Baby Bag

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,​ბავშვი რომ იბადება, მის წინ არის მთელი ცხოვრება. მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ ის იყოს მაქსიმალურად განვითარებული, მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზება", - ამის შეხახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა, ყარამან ფაღავამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" განაცხადა.

,,მილიარდობით ნეირონი არის ტვინში, მათ შორის კავშირებია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ხედი, საგანი, მოფერება და ა.შ. ამ ნეირონებს შორის განაპირობებს გაღვივებას და ასე ხდება ბავშვი უფრო მეტად გონიერი, აქტიური. ამიტომაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესებს. თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, ჩვეულებრივი ამბავია - ორგანო, რომელიც არ მუშაობს, იწყებს დაკნინებას. მინდა, მშობლებმა და საზოგადოებამ არ დაივიწყოს, რომ პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სამწუხარო ტენდენციას აქვს ადგილი - ერთი, რომ დემოგრაფიულად ვმცირდებით და მეორე - კულტურული კოდის ელემენტები მცირდება.  წინათ ქართული ახალგაზრდობა არ დადიოდა ექსკურსიებზე. ახლა შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ სამშვილდეში ვიყავი და იქ რამდენიმე ქართული ჯგუფი იყო. ეს კარგია, მაგრამ ბავშვებს  უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ, მოვასმენინოთ, ველაპარაკოთ, მოვუყვეთ... სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, წლებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის პერიოდშიც კი რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად ცნობიერში იქნება შენახული.

ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი იყოს ბედნიერი, გონიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და, ამავე დროს, გვინდა, რომ იყოს პატრიოტი. ადრე ვიყავი ახლობელ ოჯახში. იქ იყვნენ 4 და 5 წლის გოგონები. ოთხი წლის გოგონა გაბრაზდა ყველაზე, არც მამა მინდა, არ დედა მინდა, ჩემს თოჯინასთან ვიქნებიო. ერთი წლის უფროსმა დამ ჰკითხა - როგორ, სამშობლოც არ გიყვარსო?  ნახეთ, როგორ არის განმსჭვალული პატრიოტიზმის გრძნობა - როგორ შეიძლება, სამშობლო არ გიყვარდეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ ამ მიმართულებით", - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.

წყარო: ​,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ლოგიკურია, რომ მშობელმა აღზრდისას დაუშვას შეცდომები, მაგრამ საკუთარი თავის გაკრიტიკების ნაცვლად, სჯობს გამოსავალი ვიპოვოთ'' - ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი აღზრდის სტილებთან დაკავშირებით საუბრობს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე ბავშვის აღზრდის სტილებთან დაკავშირებით საუბრობს და თითოეულ მათგანს განიხილავს:

  • მკაცრი სტილი

ასეთ დროს არსებობს წესები და ნორმები, რომლის უსიტყვოდ შესრულებაც ევალება ბავშვს, მშობელი ნაკლებად ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები არ არიან თავდაჯერებულები და აგრესიულობით გამორჩევიან. მათი დამორჩილება შემდგომში სხვებსაც შეუძლიათ.  

  • ლიბერალური სტილი

ასეთი აღზრდილის სტილის დროს მშობელი არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე. არ არსებობს არანაირი ნორმები და წესები. მშობლები პრაქტიკულად არ ერევიან ბავშვის ცხოვრებაში, ბავშვს აქვს ყველაფრის უფლება. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები ხშირად არღვევენ სოციალურ ნორმებს, არიან იმპულსურები და უჭირთ ემოციების მართვა. 

  • გულგრილი აღზრდის სტილი

ასეთ დროს მშობელი არც ერევა ბავშვის ცხოვრებაში, ყველაფრის უფლებას აძლევს​ და სითბოს და სიყვარულს არ გამოხატავს. მშობელი ძირითადად დაკავებულია საკუთარი საქმიანობით, პრობლემებით და ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბავშვს. ასეთ დროს ბავშვები არ არიან თავდაჯერებულები და აგრესიას გამოხატავენ. 

საუკეთესო სტილი 

  • დემოკრატიული აღზრდის სტილი 

დემოკრატიული აღზრდის სტილში არსებობს წესები და ნორმები, რომლებიც ბავშვმა უნდა შეასრულოს. წესები და ნორმები დამოკიდებულია ბავშვის შესაძლებლობებზე. მშობელი რასაც მოითხოვს 5 წლის ბავშვისგან, არ მოითხოვს 2 წლის ბავშვისგან, არის ძალიან თბილი და ყურადღებიანი, ყველაფერს უხსნის ბავშვს და ხელს უწყობს მის დამოუკიდებლობას. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები არიან თავდაჯერებულები და წარმატებულები. 

და ბოლოს, ჩვენ, ზრდასრული ადამიანები ძალიან ბევრს ვსწავლობთ ბავშვებისგან და ბავშვებთან ერთად, ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. ლოგიკურია, რომ მშობელმა აღზრდისას დაუშვას შეცდომები, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გავაკრიტიკოთ საკუთარი თავი, სჯობს მოვძებნოთ გამოსავალი, უკეთესი ხერხები და სტრატეგიები, რომლებიც ბავშვის სწორად აღზრდაში დაგვეხმარება. 
 

წაიკითხეთ სრულად