Baby Bag

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

თანამედროვე სამყაროში ბულინგი საერთაშორისო მნიშვნელობის ​პრობლემაა. თუ გარკვეული წლების წინ ბავშვის მიერ თავის თანატოლზე განხორციელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ჩვენს დროში ბულინგს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ, რადგან ბავშვთა შორის ძალადობამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ამერიკელი ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 160 000 ბავშვი, ყოველდღიურად უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, რადგან თანატოლების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის შიში აქვს. საუბედუროდ, ბულინგი მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე არ ხდება.

სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბავშვი ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო შეტყობინებების წყალობით არცთუ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს და ძალადობის ამ ფორმას ფატალური შედეგების გამოწვევაც შეუძლია. ბულინგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენი შვილის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა დახმარებით ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებას ასწავლით.

ყურადღება მიაქციეთ დეტალებს

ბავშვის ქცევა ან მისი ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. თუ თქვენი შვილის სხეულზე რაიმე სახის ჩალურჯებას ამჩნევთ, ან ხედავთ, რომ ბავშვს ნორმალურად გადაადგილება უჭირს, შესაძლოა ეს მის მიმართ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობაზე მიანიშნებდეს. თუ თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ მას სკოლაში წასვლა არ სურს, სიღრმისეულად გამოიკვლიეთ მისი უარყოფითი განწყობის მიზეზები. ბავშვები თავიანთ განცდებს ხშირად მეტად თვალსაჩინოდ გამოხატავენ. მათში დაგროვილი აგრესია ქცევის მოულოდნელ (აუცილებლად უარყოფით) ცვლილებაში ვლინდება. ისინი უფრო ემოციურები, აგრესიულები, მოუსვენრები ხდებიან, უჭირთ ღრმად ჩაძინება, მეტისმეტად უქვეითდებათ ან უმძაფრდებათ მადა, მათი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვან გაუარესებას განიცდის. თუ თქვენს შვილს მსგავს ცვლილებებს ატყობთ, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან აღნიშნული ცვლილებები, შესაძლოა, სწორედ ბულინგის უარყოფითი ეფექტების გამოვლინება იყოს. თუ ბავშვის ქცევა უარესობისკენ იცვლება, ეს აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ მას აბულინგებენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

ისაუბრეთ თქვენს შვილთან

ბავშვს აუცილებლად დაუსვით კითხვები. მიეცით მას საშუალება თავის გრძნობებსა და ცხოვრებაზე გულახდილად გესაუბროთ. ჰკითხეთ თქვენს შვილს, ვისთან მეგობრობს და ვისი გაგება უჭირს. ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაცია მანამდე უნდა გქონდეთ, ვიდრე მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, რათა მასზე გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში გულახდილად გესაუბროთ თავის მდგომარეობაზე. თუ ატყობთ, რომ ბავშვი განსაცდელშია, აუცილებლად გამოიკვლიეთ, თუ რა პრობლემის წინაშე დგას. გამოიძიეთ ყოველი დეტალი და არცერთი ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ. ბავშვთან ყოველთვის გულახდილი იყავით და მას პირდაპირი კითხვები დაუსვით, რადგან ბავშვები გახსნილობას ძალიან აფასებენ. ყურადღებით მოუსმინეთ თითოეულ სიტყვას, რომელსაც თქვენი შვილი გეუბნებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. გაბრაზებას ერიდეთ, რადგან ბავშვები თქვენგან მკაცრ ქმედებებს არ მოელიან. მათ საკუთარ პრობლემებზე გულახდილი საუბარი და თქვენგან მხარდაჭერის მიღება სურთ. ბულინგს ბავშვი ხშირად დეპრესიამდე მიჰყავს, რამაც, შესაძლოა, მას საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაც კი აიძულოს. იყავით თქვენი შვილის საიმედო მეგობარი, რათა მძიმე ვითარებაში მან საკუთარ პრობლემაზე ღიად საუბარი შეძლოს.

იყავით პოზიტიური

ბავშვისთვის მშობელი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. თქვენი ქცევით ბავშვს გარკვეული მიმართულება უნდა მისცეთ. მასთან ურთიერთობაში ყოველთვის თავაზიანი და მოსიყვარულე იყავით. შენიშვნის მიცემისასაც სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ მიაყენებთ ბავშვს შეურაცხყოფას. ასწავლეთ მას, რომ სხვისთვის ტკივილის მიყენება არ არის კარგი საქციელი. ბავშვს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ის სხვის დაჩაგვრას არ უნდა შეეგუოს და თუ ბულინგის სცენის მომსწრე გახდება, აუცილებლად დაიცვას ჩაგრული. ბავშვმა თქვენგან უნდა ისწავლოს, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში. მან უნდა იცოდეს, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს უფროსებისგან ან თანატოლებისგან, როდესაც ის ბულინგის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. თქვენი სიტყვითა და ქცევით ბავშვს უნდა ასწავლოთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ღირსეული ადამიანი სხვებთან ურთიერთობისას.

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება

გაზარდეთ თავდაჯერებული ბავშვი

თავდაჯერებული ბავშვის თვითშეფასებას ბულინგი ვერ დააზიანებს. დაეხმარეთ მას საკუთარი ჰობის აღმოჩენაში, შეუქმენით ისეთი სოციალური გარემო, სადაც მას საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემა. მყარი მეგობრული ურთიერთობები ბავშვს ნებისმიერი სახის დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. დაეხმარეთ თქვენს შვილს იყოს მეტად აზარტული და არ შეუშინდეს ახალ გამოწვევებს. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს კომპლიმენტები, აუხსენით, რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად, რათა მისი დადებითი თვისებები და პოზიტიური ქცევები წაახალისოთ. მშობლები ხშირად ბავშვის უარყოფით ქცევებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი ყველაზე უკეთ მაშინ გისმენთ, როდესაც მის მიღწევებზე ესაუბრებით. ძლიერი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ თქვენს შვილს სწორად აღზრდით, მას ბულინგისგან მარტივად დაიცავთ.

დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის დაძლევაში

თუ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, აუხსენით მას, რომ ის დამნაშავე არ არის და რომ მას არაფრის უნდა ეშინოდეს, რადგან თქვენ მის გვერდით ხართ. ესაუბრეთ ბავშვს თქვენს განცდებზე, აუხსენით, როგორ მოიქცეოდით მის მდგომარეობაში რომ ყოფილიყავით. როდესაც თქვენს შვილს ზურგიდან უზარმაზარი ტვირთის მოხსნაში დაეხმარებით, მის ნდობას მოიპოვებთ, რაც მას პრობლემის დაძლევაში დაეხმარება. ასწავლეთ ბავშვს იყოს მეტად გახსნილი და გულახდილი. დაეხმარეთ მას თავდაცვითი უნარების განვითარებაში. უთხარით ბავშვს, რომ მჩაგვრელის ძალაუფლებას არ უნდა დანებდეს და თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლოს. თქვენს შვილს აგრძნობინეთ, რომ ის ძლიერია და არ უნდა დანებდეს.

ებრძოლეთ ბულინგს სახლში

თუ ბავშვს სახლში უფროსი და-ძმა ჰყავს, რომლებიც მას, როგორც სუსტსა და პატარას, ჩაგრავენ და ცუდად ექცევიან, დიდია იმის ალბათობა, რომ ოჯახის წევრებისგან დაჩაგრული ბავშვი აგრესიას თანატოლებთან გამოავლენს. ის აუცილებლად იპოვის სკოლაში თავისზე უფრო სუსტს, რომელსაც დაჩაგრავს. ბავშვები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, თავადაც ძალადობის მსხვერპლები არიან, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ხშირად კარგად აღზრდილი, ჯანსაღ სოციალურ გარემოში მყოფი ბავშვიც ავლენს აგრესიას და სხვების დაჩაგვრას ცდილობს. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია მოზარდის აგრესიულობის მიზეზის დადგენა. შესაძლოა, ბავშვი თავს მეტისმეტად შეზღუდულად გრძნობდეს, არ ჰქონდეს არჩევანის გაკეთების თავისუფლება. მიეცით ბავშვს საშუალება გარკვეული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

ითანამშრომლეთ სკოლასთან

სკოლასთან თანამშრომლობა ნებისმიერი მშობლისთვის აუცილებელია. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ სკოლის ადმინისტრაცია ნებისმიერი კონფლიქტისა და ინციდენტის სრულად აღმოფხვრას თავად შეძლებს. აუცილებლად აცნობეთ მასწავლებელს თითოეული უსიამოვნო შემთხვევის შესახებ, რომელიც თქვენთვის ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები ბულინგს უფრო და უფრო აქტიურად ებრძვიან, მშობლების მხრიდან მეტი ჩართულობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ სკოლას ბულინგის სრულად აღმოსაფხვრელად სათანადო რესურსი არ გააჩნია. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ყოველდღიურ ქცევას. ფრთხილად იყავით, რათა ის კიბერბულინგის მსხვერპლად არ იქცეს. სოციალური ქსელების ხელმისაწვდომობა ბავშვებს სხვების ჩაგვრის უფრო დაუნდობელი მეთოდების ძიების საშუალებას აძლევს, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ საკუთარი აგრესია ანონიმურად გამოავლინონ. ჩაერთეთ სკოლის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ანტიძალადობრივ კამპანიაში, ითანამშრომლეთ პედაგოგებთან, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ბულინგის შესახებ და რაც მთავარია, იყავით თქვენი შვილის უახლოესი მეგობარი.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

არასდროს აიძულოთ ბავშვი ბოდიში მოიხადოს, თუ გსურთ, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ისწავლოს

არასდროს აიძულოთ ბავშვი ბოდიში მოიხადოს, თუ გსურთ, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ისწავლოს

მშობლები შვილებისგან ბოდიშის მოხდას ხშირად მოითხოვენ, როდესაც პატარები სხვების ნივთებს დაუკითხავად იღებენ, მეგობრებს ხელს ურტყამენ ან უფროსების მითითებებს არ ითვალისწინებენ. როდესაც ბავშვი ბოდიშს იხდის, მშობლები მას თითქმის არასდროს განუმარტავენ, თუ რატომ ითხოვა მან პატიება, რა დაუშავა სხვებს და რისთვის გაიკიცხა უფროსების მიერ. გაცნობიერებული მიზეზისა და მიზნის გარეშე ბოდიშის მოხდა პატარების ქცევაზე გავლენას ვერ ახდენს. ისინი ზრდასრულ ასაკშიც განაგრძობენ ფორმალურ მობოდიშებას, როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებენ, თუმცა მათი სინანული გულწრფელი არ არის და ისინი არც საკუთარი ქცევის გაცნობიერებას ან შეცვლას ცდილობენ.

ბავშვი, რომელსაც მშობლები ნეგატიური ქცევის გამო ბოდიშის მოხდას ხშირად აიძულებენ, მომავალში ყოველთვის ეცდება, რომ დანაშაულის მონანიებისას პასუხისმგებლობა სხვებზე გადაიტანოს. თუ ის სამსახურში საქმეს თავს კარგად ვერ გაართმევს, იტყვის: „მაპატიეთ, ჩემი გუნდი ცუდად მუშაობდა.“ როდესაც ასეთი ადამიანი რაიმეს გაწყენინებთ, გეტყვით: „მაპატიე, არ ვიცოდი, თუ შეწუხდებოდი.“ ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არასდროს აიღებს.

ნამდვილი მონანიება საკუთარი ქცევის ნეგატიური შედეგების გაცნობიერებას გულისხმობს, არ აქვს მნიშვნელობა ბოდიშს ზრდასრული ადამიანი იხდის, თუ ბავშვი. საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება ადამიანებს ძალიან უჭირთ. შეცდომის აღიარება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ბავშვებს დანაშაულის აღიარება განსაკუთრებით უჭირთ. ისინი გრძნობენ, რომ კარგი ადამიანები არიან, ამავე დროს აღმოაჩენენ, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინეს, რაც მათ გაურკვეველ შეგრძნებებს უჩენს. პატარები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება კარგმა ბავშვმა ცუდი საქციელი ჩაიდინოს. სწორედ ამიტომ, ისინი გონებაში თავის გამართლებას იწყებენ. ბავშვები ნეგატიურ ქცევას ორი მიზეზით ამართლებენ: ადამიანი, ვისაც ცუდად მოექცნენ, ამას იმსახურებდა ან მათი საქციელი არც ისე ცუდი იყო, როგორც ამას უფროსები ამბობდნენ.

ბავშვი შეცდომის აღიარებამდე ფრთხილად უნდა მივიყვანოთ. მშობლებმა პატარების შეცდომებზე სწორად რეაგირება უნდა ისწავლონ, რათა ბავშვს ბოდიშის მოხდის აღარ რცხვენოდეს. იმისთვის, რომ ბავშვს გულწრფელი მობოდიშება ასწავლოთ, პირველ რიგში, მას უნდა დაანახოთ, რომ თქვენ უკან დახევა შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა შვილმა მეგობარს სათამაშო წაართვა და სახლში გამოიქცა. თქვენ მის ქცევაზე მაშინვე არ უნდა გაცხარდეთ. ბავშვის საქციელს აუცილებლად ექნება გამართლება. ის ჯერ კიდევ ემოციებშია, როდესაც სახლში სხვისი სათამაშოთი ბრუნდება. ბავშვს დამშვიდება და დაწყნარება აცალეთ. მისი საქციელის ნეგატიურ ასპექტებზე მხოლოდ ამის შემდეგ გაესაუბრეთ. საჭირო არ არის, რომ ბავშვს დაუყვიროთ და ბოდიშის მოხდა მოსთხოვოთ. ბავშვი აუცილებლად მოგისმენთ, თუ მას მშვიდად აუხსნით, რომ ნივთის წართმევით ადამიანებს გულს ვტკენთ და ეს მოსაწონი საქციელი არ არის. ბავშვები ვერ გვისმენენ, როდესაც მათ ხმამაღლა ვუყვირით ან გაბრაზებით ვესაუბრებით. ისინი მშობლების რჩევებს მხოლოდ მაშინ ითვალისწინებენ, როდესაც საუბარი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ბავშვს ემოციების გააზრებაში უნდა დაეხმაროთ. თქვენი შვილი მიახვედრეთ, თუ რატომ მოიქცა ის ნეგატიურად, რამ გამოიწვია მისი ამგვარი ქმედება. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობდა, როდესაც მეგობრის სათამაშოს იღებდა. შესაძლოა, ბავშვი მეგობრის სათამაშოზე ეჭვიანობდა ან გადაღლილი იყო და არ იცოდა, რას აკათებდა. თქვენს შვილს აუხსენით, რომ მას, როგორც ყველა სხვა ადამიანს აქვს გარკვეული ემოციები და ეს სავსებით მისაღებია, თუმცა ემოციების გამოხატვის ყველა ფორმა გამართლებული არ არის. თუ ბავშვს გრძნობების სიტყვებით გამოხატვას არ ასწავლით, შესაძლოა, ის საკუთარ განცდებში დაიკარგოს.

ბავშვი საკუთარ ემოციებში რომ გაერკვევა, მას სხვების განცდებისა და გრძნობების შესახებ ესაუბრეთ. თქვენს შვილს აუხსენით, რომ სხვებსაც ისეთივე ემოციები აქვთ, როგორც მას. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რას მოიმოქმედებდა ყველაფრის თავიდან გაკეთება რომ შეძლებოდა. შეგიძლიათ ბავშვს დაახატინოთ ან დააწერინოთ მისი განცდებისა და ემოციების შესახებ. როდესაც პატარა საკუთარ შეცდომას მიხვდება, ის ბოდიშის მოხდისთვის მზად არის.

გულწრფელი ბოდიში საკუთარი საქციელის დეტალურ გაანალიზებას, სხვისი განცდების სწორად გაგებას და ქცევის შეცვლის სურვილს გულისხმობს. ბავშვმა ბოდიში სამი სიტყვით არ უნდა წარმოთქვას. როდესაც ის მეგობარს სათამაშოს წართმევის გამო მოუბოდიშებს, შემდეგი სიტყვები უნდა გამოიყენოს: „ბოდიში, რომ სათამაშო წაგართვი. ვიცი, ამ ქცევით გული გატკინე. ეს სათამაშო შენია და არა ჩემი. მომავალში შენი სათამაშოს აღების ნაცვლად სხვა რამით გავერთობი.“

ბავშვი, რომელიც გულწრფელ მობოდიშებას სწავლობს, უფროსებისგან ზეწოლას აღარ საჭიროებს. ის საკუთარ შეცდომებს თავას აცნობიერებს და არც ბოდიშის მოხდა უძნელდება. დანაშაულის გამოსწორების მიზნით, ბავშვი, შესაძლოა, მეგობარს ჩაეხუტოს, მას საჩუქრად ნახატი დაუხატოს და ა.შ. ჩვენ ყოველთვის სხვების ქმედებებიდან გამომდინარე ვსწავლობთ, საუბარი ნაკლებად ეფექტიანია. თუ ბავშვი დანაშაულს არასდროს აღიარებს, დაეხმარეთ მას, რომ მეგობრის გრძნობებში გაერკვეს. უთხარით ბავშვს, რომ ჰკითხოს თავის მეგობარს, თუ როგორ გრძნობს თავს. ბავშვმა მოვლენების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვა უნდა ისწავლოს.

ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ მიუხედავად გულწრფელი სინანულისა, მას, შეიძლება, არ აპატიონ კიდეც ჩადენილი დანაშაული. თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ ბოდიში საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებისთვის სჭირდება და არა იმისთვის, რომ სხვების პატიება დაიმსახუროს. როდესაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს გულწრფელ მობოდიშებას, ის საკუთარ ქცევებს და მათ შედეგებს ყოველთვის წინასწარ აანალიზებს და ცხოვრებაში შეცდომებს იშვიათად უშვებს. ზრდასრული ადამიანების უდიდესი ნაწილი არასწორი აღზრდის გამო მობოდიშებას და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ყოველთვის თავს არიდებს. თქვენს შვილს ასწავლეთ, რომ დანაშაულის აღიარებაში ცუდი არაფერია. რაც უფრო გულახდილი იქნება ადამიანი საკუთარ თავთან და სხვებთან, მით ნაკლებად დაუშვებს ცხოვრებისეულ შეცდომებს.

მომზადებულია​ todaysparent.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად