ან რა მოლოდინები აქვთ მათ, როდესაც მშობლებს დახმარების თხოვნით მიმართავენ, რასაც ურთიერთობაში დაძაბულობა და უნდობლობა შემოაქვს.

თინეიჯერები საკუთარი ხმის ანარეკლს ეძებენ

თინეიჯერები, ისევე როგორც მოზრდილი ადამიანები, მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ საუბრით სტრესისგან გათავისუფლებას ახერხებენ. ფსიქოლოგები ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავე აფორიზმს: „პრობლემების გარეთ გამოტანა უდიდესი შვების მომტანია. პრობლემის მასშტაბს მნიშვნელობა არ აქვს. სხვებისთვის მისი გაზიარება ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა.“

თინეიჯერი შვილი საკუთარი პრობლემების შესახებ თუ გესაუბრებათ, არ იფიქროთ, რომ მას თქვენი რჩევების მოსმენა სურს. მოზარდს თავისი საზრუნავისა და სატკივარისგან გათავისუფლების უფლება უნდა მისცეთ. თინეიჯერები ცდილობენ შემაწუხებელი აზრებისგან და ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლდნენ. როდესაც ისინი საკუთარი პრობლემების შესახებ ხმამაღლა საუბარს იწყებენ, გონებაში გაფანტული აზრების დალაგება უმარტივდებათ. თინეიჯერები მშობლებთან საუბრის დროს უკეთ აცნობიერებენ, თუ რა აწუხებთ და რისი შეცვლა სურთ. პრობლემების ვერბალურად ჩამოყალიბების შემდეგ ისინი მათ მოგვარებას გაცილებით ეფექტურად ახერხებენ. უფროსებმა თინეიჯერებს აუცილებლად უნდა შეუქმნან ისეთი გარემო, რომელშიც ისინი თავს თავისუფლად იგრძნობენ. როდესაც თინეიჯერები საკუთარი პრობლემების შესახებ გესაუბრებიან, მათ ბოლომდე ყურადღებით და ჩუმად უნდა უსმინოთ. არასდროს შეაწყვეტინოთ მოზარდს საუბარი. თავი შეიკავეთ თქვენი მოსაზრებების გამოთქმისგან.

თინეიჯერებს ემპათია ესაჭიროებათ

თინეიჯერების პრობლემების დიდი ნაწილი მარტივად ვერ გადაიჭრება. მშობლები მათი გატეხილი გულების გამთელებას ვერ შეძლებენ, ვერც სოციალური დრამებისგან დაიცავენ საკუთარ შვილებს და ვერც გამოცდების გადადებას მოახერხებენ. მთავარია, მოზარდმა იგრძნოს, რომ ის პრობლემების წინაშე მარტო არ არის და მშობლების თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეს.

თინეიჯერები, როგორც წესი, საკუთარ პრობლემებს მხოლოდ თანატოლებს უზიარებენ. მშობლებთან გულახდილი საუბრის შემთხვევაში, მათ რჩევა-დარიგების და კრიტიკის მოსმენის სურვილი არ აქვთ. თქვენს თინეიჯერ შვილს აუცილებლად უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი გესმით და მის სატკივარს იზიარებთ. თუ მოზარდი თავისი პრობლემების შესახებ გულახდილად გესაუბრებათ, აუცილებლად მიმართეთ მას შემდეგი კითხვით: „გინდა, რომ შენ გვერდით ვიყო, ან იქნებ მარტო ყოფნა გირჩევნია?“ თუ შვილის დახმარება გინდათ, აუცილებლად ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ მისი დახმარება. მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მისთვის ყველაფერს გააკეთებთ, მაგრამ მხოლოდ მისი თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში.

თინეიჯერებს მეტი თავდაჯერების მოპოვება სჭირდებათ

მართალია, მშობლებს შვილებთან საუბრისას საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის სურვილი აქვთ, მაგრამ მოზარდებთან ფრთხილი მოპყრობა აუცილებელია. თუ თქვენს თინეიჯერ შვილს პრობლემის მოგვარების საკუთარ მეთოდებს და საშუალებებს შესთავაზებთ, მისი თავდაჯერება მნიშვნელოვნად მოიკლებს. მოზარდი იფიქრებს, რომ მას სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარი არ აქვს. თქვენი მოსაზრებების დაფიქსირებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ. თქვენს შვილს აუცილებლად უთხარით, რომ მას ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია, რომ მას ადრეც დაუღწევია თავი სირთულეებისთვის და ამას ახლაც მოახერხებს. მოზარდმა თავი ძლიერ და მამაც ადამიანად უნდა იგრძნოს.

თქვენი შვილი პრობლემის მოგვარების მისეულ გზებზე თუ გესაუბრებათ, მას თქვენი მხარდაჭერის და აღიარების იმედი აქვს. თინეიჯერს სურს დარწმუნდეს, რომ მისი გადაწყვეტილება სწორია და რომ ის კარგად მოიქცა. არასდროს გააკრიტიკოთ მოზარდი, როდესაც ის პრობლემების მოგვარებას ცდილობს. თინეიჯერები ადვილად მოწყვლადები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ განცდებსა და სატკივარზე გულახდილად საუბარს იწყებენ. არასდროს ესაუბროთ თინეიჯერს ნიშნისმოგებით, არ აგრძნობინოთ თავი დამნაშავედ ან წინდაუხედავად.

თინეიჯერებს იდეები ესაჭიროებათ და არა ინსტრუქციები

თინეიჯერებს მშობლებისგან მხარდაჭერა, მოსმენა და ემპათია სჭირდებათ. თუ თქვენს შვილს ყურადღებით მოუსმინეთ, მხარდაჭერა გამოუცხადეთ და თანაგრძნობითაც მოეპყარით, მაგრამ ის კვლავ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაშია, შეგიძლიათ მას მეგობრული რჩევა მისცეთ. პირველ რიგში, ჰკითხეთ მოზარდს, უნდა თუ არა მას თქვენგან დახმარების მიღება. უპირველეს ყოვლისა, თქვენს შვილთან ერთად განსაზღვრეთ ის საჭიროებები, რომლებიც მისი პრობლემის გადასაჭრელად აუცილებლად მიგაჩნიათ. შემდეგ კი ის დაბრკოლებები გამოააშკარავეთ, რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია.

თქვენი შვილის პრობლემის გადაჭრის მცდელობისას აუცილებელია, რომ მასთან ერთად იმოქმედოთ და არა მის ნაცვლად. შესაძლოა, თქვენ ფიქრობდეთ, რომ ძალიან კარგად გესმით, რა სჭირდება მოზარდს, მაგრამ მისი ნებართვის გარეშე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას არ გირჩევთ. თუ თქვენს შვილს რჩევებითა და დარიგებებით თავს მოაბეზრდებთ, ის გადაწყვეტს, რომ მის საუბარს ყურადღებით არ უსმენდით. მოზარდი ჩათვლის, რომ მისი პრობლემები თქვენთვის საინტერესო არ არის. გახსოვდეთ, რომ თინეიჯერებს თქვენგან ყველაზე მეტად მოსმენა და თანაგრძნობა სჭირდებათ. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


მომზადებულია​ ​nytimes.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

„ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ ბავშვის ფსიქიკაზე მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ზეგავლენაზე ისაუბრა:

„მთავარია გულწრფელი ვიყოთ ჩვენს ემოციაში და ის ბავშვს არ დავუმალოთ. ზოგჯერ გვგონია, რომ ბავშვს არ ესმის ჩვენი კონფლიქტი, გადაღლა და არ ვაქცევთ ყურადღებას. ბავშვი ძალიან მარტივად აღიქვამს იმ იმპულსებს, რაც ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. მასთან ერთად არ უნდა ვიყვიროთ, თუმცა, ის, რომ ახლა გაღიზიანებული ვარ, ეს უნდა იცოდეს ბავშვმა.

5-6 წლის ბავშვს შეგვიძლია პირდაპირ ვუთხრათ, რომ ახლა გაღიზიანებული ვარ, დავმშვიდდები და მერე გავაგრძელებთ კომუნიკაციას და არა ის, რომ ბავშვი მოვიშოროთ თავიდან. ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება. პირველი მესიჯი, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს არის ის, რომ „შენ გყავს დედაც, მამაც, რომლებიც შენზე ვზრუნავთ.“ ბავშვები ეგოცენტრულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მათი ბრალია. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა შენ კი არ ხარ ცუდი და ამიტომ კი არ ვჩხუბობთ ჩვენ, ჩვენ უფროსებს კონფლიქტი გვაქვს, ამას მოვაგვარებთ და შენთან ვიქნებით ისეთივე მშობლები, როგორებიც გყავს, დედაც და მამაც.

დაშორების დროსაც უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ შენ არც დედას კარგავ, არც მამას, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით. ბავშვს პასუხისმგებლობები უნდა ჩამოვართვათ. ბავშვის დაძაბულობა არის, რომ ეს ჩემი ბრალია, რაღაც ცუდად გავაკეთე, ორიანი მივიღე,“- მოცემულ საკითხზე ირმა კვაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად