Baby Bag

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მამაკაცები ქალბატონებთან შედარებით ორჯერ უფრო ემოციურები არიან - უახლესი კვლევები

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მამაკაცები ქალბატონებთან შედარებით ორჯერ უფრო ემოციურები არიან - უახლესი კვლევები
ადამიანების უმეტესობა დროის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებს, რის გამოც მათ ემოციურ მდგომარეობაზე სამუშაო გარემოს და თანამშრომლების განწყობას უდიდესი ზეგავლენა აქვს. ანგლია რასკინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ოფისში მომუშავე ადამიანების ემოციური ფონი გამოიკვლიეს. მათ აინტერესებდათ, თუ რას განიცდიან ყოველდღიურად დასაქმებული ადამიანები და რამდენად ღიად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. კვლევებმა აჩვენა, რომ სამუშაო გარემოს დასაქმებულებზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენის უნარი აქვს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სამსახურში ადამიანები ყველაზე ხშირად სიხარულს, გაოცებას, ბრაზს, სევდას, ზიზღსა და შიშს განიცდიან. როგორც აღმოჩნდა, მათ ემოციურ ფონზე ზეგავლენას არა უშუალოდ სამუშაო პროცესი, არამედ სხვა დასაქმებულებთან ურთიერთობა ახდენს. დადგინდა, რომ ქალები და მამაკაცები სამსახურში ერთნაირად ემოციურები არ არიან.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ სამსახურში მიმდინარე მოვლენებს მამაკაცები უფრო ემოციურად აღიქვამენ, ვიდრე ქალბატონები, ამასთან, ქალები სტრესისა და ფრუსტრაციისკენ უფრო მეტ მიდრეკილებას ავლენენ, ვიდრე მამაკაცები. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები სხვა და სხვა პროექტზე მუშაობისას ემოციურად უფრო მეტად იხარჯებიან. ისინი ძალიან განიცდიან, თუ სამუშაოს შესრულებისთვის დრო არ ჰყოფნით ან ბიუჯეტს რაციონალურად ვერ ანაწილებენ. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს კრიტიკა გულთან უფრო ახლოს მიაქვთ, ვიდრე ქალბატონებს. მათი საქმიანი წინადადების უგულებელყოფის შემთხვევაში, ისინი ორჯერ უფრო მეტად ისტრესებიან, ვიდრე ქალები. მამაკაცები აღნიშნავენ, რომ უარყოფა მათზე დამანგრევლად მოქმედებს. მამრობითი სქესის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი წარუმატებლობის შემთხვევაში ემოციების გაკონტროლებას ვეღარ ახერხებს. მამაკაცები სამსახურში დაძაბული ვითარების შექმნის გამო უკომპრომისო გადაწყვეტილებებს უფრო ხშირად იღებენ, ვიდრე ქალბატონები. წარუმატებლობის შემთხვევაში საკუთარი სურვილით სამსახურს 20%-ით მეტი მამაკაცი ტოვებს, ვიდრე ქალბატონი.

კვლევის ორგანიზატორების მტკიცებით, მამაკაცებს უჭირთ სხვების მხრიდან ძალაუფლების გამოვლენის კონკტრეტულ შემთხვევებთან გამკლავება. ისინი ამას ღირსების შემლახავ ქმედებად აღიქვამენ. ძალაუფლებისკენ სწრაფვის გამო, მამაკაცები ვერ იტანენ, როდესაც მათ არ უსმენენ. მათ სევდა იპყრობთ, როდესაც აცნობიერებენ, რომ სამსახურში ძალაუფლებას ისინი არ ფლობენ. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სამსახურში ყოველი სამი ადამიანიდან ერთი მაინც თავის ნეგატიურ განწყობას პოზიტიური ღიმილის საფარქვეშ მალავს. მკვლევარებს აღნიშნული ფაქტი არ გაკვირვებიათ, რადგან მენეჯერების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათი 30 % სამსახურში ემოციების გამოხატვას სისუსტედ მიიჩნევს, ხოლო 51 % თვლის, რომ სამუშაო გარემო ემოციებისგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს და თანამშრომლებმა საკუთარი განცდების გამომჟღავნებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„სამსახური ერთიან სივრცეს ქმნის, რომელშიც ადამიანებს გარკვეული სოციალური მოლოდინები უყალიბდებათ. დაუწერელი კანონები, რომელიც სამუშაო გარემოში მოქმედებს, წინასწარ განსაზღვრავს, თუ ვინ, როდის და რა მიზნით უნდა გამოხატოს ესა თუ ის ემოცია. ადამიანების უმეტესი ნაწილი თანამშრომლებთან ემოციების გამოხატვას იმიტომ ერიდება, რომ გაკიცხვის და კრიტიკის ეშინია.“ - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

კვლევით ასევე დგინდება, რომ სამუშაო გარემო ყველაზე მეტად თაობა Y-ის (1980-1993 წლებში დაბადებული ადამიანები) წარმომადგენლებს თრგუნავთ. მათი 91 პროცენტი სამსახურში ძალიან ხშირად განიცდის სევდას, ახალგაზრდების 80 პროცენტი კი ამბობს, რომ ისინი მუშაობის დროს უმეტესად ზიზღს განიცდიან. მკვლევარები აღნიშნულ პრობლემას ასაკობრივ თავისებურებებთან აკავშირებენ და თვლიან, რომ ახალგაზრდებს თავიანთი ჭეშმარიტი იდენტობის აღმოჩენა უჭირთ. მათ უძნელდებათ პროფესიული როლის მორგება. თაობა Y-ის წარმომადგენლებს წარმატებაც აშინებთ და წარუმატებლობაც. მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ ვერ შეძლებს კონკრეტული საქმის სრულფასოვნად შესრულებას.

დასაქმებულ ახალგაზრდებში ნეგატიური ემოციების სიჭარბე საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა. მათი უარყოფითი განწყობა ასაკთან ერთად იცვლება, რაც მათ სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარება. მკვლევარები თვლიან, რომ პროდუქტიულობის ასამაღლებლად აუცილებელია სამუშაო გარემო თანამშრომლებს ემოციური ინტელექტის ამაღლებასა და თავდაჯერების მატებაში დაეხმაროს. ციფრული ინდუსტრიების განვითარების პირობებში, კომპანიებმა კადრების ემოციურად გაწონასწორებული ადამიანებით დაკომპლექტებაზე უნდა იზრუნონ, რაც, მკვლვევარების მოსაზრებით, წარმატების მთავარი საწინდარია. 

მომზადებულია ​mirror.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვიღაცა ვიღაცას რომ გაჰყვა ცოლად, ეს არის მათი პირადი საქმე და ამის გარჩევაც კი უზნეობაა,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„ვიღაცა ვიღაცას რომ გაჰყვა ცოლად, ეს არის მათი პირადი საქმე და ამის გარჩევაც კი უზნეობაა,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ საქართველოში ადამიანის პირად ცხოვრებაში საზოგადოების ზედმეტი ჩართულობის პრობლემაზე ისაუბრა:

„საზოგადოება ამ საკითხებში ერევა ძალიან ცუდად. დღეს ვნახე კომენტარები, რომ ვიღაცას ვიღაც მოეწონა. რას ლანძღავენ ადამიანები წყვილს: ფულისთვის გაყევიო, აბა მაგ მახინჯს რატომ გაყვაო? ჯერ ერთი, შენ ვინ ხარ საერთოდ?! პოლიტიკური პოსტი რომ იყოს, იფიქრებდი, რომ გადაუხადეს. აქ ხომ არავის გადაუხდია, ასე თქვიო. ეს ხალხის მოსაზრებებია. ისეთი საზიზღრობები წერია... რა შენი საქმეა?! რატომ უნდა წერო ეს? ვიღაცა ვიღაცას გაჰყვა ცოლად, რატომ წერ, რომ ფულის გამო გაჰყვა? რატომ არის ის კაცი მახინჯი? რეებს წერ? რა შენი საქმეა? საიდან იცი. ეს არის ბოღმა და შური.

ვოლტერს უწერია, რომ გომბეშოსთვის ყველაზე ლამაზი არის გომბეშო. როდესაც გიყვარს ადამიანი, ის შენთვის არის ლამაზი. ვიღაც გიყვარს და მე გეუბნები: რამ შეგაყვარა? რა არის ახლა ეს?! არის პირადი საქმე, ეს არის პირადი საქმე და ამის გარჩევაც კი უზნეობაა. საზოგადოება ყოფს ცხვირს იქ, სადაც საერთოდ არ ესაქმება. საზოგადოებაში უნდა მოიქცე, როგორც საზოგადოებას ეკადრება იმ კონტექსტში. მე არ უნდა ვიყო უზრდელი, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შემომიძვრეს ჩემს პირად საქმეებში. უნდა ვიცოდეთ პიროვნების ადგილი სად არის და საზოგადოების ადგილი სად არის. ჩვენთან ეს არეულია. გამოვდივარ ტელევიზიით და დედას ვიგინები. ეს არ უნდა გავაკეთო, იმიტომ, რომ საზოგადოებას უნდა ვცე პატივი. შენ რომ მოდიხარ და მეუბნები: „შენ ვინც აირჩიე, რას ჰგავს, შე ფულის მონა,“ ეს არ არის შენი საქმე,“- აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად