Baby Bag

ბავშვებსა და თინეიჯერებში სოციალური უნარების განვითარების 10 საუკეთესო გზა

ბავშვებსა და თინეიჯერებში სოციალური უნარების განვითარების 10 საუკეთესო გზა
თანამედროვე სამყაროში ბავშვებსა და თინეიჯერებს ბევრი ისეთი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, რომელთა შესახებ წინა თაობებმა ცოტა რამ თუ ​იციან. სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების წამყვანი როლი სოციალურ ურთიერთქმედებათა ახალ მოდელს ქმნის, რომლის შესახებ ნათელი წარმოდგენის შექმნა აუცილებელია.

ბავშვებისა და თინეიჯერების გარემოცვაში თუ მოხვდებით, ხშირად გაიგონებთ მსგავს ფრაზას: „ტელეფონზე საუბარი საშინელებაა. ამას უკვე აღარავინ აკეთებს.“ არცთუ იშვიათია შემდეგი სახის საუბრებიც: „ხალხი ჩემზე ისეთი წარმოდგენისაა, რომ ამის შესახებ საუბარი არც მსურს.“ ბავშვების მხრიდან მსგავსი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ ერთი მთავარი კითხვა ჩნდება: როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენ: პედაგოგებმა, მშობლებმა და ფსიქოლოგებმა მოზარდებში ადეკვატური სოციალური უნარების განვითარება, რათა მათ ღია და გახსნილი ურთიერთობების დამყარება თავისუფლად შეძლონ? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო მეთოდი, რომლებიც ბავშვებსა და თინეიჯერებში ჯანსაღი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ბავშვებში სოციალური უნარების განვითარების 5 საუკეთესო გზა

1. გაცნობითი ხასიათის როლურ თამაშებში მონაწილეობა

როგორ იწყებს ადამიანი ურთიერთობას უცხო პიროვნებასთან, რომლის შესახებ მან არაფერი იცის?! ეს ის საკითხია, რომლის შესახებ ბავშვები ძალიან ბევრს ფიქრობენ. მათ აიტერესებთ, თუ ვინ არის ადამიანი, რომელთანაც ჯერ არასდროს უსაუბრიათ, ეჭვობენ, აქვთ კი რაიმე საერთო სრულიად უცხო პიროვნებასთან და ფიქრობენ, როგორ უნდა დაიწყონ მასთან საუბარი. ბავშვების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და მათი შიშების დასაძლევად, მშობელმა საკუთარ შვილთან როლური თამაშები უნდა წამოიწყოს, რომელშიც ბავშვი უცნობი ადამიანის როლს შეასრულებს, მშობელი კი საკუთარი შვილის როლში მოგვევლინება. მსგავსი თამაშებით ბავშვმა პასუხი უნდა მიიღოს ყველა კითხვაზე, რომელიც მას აწუხებს. მან უნდა ისწავლოს, თუ როგორ ჩაერთოს დაგვიანებით ისეთ თამაშში, რომელიც უკვე სხვებმა წამოიწყეს, როგორ დაპატიჟოს მეგობარი სათამაშოდ. ოჯახურ გარემოში სხვა და სხვა სოციალური სცენარის გათამაშება ბავშვს ახალი ურთიერთობების წამოწყების შიშის დამარცხებაში დაეხმარება.

2. თამაში - „ემოცითა გამოცნობა“

ცოცხალი ურთიერთობების ნაკლებობა ბავშვებს თანატოლების ემოციური განწყობების ამოცნობის უნარს უქვეითებს. ჩამოწერეთ ფურცლებზე სხვა და სხვა ემოციის აღმნიშვნელი სიტყვები. თითოეულმა თამაშის მონაწილემ ის ემოცია უნდა გამოხატოს, რომელიც მის კუთვნილ ფურცელზე წერია. მეტი გამოწვევისთვის, ემოციების გამოსახატად მხოლოდ სახის მიმიკების გამოყენებას ნუ დასჯერდებით. თამაშის დროს აქტიურად გამოიყენეთ სხეულის ენა. მაგ. გაბრაზების გამოსახატად ხელები გადააჯვარედინეთ და მკერდზე მჭიდროდ მიიკარით. მსგავსი თამაშები ბავშვებში აუცილებლად გააჩენს შემდეგი სახის კითხვებს: რა იწვევს ამა თუ იმ ემოციას ადამიანებში? როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან უარყოფითი ემოციები და ა.შ.

3. საუბრის ტონის შეხამება ემოციასთან

ემოციისა და საუბრის ტონის ურთიერთშეხამება სხვა და სხვა გზით შეიძლება, იქნება ეს შარადების გამოცნობა, როლური თამაში თუ ფილმების ერთად ყურება. ბავშვებთან ერთად ეკრანებს მიუსხედით და ადამიანის საუბრის ტონით მისი ემოციური მდგომარეობის გამოცნობა სცადეთ.

4. ვარჯიში რიგის დაცვაში

რიგის დაცვა და მოთმინების გამომუშავება ბავშვებისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს. ეცადეთ ბავშვები ისეთ აქტივობებში ჩართოთ, რომლებიც მათგან მოთმინების გამოვლენას და რიგის დაცვას მოითხოვს. მაგ. ბავშვებთან ერთად გააფერადეთ ფურცელი ისე, რომ საერთო შრომაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს, ხატეთ მორიგეობით, ასწავლეთ ბავშვს, რომ მოთმინებით დაელოდოს თავის რიგს, სანამ სხვები მუშაობენ.

5. ბავშვის ინტერესების გათვალისწინება

ახალი სოციალური უნარების განვითარებისთვის ბავშვის ინტერესები და ჰობი გამოიყენეთ. თუ თქვენს შვილს ფეხბურთი იტაცებს, ესაუბრეთ გუნდური თამაშის მნიშვნელობაზე, ასწავლეთ, როგორ უნდა დაეხმაროს თანაგუნდელს, რომელიც კარგად ვერ თამაშობს.

თინეიჯერებში სოციალური უნარების განვითარების 5 საუკეთესო გზა

1. ქველმოქმედებაში ერთობლივი ჩართვა

ქველმოქმედებაში ერთობლივი ჩართვა თქვენ და თქვენს თინეიჯერ შვილებს საერთო ინტერესებს გაგიჩენთ. ისინი მეტად მოგენდობიან და თქვენს ქმედებებს მაგალითად გამოიყენებენ. საკუთარი ქცევით ეტიკეტის ისეთი სტანდარტი უნდა აჩვენოთ, რომელიც თქვენს შვილს არამხოლოდ თანატოლებთან, არამედ უფროსებთან ურთიერთობაშიც გამოადგება.

2. თამაში - „თქვი, რაც გსურს!“

აღნიშნული თამაშის პრინციპი შემდეგია: მონაწილეები კითხვებს გისვამენ, თქვენ კი ნებისმიერი თქვენთვის სასურველი გზით პასუხობთ. გულახდილობა და ემოციების ღიად გამოხატვა შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თამაშის დროს ნებისმიერ თემაზე საუბარი უნდა შეგეძლოთ. თუ კითხვა აღგაფრთოვანებთ, შეგიძლიათ სიხარული ხტუნვით ან ხმამაღალი შეძახილით გამოხატოთ.

3. როლური თამაში - „გასაუბრება“

მოზარდებს გასაუბრებები ძალიან აშინებთ. მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ, როდესაც სამსახურის შოვნას ცდილობენ და გასაუბრებაზე საკუთარი უნარების გამოვლენა სჭირდებათ. მათთან ერთად როლური თამაში წამოიწყეთ. მიაწოდეთ თქვენს თინეიჯერ შვილს დამსაქმებლის კითხვარი, თქვენ კი სამსახურის მაძიებლის როლი მოირგეთ. აღნიშნული სცენის გათამაშება მომავალ გასაუბრებებთან დაკავშირებით მას გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის და უფრო თავდაჯერებულს გახდის.

4. საჭიროებების გამოვლენა წერის დახმარებით

იმის ნაცვლად, რომ თქვენს თინეიჯერ შვილს ყველა სურვილი აუსრულოთ, მას საკუთარ საჭიროებებში გარკვევა უნდა ასწავლოთ. სთხოვეთ თქვენს შვილს წერილობითი სახით გთხოვოთ დახმარება. წერა ჩვენი მოთხოვნებისა და პრობლემების სიღრმისეულ ანალიზში გვეხმარება. ამა თუ იმ პრობლემაზე გულახდილი წერილის დაწერა თქვენს შვილს საკუთარი სურვილების გაცნობიერებისკენ უბიძგებს.

5. თამაში - „უხერხული ვითარება“

ეს გასართობი და მხიარული თამაში სპეციალურად თინეიჯერებისთვის შეიქმნა. მონაწილეებმა უხერხული სიტუაციები უნდა გაითამაშონ და მათგან თავის დაღწევის გზები ეძებონ. აღნიშნული თამაში თინეიჯერებს ძალიან უყვართ და მისი დახმარებით სასარგებლო და საჭირო სოციალურ უნარებსაც ადვილად იძენენ.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის ეზოს თამაშები აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის? - ფსიქოლოგ ანა თუნიაშვილის რეკომენდაციები

რატომ არის ეზოს თამაშები აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის? - ფსიქოლოგ ანა თუნიაშვილის რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა ანა თუნიაშვილმა ბავშვის განვითარებისთვის ეზოს თამაშების უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა:

​ბავშვებს მეტად მოსწონთ ფიზიკური აქტივობები, სადაც თვითონ უფრო აქტიურები არიან, ვიდრე კომპიუტერთან ან პლანშეტთან ჯდომა, როდესაც ბავშვი პასიურია, მხოლოდ თითებს ამოძრავებს. თამაშის დროს მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ბავშვს და მშობელს შორის ამ დროს ხდება ემოციური კავშირების გამყარება. მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს ასწავლონ ახალი უნარები, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა სხვა ბავშვებთან. მშობლებს შეუძლიათ მოდელის მიცემით განავითარონ ბავშვის მეტყველება, ასწავლონ კონფლიქტების მოგვარება, თანამშრომლობა.“

ანა თუნიაშვილის თქმით, ეზოს თამაშებით ბავშვი დამოუკიდებლობას სწავლობს:

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ​ბავშვებს ჰქონდეთ დრო ითამაშონ დამოუკიდებლად, მარტო. ეზოს თამაშები სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იქ დამოუკიდებლობას სწავლობენ ბავშვები. შეიძლება ავძვრე სადღაც და ჩემზეა დამოკიდებულები, ჩამოვალ თუ არა. ბავშვი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის მნიშვნელოვანი უნარი, რაც სჭირდება შემდეგ რეალურ ცხოვრებაში.“

„სასურველია, რომ პრობლემა თვითონ ბავშვებმა გადაჭრან, მონახონ გზები, როგორ წავიდნენ კომპრომისზე, ისწავლონ საგნების გაზიარება. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ვითარება კრიტიკულია, სასურველია, რომ ჩაერიოს ბავშვების კონფლიქტში. მ​შობელი უნდა ჩაერიოს მსუბუქად და გადაწყვეტილებები ბავშვებმა მიიღონ. სასურველია ბავშვებს წარვუდგინოთ ახალი თამაშები. თუ არ მოსწონს მას რეზინობანა და კლასობანა, ბუნებრივია, რომ არც ითამაშებს. ბავშვს უნდა ჰქონდეს უამრავი თავისუფალი დრო თამაშისთვის. ადრეულ ასაკში ბაღშიც და სკოლაშიც აქტივობები უნდა მიმდინარეობდეს თამაშის მეშვეობით,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა თუნიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად