Baby Bag

გაბრაზებული ბავშვისთვის ჭკუის სწავლება ძალიან დიდი შეცდომაა - როგორ დავეხმაროთ პატარებს ემოციების მართვაში?

გაბრაზებული ბავშვისთვის ჭკუის სწავლება ძალიან დიდი შეცდომაა - როგორ დავეხმაროთ პატარებს ემოციების მართვაში?

მშობლებს ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვებთან ურთიერთობა უჭირთ. როგორც წესი, ემოციურ პატარებს შენიშვნების მიღებაზე მძაფრი რეაქცია აქვთ. ისინი მშობლების მითითებების მოსმენაზე უარს აცხადებენ, ხშირად ყურებზე ხელს იფარებენ და გარბიან, ან მოულოდნელად ყვირილს იწყებენ, ცრემლებს ღვრიან და ხმამაღლა აცხადებენ, რომ უფროსების მოსმენის სურვილი არ აქვთ.

მშობლები ბავშვის უცნაური ქცევის მიზეზებს ვერ ხსნიან, ღელავენ და ფიქრობენ, რომ შვილის აღზრდისას სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მათ არ იციან, რომ პატარას საკუთარი ტემპერამენტი მართავს, რაც მას დაბადებიდანვე თან დაჰყვა და რისი შეცვლაც გარეგანი ჩარევით შეუძლებელია. ზოგიერთი ბავშვი სიახლეებისადმი გახსნილია, ახალი ურთიერთობები და თავგადასავლები თავბრუს ახვევს და სიხარულით ავსებს, ზოგს კი ცვლილებებთან შეგუება მეტისმეტად უძნელდება. ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ ადამიანები ერთმანეთისგან ტემპერამენტით ძალიან განსხვავდებიან.
ბავშვი, რომელიც შენიშვნის მიცემას ვერ იტანს, სხვა პატარებთან შედარებით უფრო ემოციური და მგძნობიარეა. ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო შემთხვევას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, ტირილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებს, ყვირის და უფროსებს შეურაცხყოფას აყენებს. ბავშვის გარეგანი ქმედება მის შინაგან მდგომარეობას აირეკლავს. პატარა თავის ემოციებს ვეღარ აკონტროლებს და შესაბამისად, არც საკუთარი ქცევის გაკონტროლება შეუძლია. ჩვენს სტატიაში მშობლებს საინტერესო სტრატეგიებს ვთავაზობთ, რომელთა დახმარებით ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვებს თავიანთი ემოციების მართვას ​ასწავლით.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ბავშვი, რომელიც საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს, შესაძლოა, მშობლისთვის შეურაცხმყოფელ ქცევას ავლენდეს. თუ თქვენი შვილი გიყვირით, გეჩხუბებათ და თქვენი მოსმენა არ სურს, ემოციებს ნუ აყვებით. დამშვიდდით და მოიქეცით ისე, როგორც თქვენი შვილი უნდა იქცეოდეს: ისაუბრეთ გარკვევით, იფიქრეთ რაციონალურად და ისტერიკას ნუ მოაწყობთ. მიეცით თქვენს შვილს კარგი მაგალითი. ბავშვი ირაციონალურად მოქმედებს. ის თავისი ქცევით საკუთარ უმწეობას ავლენს, მიგანიშნებთ, რომ სამყაროსთან ურთიერთობა უძნელდება და იძულებულია ეს ყვირილით ან ტირილით გამოხატოს. თუ ბავშვი გეუბნებათ, რომ ის ვერ გიტანთ, ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ მიიღებთ. უმჯობესია, თუ ბავშვის მდგომარეობას სიღრმისეულად გააანალიზებთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, თქვენი შვილი უფრო მალე დაწყნარდება, ვიდრე ჩვეულებრივ.
დააკვირდით თქვენი ბავშვის განწყობას, ისაუბრეთ ლაკონიურად და გარკვევით
მშობლები ბავშვის დასაწყნარებლად ძალიან ბევრს საუბრობენ, უხსნიან შვილს, თუ რატომ არ მოსწონთ მისი ქცევა და იმედი აქვთ, რომ პატარა მათ რჩევა-დარიგებას გაითვალისწინებს. აღელვებულ ბავშვს კი მშობლების არ ესმის, რადგან საკუთარი ემოციების გავლენის ქვეშ იმყოფება. ნუ დაუწყებთ მას ზედმეტი რჩევა-დარიგების მიცემას, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს. ეცადეთ, მოკლე და ლაკონიური ფრაზებით შემოიფარგლოთ. „ყოჩაღ, რა ძლიერი ემოციებია!“ - მსგავსი შეფასება სავსებით საკმარისია, რათა ბავშვი დამშვიდდეს. ის მიხვდება, რომ თქვენ მის ქცევას კატასტროფად არ აღიქვამთ და მისი გაგება შეგიძლიათ.
ბავშვს მაშინ ესაუბრეთ, როდესაც ის დამშვიდდება

მშობლები გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდებას არგუმენტების მოყვანით და ლოგიკური მსჯელობით ცდილობენ. ისინი პატარას თავის შეცდომაზე მიუთითებენ და მისი ემოციური ქცევის გაანალიზებას ცდილობენ, თუმცა გაბრაზებული ბავშვისთვის ჭკუის სწავლება ძალიან დიდი შეცდომაა, რომლებსაც უფროსები ხშირად უშვებენ. გამოიჩინეთ მოთმინება. მიეცით ბავშვს დრო, რათა დამშვიდდეს. პატარასთან საუბარს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის საკუთარ ემოციებს აკონტროლებს.
წარსული გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები გაიხსენეთ, როდესაც ბავშვი გამოწვევას მშვიდად შეხვდა
გაახსენეთ ბავშვს ისეთი შემთხვევა, როდესაც მან თავისი ემოციების გაკონტროლება წარმატებით შეძლო. მოუყევით მას ისტორიები, რომელიც თავდაჯერებას შემატებს. შეაქეთ წარსულში გამოჩენილი გონიერებისა და მოთმინების გამო. ბავშვი მიხვდება, რომ მის გონივრულ ქცევას მშობლების კმაყოფილება და შექება მოჰყვება, რაც მას საკუთარი ემოციების გასაკონტროლებლად დამატებით სტიმულს მისცემს.
აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მისი მეგობარი ხართ და ემოციების მართვაში აუცილებლად დაეხმარებით
ბავშვს ყველაზე მეტად მშობლების თანადგომა ახარებს. თუ ის იგრძნობს, რომ თქვენ მისი გესმით და მის განცდებს თანაუგრძნობთ, საკუთარი ემოციების გაკონტროლებას უკეთ შეძლებს. ნუ გააკრიტიკებთ პატარას ემოციური ქცევის გამოვლენისას. თქვენი შვილი თქვენგან თანაგრძნობას და ყურადღებას ელის.
მგრძნობიარე ბავშვთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილისა და მოთმინების გამოჩენა გმართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დახმარება ძალიან გაგიჭირდებათ, რაც ბავშვის მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.
ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია,“ - მზიკო დალაქიშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, შვილების შესაძლებლობებში გაერკვნენ და მათ იმაზე მეტი არ მოთხოვონ, ვიდრე შეუძლიათ:

„პირველ რიგში, ჩვენი შვილების შესაძლებლობები გავარკვიოთ. ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია. მასწავლებელი მყავდა მათემატიკის, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ ნიშანს მიწერდა ხოლმე. ჩემზე ძლიერებიც არსებობდნენ მათემატიკაში. მე რაღაცებს მპატიობდა და სხვებს არ პატიობდა. კი მიხაროდა ეს, მაგრამ თან მიკვირდა. ძალიან ბეჯითი რომ ვიყავი, ხვდებოდა, რომ აღარ შეიძლებოდა იმაზე მეტს რომ ვცდილობდი, ამას ხედავდა. ამას აფასებდა. მან იცოდა, რომ ამის იქით არ შემეძლო. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ამით მამხნევებდა, რომ მათემატიკაზე უარი არ მეთქვა.

ბავშვმა პასუხისმგებლობა რომ გამოიმუშაოს, მან პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რას აკეთებს, რისთვის აკეთებს, რას ემსახურება ეს ქმედება და არა ის, რომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა! მშობლების მოვალეობაა, რომ ვალდებულებები, „უნდა“ გადავაქციოთ „მე მინდად.“ ეს შესაძლებელია, ნელ-ნელა, მაგრამ შესაძლებელია. მაგალითად, ყოველ დილით მამა ადრე დგება და მიდის სავარჯიშოდ. ბავშვს აინტერესებს, სად მიდის დილით მამა. ის ინტერესდება და ხვდება, რომ ეს კარგია. მამა უხსნის, ელაპარაკება, რატომ არის კარგი დილას ვარჯიში. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ თვითონაც უნდა სცადოს.

არსებობს მამა, რომელიც ბავშვს ეუბნება: „დილას 8 საათზე უნდა ადგე.“ ბავშვი ფიქრობს, რატომ უნდა ადგეს, ეძინება. ბავშვი ვერ იაზრებს, რატომ უნდა ადგეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად