Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს მამა აუგად არ უხსენო, ნუ დაუწყებ მამას ლანძღვას,“- შალვა ამონაშვილი

„ბავშვს მამა აუგად არ უხსენო, ნუ დაუწყებ მამას ლანძღვას,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთზე აუგი არ თქვან:

„ნუ დაუწყებთ მამას ლანძღვას. ბავშვს მამა აუგად არ უხსენო. როგორც არ უნდა დაცილებულიყავით, დაცილდით დაცილდით, რა ვქნათ, არ უნდა მომხდარიყო ასე და მოხდა, ხომ?! მტრები რატომ უნდა გახდეთ, როდესაც შვილი საერთო გყავთ?! რაღაც წლები ერთად გაატარეთ, ეს ცხოვრება უნდა ჩავწიხლოთ? არ შეიძლება ასე. იმაში რაღაც კარგი ხომ იყო?! ის დავაფასოთ მეტად. ბავშვს მამაზე აუგი არ უთხრა, რომ მამა ლოთი იყო, ფულს არ გვაძლევდა. ასეთი რაღაცები თუ უთხარით ბავშვს, იმ ტოტს ჭრით, რომელზეც აღზრდაა ჩამოკიდებულებული.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, ბავშვი მშობლების პრობლემებით არ უნდა დამძიმდეს:

„ბავშვი მამის სანახავად თუ წავა, მის ახალ ოჯახს ნახავს, მეორე ძმებსა და დებს ნახავს, როგორ, გინებით უნდა გაუშვა, რომ იქ არ შეიყვანოს, არ გააცნოს?! პირიქით, ბავშვს უთხარით: ისინი შენი ძმები და დები არიან, ერთი მამის შვილები ხართ, უნდა გიყვარდეს. ის ქალიც უნდა გიყვარდეს, წაუღე ნამცხვარი. თუ ბავშვის აღზრდა გინდა, ასეა. თუ შენი პირადი განცდებისგან განმუხტვა გინდა, მაშინ იყვირე და იწივლე, არც სახლში შემოუშვა, სიძულვილი ჩაუნერგე ბავშვს მამის მიმართ და რასაც მიიღებ დაინახავ 10 წელიწადში.“

„ძვირფასო მამა, წახვედი? ღმერთმა ბედნიერად გატაროს ცხოვრების გზებზე, ოღონდ აღარ გააუბედურო მეორე ოჯახიც, მესამესკენ არ გაიქცე. იციან ასე წანწალი ზოგიერთმა მამებმა და აუბედურებენ ქალებს. სადღაც უნდა დაუდო გული, რომ კაცად იქცე. თუ ბავშვს წაიყვან სახლში შენთან, არ გააკეთო ბავშვისთვის იმაზე მეტი, რაც შენს ყოფილ მეუღლეს შეუძლია გაუკეთოს. არ გააკეთო ისეთი რამ, რომ, აი, როგორი კარგი ვარ მე და დედა როგორი გყავს, აი, რატომ გამოვიქეცი მე სახლიდან. ამით ბავშვს ცუდ გზაზე დააყენებ. ის გაღიზიანებული მოდის სახლში, რომ მამამ ასეთი რამ უყიდა, დედა კი უკრძალავს ბევრ რამეს. დედა ზრდის შვილს, არ შეუშალო დედას ხელი! ბავშვს რომ დააბრუნებ უკან, თაიგული მიართვი შენს ყოფილ მეუღლეს. შვილი გაგიჩინა, არ ღირს შენს პატივისცემად?! ბავშვს უთხარი, რომ გიყვარს დედა ძალიან, მაგრამ ასე მოხდა. თუ ასე ერთმანეთს დააფასებთ, ბავშვი გაგეზრდებათ ორივეს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად