Baby Bag

​რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის? - რეკომენდაციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგისგან

​რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის? - რეკომენდაციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგისგან

რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის და როგორ დავეხმაროთ მათ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა.

რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის?

შიში ისეთივე მნიშვნელოვანი ემოციაა, როგორც სიხარული, ბრაზი და ა.შ. ხშირად სამუშაო პროცესში ვხვდები დამოკიდებულებას, რომ შიში ცუდი ემოციაა და სირცხვილთანაც აკავშირებენ. ზოგადად, ემოციებთან და მათ შორის, შიშთანაც, არასწორი შეფასებაა - ცუდი ან კარგი. სინამდვილეში შიშს დიდი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, გვიცავს აღქმული საფრთხეებისგან.

შიშს ყველა ბავშვი გრძნობს ბავშვობაში, ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ჩვეულებრივ, პირველად 3-დან 6 წლამდე ასაკში ჩნდება. ამ ასაკში ბავშვებს უჭირთ გამიჯნონ ფანტაზია და რეალობა, ამიტომ საწოლის ქვეშ ან კარადაში შესაძლოა წარმოიდგინონ სხვადასხვა პერსონაჟი.

- თუ პრობლემას ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლებელია თუ არა მომავალში გართულდეს?

ისეთი ფრაზები, როგორიც არის „არაფერია საშიში”, „ნუ გეშინია”, „ამხელა ბიჭს/გოგოს როგორ გეშინია, სირცხვილია” - დაუშვებელია. ბავშვის ემოციის იგნორით, გაბრაზებით, შერცხვენით ან გაუფასურებით, მას ვერ ვეხმარებით, პირიქით, უკიდურესი შედეგები შეიძლება მივიღოთ.

- როგორ დავეხმაროთ და ავუხსნათ პატარას, რომ არაფერია საშიში?

სიბნელის შიში არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიბნელის შიში. ეს შიში გულისხმობს სიბნელეში რაიმე საფრთხის არსებობის და მისი ვერ დანახვის შიშს. აქედან გამომდინარე, ფანტაზიის დახმარებით ბავშვისთვის ჩრდილი ბნელ კუთხეში შეიძლება მონსტრად გადაიქცეს. მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს ძლიერი შიში, რომ საწოლის ქვეშ მონსტრია და ჩვენ ვუხსნით რომ საწოლის ქვეშ საფრთხე არ არის, მაგრამ მას ისევ ეშინია, ამ დროს, შესაძლოა მშობელი გაღიზიანდეს, გაბრაზდეს ან საკუთარი თავი დაადანაშაულოს რომ საკმარისად კარგად ვერ უხსნის. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ასაკობრივი თავისებურება, ბავშვს აღნიშნულ ასაკში უჭირს ფანტაზიის და რეალობის გამიჯვნა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა თქვენ გისმენდეთ, მაგრამ ამან გავლენა არ იქონიოს და კიდევ უფრო მეტად დატვირთოს ბავშვის ემოციური მდგომარეობა.

- რა გზები არსებობს შიშის დასაძლევად?

რეკომენდაციები:

- მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ და ვაღიაროთ ბავშვის შიში, ვალიდურად მივიღოთ და არავითარ შემთხვევაში არ გავაუფასუროთ. ასევე, არ არის რეკომენდებული ისეთი სქემების მიწოდება, როგორიც არის „კარგ ბავშვებს არ ეშინიათ”, „კარგ ბავშვებთან მონსტრები არ მოდიან”.

როგორც აღვნიშვნე, მნიშვნელოვანია ვალიდაცია მივცეთ ბავშვს, ვაგრძნობინოთ თანაგანცდა, რომ მარტო არ არის ამ შიშთან და გვსურს მისი დახმარება. თუ ჩვენ ვალიდურად მივიღებთ მის შიშს, დავეხმარებით ამ შიშის გამოკვლევაში და შესწავლაში, ბავშვი მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს და აუცილებლად გაუმკლავდება.

თუ ბავშვს ეშინია ბნელ ოთახში მარტო დარჩენის და დაძინების, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ხშირად გავატაროთ დრო ერთად ბნელ ოთახში. მაგალითად, ჩაბნელებულ ოთახში მოვაწყოთ ფანრებით განძის ძიება ან კედელზე ჩრდილებით ვითამაშოთ. რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ მხიარულად სიბნელეში, ბავშვი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ისწავლის როგორ გამოიკვლიოს შიში, არსებული გარემო. ასევე, შესაძლოა დაეხმაროს ძილის მეგობარი, სათამაშო, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.

შეგვიძლია ძილის წინა რიტუალის შემდეგ ერთად ფანრით გამოვიკვლიოთ ოთახის კუთხეები, საწოლის ქვეშ არსებული სივრცე და ეს ფანარიც დავუტოვოთ ბავშვს, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტომაც გააგრძელოს გამოკვლევა.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად