Baby Bag

,,მოზარდის გარდატეხის ასაკი არის ოჯახური კრიზისი" - ლალი ბადრიძე

,,მოზარდის გარდატეხის ასაკი არის ოჯახური კრიზისი" - ლალი ბადრიძე

რას ნიშნავს მოზარდისთვის გარდატეხის ასაკი და როგორ უნდა მოიქცს მშობელი მართებულად - ამის შესახებ ლალი ბადრიძემ ,,იმედის დღის" ეთერში ისაუბრა და გარდატეხის ასაკის სირთულეებს გაუსვა ხაზი.

,,გარდატეხის ასაკის კრიზისი - კრიზისი ნიშნავს ზრდას, წინ წასვლას, განვითარებას. ამის გარეშე ბავშვი ვერ განვითარდება. ჩემი აზრით, ზოგადად, ეს პერიოდი არის ოჯახური კრიზისი და არამარტო ბავშვის. 9-10-11 წლის ასაკში, ძირითადად, შვილები უჯერებენ საკუთარ მშობლებს, სულ მალე კი ისინი აღმოაჩენენ - როგორ ბავშვი აღარ უჯერებს. ამ დროს მშობელს აქვს ძალიან დიდი პროტესტი - ფაქტობრივად, მისი შვილი სხვა ადამიანია. 

მშობელმა ამ დროს რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი გახლავთ მიუღებლობა. შემდგომ ის ფიქრობს - რამე ხომ არ დავაკელი? ჩემში ხომ არ არის პრობლემა? შემდეგ მას უჩნდება აგრესიაც - როგორ ვერ ვაგებინებ, რასაც ვეუბნები? რატომ არ სწავლობს? მობილურს რატომ არ პასუხობს? და ა.შ. ამასთან, მშობლები იწყებენ საკუთარი თავის დადანაშაულებას. შემდეგ ის უკვე, ნელ-ნელა, იწყებს ამ ყველაფრის მიღებას. მშობლებს სჭირდებათ, რომ ამ სიტუაციას სხვანაირად შეხედონ - მისი შვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც იყო, არამედ გახლავთ სულ სხვა ადამიანი. როდესაც ბავშვი მოზარდობის ასაკშია, მასში არის ორი ადამიანი - ერთი არის გაზრდილი, პიროვნება - ამ დროს ის აყალიბებს საკუთარ გარემოს. ურთიერთობებს, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, მეორე მხრივ კი ის არის პატარა ბავშვი. 

მოზარდს უნდა დავაცადოთ, რომ ჩამოყალიბდეს ადამიანად, პიროვნებად. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მას სრული თავისუფლება უნდა მივანიჭოთ - რაც მეტი თავისუფლებაა, მით მეტი მოვალეობა უნდა ჰქონდეს", - განმარტავს ლალი ბადრიძე.

წყარო: ,​,იმედის დღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

თერაპიული სახის აქტივობები ბავშვებისთვის

თერაპიული სახის აქტივობები ბავშვებისთვის

ამ ეპოქაში გახშირდა ადამიანთა სტრესული სიტუაციები და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ისინი ცდილობენ იპოვონ ასეთ მდგომარეობებთან გამკლავების გზები. 

იგივე პრობლემა სკოლის მოსწავლეებსაც აწუხებთ, შფოთვის ერთ-ერთ წყაროს გადატვირთული გრაფიკი, მუდმივი საგამოცდო პერიოდები და დროის არასწორი განაწილება წარმოადგენს. არსებობს თანამედროვე სტრატეგიები, რომელიც დროებით მოგწყვეტთ კომპიუტერს და იზრუნებს თქვენთვის სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე. მსგავსი აქტივობებია იოგა, მედიტაცია, მინიმუმ 20 წუთით ფეხით სეირნობა ან საყვარელი საქმის კეთება: საჭმლის მომზადება ან თუნდაც ხატვა.

თუ თქვენ გყავთ შვილი, რომელიც სკოლის მოსწავლეა, თინეიჯერი ან უფრო მცირე ასაკის, შეგიძლიათ, შესთავაზოთ ქვემოთ მოყვანილი 3 ატივობა. 

პირველ მათგანს ჰქვია მანდალას შექმნა ან გაფერადება.

მანდალა ბევრი სასწავლო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ახალი თაობის საჭიროებებზეა მორგებული. ის ავითარებს ისეთ ინტერპერსონალურ უნარებს, როგორიცაა: 

  • თავდაჯერებულობა, 
  • საკუთარი თავის რწმენა, 
  • ნებისყოფა და ა.შ

სასწავლო ტექნიკა გამოიყენება როგორც ექსპერიმენტული სავარჯიშო. 

მანდალა გაჩნდა ბუდისტური ტრადიციიდან და სანსკრიტიდან ნიშნავს „წრეს“ ან „ცენტრს“, ის არის ასევე სიმბოლო ერთიანობისა და მთლიანობის, საუკუნეების მანძილზე ბევრი კულტურა და რელიგია იყენებდა ვიზუალური მედიტაციისთვის და ხელოვნების ნიმუშის შექმნისთვის. 

კარლ იუნგმა ეს ტექნიკა პირველად ამერიკის შეერთებილ შტატებში გააცნო ადამიანებს და გამოიყენა თავის თერაპიაში. როგორც შემოქმედებითი, აქტიური სასწავლო სტრატეგია ეხმარებოდა სტუდენტებს დასავლური ფილოსოფიის, ჯგუფური პროცესების, იუნგისეული თერაპიის და საკუთარი თავის შეცნობაში,

ბავშვებისთვის მანდალას გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:

მანდალა ეხმარება ბავშვებს საკუთარი თავის შემოქმედებითი გზით გამოხატვაში, ამასთან ერთად მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. აძლევს ბავშვებს სივრცეს თავიანთი გრძნობებისა და ფიქრებისთვის, საშუალებას გამოხატონ ქვეცნობიერი პროცესები უსაფრთხო სივრცეში, გაფერადება და მანდალაზე ფოკუსირება ამშვიდებს. მისი შექმნა ეხმარება ნეგატიური ფიქრებისაგან თავის დაღწევაში, ასევე ეხმარება კუნთებს რელაქსაციისთვის, ორგანიზმს სისხლის მიმოქცევაში.

  • ზრდის კონცენტრაციის უნარს
  • ამცირებს იმპულსურ ქცევას
  • ასტიმულირებს კრეატიულობას
  • ეხმარება შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს

სუნთქვითი ვარჯიშები

ამ აქტივობას ქვია „ოკეანის სუნთქვა“, სთხოვეთ ბავშვს მოთავსდეს კომფორტულ პოზიციაში, შემდეგ ნელა და ღრმად ჩაისუნთქოს ცხვირით ჰაერი და პირის ღრუდან ისე გამოუშვას, თითქოს სანთელს აქრობდეს, ან წარმოიდგინოს, რომ ხელში ყვავილი უჭირავს, მაგალითად ბაბუაწვერა, და სული ისე შეუბეროს, რომ შეძლოს მისი ბუსუსების ჰაერში გაფანტვა.

კარგი სარელაქსაციო პრაქტიკაა ასევე საპნის ბუშტების გაბერვაც, რომელიც ბავშვებს ასე ძალიან უყვართ.

 

მადლიერების ყულაბა

მადლიერების ყულაბა არის სახალისო, შემოქმედებითი, ხელმისაწვდომი გზა ბავშვებისთვის, რომ ისწავლონ თუ რა არის მადლიერება, რაც ამასთანავე არის დღის ბედნიერად დაწყების გარანტი. ეს ტრადიცია თქვენს შვილს მისცემს საშუალებას დღე წარმატებულად დაიწყოს. ამ აქტივობით თითოეულ ბავშვს შეუძლია შექმნას სპეციალური ყულაბა, სადაც ისინი შეინახავენ სამადლობელო სიტყვებს. 

საჭირო მასალა:

  • სუფთა ქილა/მინის ან პლასტმასის
  • ლენტები, სტიკერები და ა.შ
  • ბლანკი სამადლობელი სიტყვებისთვის/შეგიძლიათ ამობეჭდოთ

თავდაპირველად დაეხმარეთ ბავშვს დეკორატიულად მორთონ თავიანთი ქილა, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაფთები, ლენტები, სტიკერები და ა.შ ამის შემდეგ დროა მოვამზადოთ 3 სამადლობელი წინადადება. ბავშვებს შეუძლიათ ეს სიტყვები გამზადებულ შაბლონზე დაწერონ, რომელსაც ექნება დაახლოებით ასეთი შინაარსი:

  • 3 ადამიანი, რომელიც მე მაბედნიერებს...
  • დღეს თავი ბედნიერად ვიგრძენი, როცა
  • ის, რაც მე ღიმილს მგვრის არის..

დაასრულებინეთ ეს წინადადებები ან მიეცით უფლება თავად მოიფიქროს, მაგალითად:

„მადლობელი ვარ, რომ მყავს კატა, რადგან ის ჩემს დღეებს მიხალისებს“

„მადლობელი ვარ, რომ სადილზე ჩემი საყვარელი პიცა მქონდა“

„მადლობელი ვარ ბაბუას, რადგან ის ყოველთვის ჩემთანაა რთულ მომენტებში“

ამის შემდეგ შეგიძლიათ განიხილოთ თითოეული წინადადება და სთხოვოთ ბავშვს ყოველ დღე ჩაყაროს ფურცლები ყულაბაში, რადგან ეს აქტივობა გახდეს ცხოვრებისეული რუტინის ნაწილი.

ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია

წაიკითხეთ სრულად