2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
რატომ ძალადობს მშობელი შვილზე? - აღნიშნულ თემაზე momsedu.ge-ს ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის - „დიალოგის“ ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, მშობელი შვილზე ფიზიკურად მაშინ ძალადობს, როდესაც ფსიქოემოციურად ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს:
„თუ მშობელი შვილზე ფიზიკურად ძალადობს, მარტივად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფსიქოლოგიურადაც ძალადობს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობით იწყება და გადადის ფიზიკურ ძალადობაზე. ამას კი არაერთი მიზეზი აქვს. ერთერთია - მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობა. შეიძლება, მშობლის ცხოვრებაში ამჟამად კონკრეტული სტრესორი (ტრაგედია ან პრობლემა) არ არსებობდეს, მაგრამ ჰქონდეს გაღიზიანებული ფონი, რომელიც მოჰყვება თუნდაც დაოჯახებამდე - ცხოვრებისეული პირობები, დეპრესიული მდგომარეობა... ამ დროს მშობლებს უჭირთ საკუთარი თავის გაკონტროლება და ჯავრს, ასე ვთქვათ, შვილებზე იყრიან. მშობელი საკუთარ თავში არსებულ ბრაზს მიმართავს ბავშვისკენ, როდესაც ეს ბრაზი კონკრეტულ ადრესატამდე ვერ მიაქვს. შვილი შეიძლება, ცელქობდეს, რაც ბუნებრივი მახასიათებელია ბავშვისთვის (ზოგადად, როდესაც ბავშვი გიჟივით იქცევა, ეს არის ოჯახის ფსიქოემოციური ფონი, რომელიც არ არის მოწესრიგებული), მშობელს ნერვები არ ეყოს და ბავშვზე ფიზიკურად იძალადოს.
ძალადობის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე, საკუთარი აღზრდის გამოცდილებაც. პარადოქსია, რომ ასეთი ადამიანებიც ებრძვიან საკუთარ თავს და ამბობენ, რომ ისეთივე მშობლები არ იქნებიან, როგორიც მათ ჰყავდათ, თუმცა ალბათობა იმისა, რომ იგივე განმეორდეს, ძალიან დიდია.
მთავარია, საკუთარ თავში არსებული პრობლემის დანახვა და გაანალიზება. თუ მშობელი გაიაზრებს, რომ შვილის არასწორი ქცევა მისივე საქციელიდან გამომდინარეობს, უკვე დაიწყებს ამაზე მუშაობას. თუმცა, სამწუხაროდ, პრობლემა სწორედ ისაა, რომ მშობლები საკუთარ თავში არ ეძებენ მიზეზებს. ფსიქოლოგის ჩართულობა მსგავს შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია,“ - აღნიშნავს ქეთი მესხიშვილი.