მშობლებს ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვებთან ურთიერთობა უჭირთ. როგორც წესი, ემოციურ პატარებს შენიშვნების მიღებაზე მძაფრი რეაქცია აქვთ. ისინი მშობლების მითითებების მოსმენაზე უარს აცხადებენ, ხშირად ყურებზე ხელს იფარებენ და გარბიან, ან მოულოდნელად ყვირილს იწყებენ, ცრემლებს ღვრიან და ხმამაღლა აცხადებენ, რომ უფროსების მოსმენის სურვილი არ აქვთ.
მშობლები ბავშვის უცნაური ქცევის მიზეზებს ვერ ხსნიან, ღელავენ და ფიქრობენ, რომ შვილის აღზრდისას სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მათ არ იციან, რომ პატარას საკუთარი ტემპერამენტი მართავს, რაც მას დაბადებიდანვე თან დაჰყვა და რისი შეცვლაც გარეგანი ჩარევით შეუძლებელია. ზოგიერთი ბავშვი სიახლეებისადმი გახსნილია, ახალი ურთიერთობები და თავგადასავლები თავბრუს ახვევს და სიხარულით ავსებს, ზოგს კი ცვლილებებთან შეგუება მეტისმეტად უძნელდება. ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ ადამიანები ერთმანეთისგან ტემპერამენტით ძალიან განსხვავდებიან.
ბავშვი, რომელიც შენიშვნის მიცემას ვერ იტანს, სხვა პატარებთან შედარებით უფრო ემოციური და მგძნობიარეა. ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო შემთხვევას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, ტირილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებს, ყვირის და უფროსებს შეურაცხყოფას აყენებს. ბავშვის გარეგანი ქმედება მის შინაგან მდგომარეობას აირეკლავს. პატარა თავის ემოციებს ვეღარ აკონტროლებს და შესაბამისად, არც საკუთარი ქცევის გაკონტროლება შეუძლია. ჩვენს სტატიაში მშობლებს საინტერესო სტრატეგიებს ვთავაზობთ, რომელთა დახმარებით ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვებს თავიანთი ემოციების მართვას ასწავლით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ბავშვი, რომელიც საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს, შესაძლოა, მშობლისთვის შეურაცხმყოფელ ქცევას ავლენდეს. თუ თქვენი შვილი გიყვირით, გეჩხუბებათ და თქვენი მოსმენა არ სურს, ემოციებს ნუ აყვებით. დამშვიდდით და მოიქეცით ისე, როგორც თქვენი შვილი უნდა იქცეოდეს: ისაუბრეთ გარკვევით, იფიქრეთ რაციონალურად და ისტერიკას ნუ მოაწყობთ. მიეცით თქვენს შვილს კარგი მაგალითი. ბავშვი ირაციონალურად მოქმედებს. ის თავისი ქცევით საკუთარ უმწეობას ავლენს, მიგანიშნებთ, რომ სამყაროსთან ურთიერთობა უძნელდება და იძულებულია ეს ყვირილით ან ტირილით გამოხატოს. თუ ბავშვი გეუბნებათ, რომ ის ვერ გიტანთ, ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ მიიღებთ. უმჯობესია, თუ ბავშვის მდგომარეობას სიღრმისეულად გააანალიზებთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, თქვენი შვილი უფრო მალე დაწყნარდება, ვიდრე ჩვეულებრივ.
დააკვირდით თქვენი ბავშვის განწყობას, ისაუბრეთ ლაკონიურად და გარკვევით
მშობლები ბავშვის დასაწყნარებლად ძალიან ბევრს საუბრობენ, უხსნიან შვილს, თუ რატომ არ მოსწონთ მისი ქცევა და იმედი აქვთ, რომ პატარა მათ რჩევა-დარიგებას გაითვალისწინებს. აღელვებულ ბავშვს კი მშობლების არ ესმის, რადგან საკუთარი ემოციების გავლენის ქვეშ იმყოფება. ნუ დაუწყებთ მას ზედმეტი რჩევა-დარიგების მიცემას, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს. ეცადეთ, მოკლე და ლაკონიური ფრაზებით შემოიფარგლოთ. „ყოჩაღ, რა ძლიერი ემოციებია!“ - მსგავსი შეფასება სავსებით საკმარისია, რათა ბავშვი დამშვიდდეს. ის მიხვდება, რომ თქვენ მის ქცევას კატასტროფად არ აღიქვამთ და მისი გაგება შეგიძლიათ.
ბავშვს მაშინ ესაუბრეთ, როდესაც ის დამშვიდდება
მშობლები გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდებას არგუმენტების მოყვანით და ლოგიკური მსჯელობით ცდილობენ. ისინი პატარას თავის შეცდომაზე მიუთითებენ და მისი ემოციური ქცევის გაანალიზებას ცდილობენ, თუმცა გაბრაზებული ბავშვისთვის ჭკუის სწავლება ძალიან დიდი შეცდომაა, რომლებსაც უფროსები ხშირად უშვებენ. გამოიჩინეთ მოთმინება. მიეცით ბავშვს დრო, რათა დამშვიდდეს. პატარასთან საუბარს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის საკუთარ ემოციებს აკონტროლებს.
წარსული გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები გაიხსენეთ, როდესაც ბავშვი გამოწვევას მშვიდად შეხვდა
გაახსენეთ ბავშვს ისეთი შემთხვევა, როდესაც მან თავისი ემოციების გაკონტროლება წარმატებით შეძლო. მოუყევით მას ისტორიები, რომელიც თავდაჯერებას შემატებს. შეაქეთ წარსულში გამოჩენილი გონიერებისა და მოთმინების გამო. ბავშვი მიხვდება, რომ მის გონივრულ ქცევას მშობლების კმაყოფილება და შექება მოჰყვება, რაც მას საკუთარი ემოციების გასაკონტროლებლად დამატებით სტიმულს მისცემს.
აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მისი მეგობარი ხართ და ემოციების მართვაში აუცილებლად დაეხმარებით
ბავშვს ყველაზე მეტად მშობლების თანადგომა ახარებს. თუ ის იგრძნობს, რომ თქვენ მისი გესმით და მის განცდებს თანაუგრძნობთ, საკუთარი ემოციების გაკონტროლებას უკეთ შეძლებს. ნუ გააკრიტიკებთ პატარას ემოციური ქცევის გამოვლენისას. თქვენი შვილი თქვენგან თანაგრძნობას და ყურადღებას ელის.
მგრძნობიარე ბავშვთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილისა და მოთმინების გამოჩენა გმართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დახმარება ძალიან გაგიჭირდებათ, რაც ბავშვის მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''