Baby Bag

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

​ბავშვის ფსიქიკა სამი წლის ასაკიდან სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. პატარას გონებრივი შესაძლებლობები იზრდება და მისი წარმოსახვა წარმოუდგენლად მდიდრდება. ამავე დროს, სამი წლის ბავშვს რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი არ შესწევს. საკუთარი წარმოდგენებითა და უარყოფითი ფიქრებით შეპყრობილ პატარას, შიშის გრძნობა უჩნდება. შესაძლოა, ბავშვი ღამით ფანჯრიდან მის საძინებელში „შეპარულმა“ რომელიმე ზღაპრულმა მონსტრმა დააფრთხოს ან ტელევიზორში ნანახმა ქვეწარმავალმა შეაშინოს, რომელიც პატარას წარმოდგენით, ღამით მისი საწოლის ქვეშ იდებს ბინას. მსგავსი აზრები, როგორც წესი, ბავშვს ძილის წინ ებადება, როდესაც ოთახში შუქი ქრება და ის საძინებელში მარტო რჩება.

ბავშვმა შიშის გადალახვა რომ შეძლოს, მას უნდა აუხსნათ, რომ პრობლემა მის წარმოსახვაშია და რეალური საფრთხე არ არსებობს. თუ ხედავთ, რომ ბავშვს ატრაქციონზე დაჯდომის ეშინია, დაეხმარეთ მას სისუსტის დაძლევაში. ეცადეთ, პატარა დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. თქვენი შვილი ამას თავადვე მიხვდება, როდესაც თავის შიშს თვალებში ჩახედავს. ბავშვი ატრაქციონზე დაჯდომისთანავე იგრძნობს, რომ ცდებოდა და საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი იყო. პატარა, რომელსაც ღამის შიშები აქვს, ამავე მეთოდით უნდა განკურნოთ. თქვენი შვილი უნდა მიხვდეს, რომ შიში მისი ფანტაზიის ნაწილია და მას რეალური საფუძველი არ გააჩნია. მშობელი ბავშვს მეტი გამბედაობისა და თავდაჯერების შეძენაში უნდა დაეხმაროს.

ჩვენს სტატიაში სპეციალური სტრატეგიების შესახებ ​გესაუბრებით, რომელთა დახმარებით ბავშვს დამოუკიდებლად დაძინებას მიაჩვევთ, რასაც ის ყოველგვარი შიშისა და შფოთვის გარეშე შეძლებს.

ესაუბრეთ ბავშვს ადამიანის ტვინის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ

ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ ადამიანის ტვინი ძალიან ძლიერია. ის ფანტაზიის ამოუწურავი წყაროა, თუმცა ამავე დროს, რეალობისა და წარმოსახვის ერთმანეთისგან გარჩევაშიც გვეხმარება. ზოგჯერ ჩვენი წარმოსახვა გვაბნევს და გვაფიქრებინებს, რომ საფრთხე გვემუქრება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რეალურად სრულიად უსაფრთხოდ ვართ. უთხარით ბავშვს, რომ როდესაც მას შიში იპყრობს და ფიქრობს, რომ დედა სამსახურიდან არასდროს დაბრუნდება, ის თავისი წარმოსახვის მსხვერპლი ხდება, რადგან დედა სახლში ყოველთვის ბრუნდება. აუხსენით თქვენს შვილს, რომ მას საკუთარი ფიქრების მართვა შეუძლია, რადგან ადამიანს პრობლემის განსჯისა და გაანალიზების საოცარი უნარი აქვს. თუ თქვენი შვილი საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებს, ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევას აუცილებლად შეძლებს.

ძილის წინ ბავშვს მისი შიშების შესახებ ესაუბრეთ და პრობლემის გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეთ

თუ ბავშვს სიბნელე აშინებს, საძინებელში შუქი აუნთეთ. თუ მას მონსტრები აფრთხობენ, მასთან ერთად შემოიარეთ ოთახი და ყველა კუთხე-კუნჭული დეტალურად დაათვალიერეთ, რათა პატარა დარწმუნდეს, რომ მის საძინებელში არავინაა. თუ ბავშვი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მის ოთახში ღამით ფანჯრიდან ვინმე შეიპაროს, აჩვენეთ მას, რომ ფანჯარა საგულდაგულოდ არის დაკეტილი და მის გაღებას ვერავინ შეძლებს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ ის უსაფრთხოდ არის, ღამით მშვიდად დაძინებას შეძლებს. ესაუბრეთ ბავშვს მისი შიშების შესახებ და ეცადეთ, პრობლემის მოგვარების გზები ერთად იპოვოთ.

ბავშვის საყვარელი სათამაშო პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

ბავშვებს უყვართ სათამაშოების ან ნივთების ამოჩემება. მიეცით თქვენს შვილს საშუალება, თავის საყვარელ თოჯინასთან ან დათუნიასთან ერთად დაიძინოს. უთხარით ბავშვს, რომ სათამაშოს მასთან დაძინება სურს, რადგან მარტო ყოფნის ეშინია. აუხსენით პატარას, რომ მას შეუძლია საყვარელ თოჯინას შიშების გაქრობაში დაეხმაროს. სათამაშოს ბავშვის თანდასწრებით უთხარით, რომ შიში მისი წარმოსახვის ნაწილია, რეალურად კი საშიში არაფერია, რადგან მის გვერდით ძლიერი ადამიანი (იგულისხმება თქვენი შვილი) წევს და ის მას ყველა განსაცდელისგან დაიფარავს. ბავშვი თავს საჭირო ადამიანად იგრძნობს, რომელსაც სხვაზე ზრუნვა და სხვისი დაცვა ევალება. მისი თვითშეფასება ერთიორად ამაღლდება, რაც პატარას შიშის დათრგუნვაში დაეხმარება. თქვენს შვილს ყურადღება საყვარელი თოჯინის დაცვასა და მოვლაზე უნდა გადაატანინოთ, რაც მას საკუთარ შიშებს დაავიწყებს.

აუხსენით ბავშვს რა მოხდება, როდესაც ის გაიღვიძებს

აუხსენით თქვენს შვილს, რომ თუ ის ღამით მოულოდნელად გაიღვიძებს და შეშინდება, საშველად, პირველ რიგში, საკუთარ გონებას და ფიქრებს უნდა მოუხმოს. გაიხსენოს, რომ ძილის წინ ოთახი დეტალურად შემოწმდა და მის საძინებელში მონსტრები არ არიან. თუ ის შიშის დაძლევას ვერ მოახერხებს, უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ შიში ძალიან შეაწუხებს, თქვენი გაღვიძების უფლება აქვს და თქვენ მას ამის გამო არ გაუბრაზდებით. თუ ბავშვი ღამით გაგაღვიძებთ, დაამშვიდეთ, აუხსენით, რომ მას უსაფუძვლოდ ეშინია. მიაცილეთ თავის საძინებლამდე და ეცადეთ დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. იყავით მაქსიმალურად პოზიტიური. დილით კი ბავშვი შეაქეთ და უთხარით, რომ მან შიში გმირულად დაძლია.

მოაწყვეთ სპეციალური წარმოდგენები

ბავშვთან ერთად გაითამაშეთ სხვადასხვა სცენა. წარმოიდგინეთ, რომ მას ღამით ცუდი სიზმარი აღვიძებს. გააკეთეთ ყველაფერი სწორედ ისე, როგორც რეალურად გააკეთებდით. ბავშვთან ერთად სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეთ, რათა მას შიშთან გამკლავებაში დაეხმაროთ. მსგავსი წარმოდგენების დახმარებით, ბავშვი თავის ფანტაზიებს სხვა თვალით შეხედავს. ის მიხვდება, რომ მისი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და შიშის გადალახვა რთული სულაც არ არის.

მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც შეშინებულ შვილებს ხედავენ. თუმცა მათ შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს სწორად განვითარებაში დაეხმარონ და ღამის შიშები საბოლოოდ დააძლევინონ.

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფრით არ შეიძლება ისეთი სიტყვების თქმა, როგორიც არის: „თავი გაგიხმეს,“ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს,“ - ფსიქოლოგი ინგა გოჩელეიშვილი

ფსიქოლოგი ინგა გოჩელეიშვილი „სხვა შუადღეში“ სიტყვის ძალის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საუბრის დროს ადამიანი წინასწარ უნდა დააკვირდეს საკუთარ ფიქრებს:

„სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ადამიანის გააზრებულობასთან არის კავშირში, რომ რამდენიმე წამით გააღოს პირი და თქვას სიტყვა საკუთარ თავზე ან სხვაზე. რაც უფრო გააზრებული და დაფიქრებული ხარ, რაც უფრო ნაკლებად იმპულსური, მით უფრო მეტად შეგიძლია ამის კონტროლი. საბედნიეროდ ახლა სულ უფრო და უფრო იშვიათად მხვდება ფენომენი, როგორიც არის წყევლა. ბებოებს რომ აქვთ ასეთი გამართლება, მე თუ გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავსო, არ დაიჯეროთ. დედა და ბებია ის ადამიანები არიან, რომელთაგანაც გამოვიზარდეთ ფიზიკურად. ამ ადამიანებთან გვაქვს ჩვენ ბიოლოგიური და ენერგეტიკული კავშირი. არაფრით არ შეიძლება ისეთი სიტყვების თქმა, როგორიცაა: „თავი გაგიხმეს!“ როდესაც ოჯახის წევრისგან მოდის წყევლა, ხდება ქვეცნობიერი დაპროგრამება. ძალიან ხშირად მსმენია გამოთქმა: „გაგიხმეს თავი!“ მერე ზრდასრული ადამიანი ავადდება ალკოჰოლიზმით. გასაგებია, რომ როგორც ფოთოლი ხმება, ისე არ უხმება ადამიანს თავი.“

ინგა გოჩელეიშვილის თქმით, ადამიანები ნეგატიურ ფიქრებზე უფრო დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ, რის გამოც ჩვენი უარყოფითი მოლოდინები უფრო მეტად იქცევა რეალობად, ვიდრე პოზიტიური სურვილები:

„წარმოვიდგინოთ, რომ კვირას ეკლესიაში მიხვიდეთ და რაღაც კარგი სთხოვოთ თქვენი ოჯახისთვის ღმერთს. ამაზე რამდენ ხანს ხარჯავთ? ალბათ, ხუთ-ათ წუთს ან ერთ საათს. როდესაც რაღაცის გვეშინია, როდესაც არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, ამაზე შეუჩერებლად ვფიქრობთ. ნეგატიურ ემოციებს და ფიქრებს მუდმივად ვაცოცხლებთ გონებაში. ჩვენი ფიქრი არის ერთგვარი წყალი, რომელ მცენარესაც დაუსხამ წყალს, ის ამოვა.“

ინგა გოჩელეიშვილი ექსპერიმენტის შესახებ საუბრობს, რომელიც სიტყვის უდიდეს ძალას უსვამს ხაზს:

„სიტყვის ძალაზე გამახსენდა ექსპერიმენტი. ორ იდენტურ ლანგარში დათესეს ბრინჯი. ერთ ლანგარს მუსიკას ასმენინებდნენ, ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ, მეორეს კი ლანძღავდნენ და წყევლიდნენ. ერთ ლანგარში ბრინჯი აყვავდა, მეორეში კი დაობდა და გაფუჭდა. არის ასეთი ბრძნული გამონათქვამი: „ჩვენ ვერ დავუშლით ჩიტებს, რომ იფრინონ ჩვენს თავზე ცაში, მაგრამ ჩვენს თავზე ბუდეს გაიკეთებენ თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.“ ფიქრიც ასევეა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა დაიჭიროს, თუ რაზე ფიქრობს დღის განმავლობაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რაზე ფიქრობთ.“

ინგა გოჩელეიშვილი აცხადებს, რომ ადამიანი ახლობლებთან საუბრისას წინასწარ უნდა დაფიქრდეს, თუ რა მიზნის მიღწევა სურს მას მათთან საუბრისას:

„როდესაც ადამიანს მიმართავთ, მით უმეტეს, ახლობელს, შვილს ან მეუღლეს, უნდა დაფიქრდეთ, თუ რა შედეგის მიღება გინდათ. ადამიანებს ასეთი რამ გვახასიათებს, რომ ერთ ხერხს ამოვირჩევთ ხოლმე ურთიერთობების მოგვარების და სულ მას ვიყენებთ ხოლმე. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, თუ ის ვერ იღებს შედეგს თავისი ქმედებით და სიტყვებით, მან ეს უნდა შეცვალოს.“

„ძალიან ბევრი ნეგატიური სიტყვა გვაქვს, რომელიც უნდა შევცვალოთ: „ვაიმე, უიმე, გული დამწყდა, გული გამისკდა.“ ფრაზა „გული გამისკდა“ უნდა შევცვალოთ ფრაზით: „შემეშინდა.“ სად უბრალოდ შეშინებული ადამიანი და სად გულგახეთქილი. დავუფიქრდეთ საკუთარ სიტყვებს და სწორი სიტყვები ვთქვათ. დილით რომ ვიღვიძებთ, გასაგებია, რომ ხანდახან ცუდ ხასიათზე ვართ, მაინც უნდა გავუღიმოთ საკუთარ თავს. იმ ცუდ ხასიათზე ყოფნა რას გაძლევთ?“ - აღნიშნავს ინგა გოჩელეიშვილი.

წყარო: ​სხვა შუადღე

წაიკითხეთ სრულად