Baby Bag

,,არ აუკრძალოთ ბავშვებს სიცელქე, სპონტანურობა, რაც არის ბავშვობის შემადგენელი ნაწილი" - ფსიქოლოგი

,,არ აუკრძალოთ ბავშვებს სიცელქე, სპონტანურობა, რაც არის ბავშვობის შემადგენელი ნაწილი" - ფსიქოლოგი

რა არ უნდა ავუკრძალოთ საკუთარ შვილებს, რის უფლება უნდა მივცეთ მას და, ამასთანავე, როგორ მივცეთ გარკვეული მიმართულებები - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე საუბრობს.

,,არ აუკრძალოთ თქვენს შვილებს, თქვან ,,არა", შეგეწინააღმდეგონ, გამოთქვან უკმაყოფილება. ამით თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ისინი გაიგებენ საკუთარი სიტყვისა და აზრის ფასს. მათ ეცოდინებათ, რომ შეუძლიათ, ყოველთვის იყვნენ უკმაყოფილოები რაღაცით და გამოთქვან, არ დაიტოვონ თავიანთ თავებში, რათა შეძლონ, როცა გაიზრდებიან, მართონ საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც საჭიროა. ასევე, მათ ეცოდინებათ, რომ არ ჩაყლაპონ რაღაცები ზედმეტად და არ განერიდონ კონფლიქტურ სიტუაციას იმის გამო, რომ ვერ აფიქსირებენ თავიანთ უკმაყოფილებას.

არ აუკრძალოთ თქვენს შვილებს თვითშემოქმედება. დახატოს ისე, როგორც მოსწონს. თუ ჩაერევით, ნუ შეეცდებით - შეიტანოთ მის თავისუფალ ხატვაში შტრიხები. ამზადებს საკვებს? როგორი უცნაური ინგრედიენტებიც უნდა გამოიყენოს, მიეცით საშუალება, რომ მოამზადოს. ამის ის საკუთარ თავსა და გარემოს შეიმეცნებს, უვითარდება ფანტაზია, უვითარდება შემოქმედებითი აზროვნება და, რაც მთავარია, იტვირთება. განტვირთვის ხასიათი აქვს ყველა აქტივობას მაშინ, როდესაც ამას აკეთებს თავად და არ ხდება გარემოდან კონტროლი, ჩარჩოებში მოქცევა. რა თქმა უნდა, თუკი მისი უსაფრთხოება დაცულია.

არ აუკრძალოთ თქვენს შვილს, ჩაიცვას ის, რაც მოსწონს, რადგან ის ამით სწავლობს, რომ უყვარდეს საკუთარი თავი. მთავარი ის კი არ არის, რომ გემოვნების სტანდარტში ჯდებოდეს  ტანსაცმელი ან მხოლოდ თქვენს, საზოგადოების სტანდარტებს აკმაყოფილებდეს ის, მთავარია მან - ბავშვმა იგრძნოს თავი ლამაზად, კომფორტულად. მთავარია, მას მოსწონდეს ის, რაც აცვია და ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, დაიხვეწება მისი გემოვნება ან დარჩება ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. პრობლემა სწორედ ის არის, როდესაც ხდება აკრძალვა და ბავშვმა იცის, რომ არ აქვს უფლება, ჩაიცვას ის, რაც უნდა, იგრძნოს თავი ისე, როგორც უნდა და ამ დროს კარგავს ის საკუთარ თავს.

არ აუკრძალოთ ბავშვებს სიცელქე, სპონტანურობა, რაც არის ბავშვობის შემადგენელი ნაწილი და რასაც, სამწუხაროდ, როდესაც ვიზრდებით, ისედაც ვკარგავთ და ვერგებით საზოგადოების მიერ დადგენილ ჩარჩოებს, იცელქოს, იხმაუროს. ნუ ვცდილობთ, ვთხოვოთ, რომ, მაგალითად, ნაკლებად ხმამაღლა იმღეროს, ნაკლებად ხმამაღლა დაუკრას. თუკი მისი უსაფრთხოება დაცულია, გააკეთოს ის სპონტანურად, რაც მას სჭირდება. ამის ის ვითარდება. ჩვენ შეგვიძლია, ვმართოთ ბავშვის განვითარება, გარკვეული კორექტირება შევიტანოთ ისე, რომ არ შევულახოთ უფლება, არ ავუკრძალოთ აზრის გამოთქმა, არ ავუკრძალოთ კონკრეტული აქტივობები, მაგრამ მივცეთ მიმართულება:, - ურჩევს მშობლებს ელენე ჯაფარიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეთ," - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი ბავშვთან ურთიერთობისას სიტყვა „არას“ გამოყენების შეზღუდვის საჭიროებაზე საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რომ არას სანაცვლოდ მათ ბავშვს სხვა ალტერნატივა შესთავაზონ:

„ბავშვებთან ურთიერთობისას სიტყვა „არა“ ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ. არას სანაცვლოდ ბავშვს ვთავაზობ რაღაცას, მაგ. მოდი, ერთად მოვძებნოთ შენთვის სათამაშო. აკრძალვების ქვეშ გაზრდილი ბავშვი არის ბავშვი, რომელსაც კომპლექსები უჩნდება, რომელსაც სიახლის შიში აქვს, არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. ვერ ვიტყოდი, რომ ის უფრო აგრესიული ბავშვი გაიზრდება. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და არცერთი კვლევა არ გამორიცხავს, რომ ერთი მიდგომით სხვა ბავშვი სხვანაირი არ გაიზრდება.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, მუდმივი აკრძალვა ბავშვს უინიციატივობას და მორჩილებას აჩვევს:

„მუდმივი აკრძალვა ნიშნავს, რომ რაღაცას ვაფუჭებ, ეს არ შეიძლება, ეს არ უნდა გავაკეთო, სულ სხვას ვუჯერებ. მე რომ ჩემით გავაკეთო რამე, ჩემი ინიციატივა წაახალისონ, ან დავაშავე, გავტეხე ჭიქა, მაგრამ კი არ დამსაჯეს, მითხრეს, რომ არაუშავს, ძველი იყო და გადავაგდოთო, ეს არის ნორმალური.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, აკრძალვა ყველა ბავშვისთვის საჭიროა, თუმცა მას ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს:

„აკრძალვა ყველა ბავშვს სჭირდება. იმისთვის, რომ ფასეულობები ჩამოყალიბდეს, პატარიობიდანვე იწყება ეს პროცესი. რაღაც არის, რაც არ შეიძლება, არის, რაც შეიძლება. აქ იმაზეა საუბარი, რომ როდესაც მუდმივად გესმის: „ეს არ გააკეთო, ეს არ შეიძლება,“ მართლა უკვე აღარ ისმინება. მშობლები და ოჯახის წევრები უნდა შეთანხმდნენ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. დარტყმა არ შეიძლება, შეურაცხყოფა არ შეიძლება, ფანჯარაზე ასვლა არ შეიძლება, არ შეიძლება, რომ კიბეებზე ათ კიბეს გადაახტე. უბრალოდ ბავშვს ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. არის ის, რაც რეალურად არ შეიძლება, მაგრამ ამ არ შეიძლებას მოჰყვება ახსნა.“

„არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეთ. ესეც უკუშედეგს გამოიღებს, იმიტომ, რომ ბავშვმა არ იცის სიტყვა არას მნიშვნელობა. თუ ოჯახში ხელს ვერ უწყობენ და ყველა ხელს ვერ შეუწყობს, ის დაიწყებს ისტერიკას, რას ჰქვია არა მითხრესო. ემოციური პრობლემები ამ შემთხვევაშიც ჩნდება, ისევე როგორც ყველაფრის აკრძალვის დროს,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად