Baby Bag

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს"

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს"

რას გამოხატავს ბავშვი გაბრაზებით და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რაც განიცდის ამ დროს მისი შვილი - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ხათუნა დოლიძემ ისაუბრა.

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს. მაგალითად, შესაძლოა, ის გვეუბნება, რომ აკლია უსაფრთხოების განცდა  და უფროსებისგან სურს, მოაქციონ გარკვეულ ჩარჩოებში... ან იმედგაცრუებულია, დაღლილია და ა.შ. ბრაზი არის ადაპტაციური ემოცია, რომელიც ადამიანს ეხმარება, რომ საფრთხე აღიქვას. ერთი შეხედვით, ის თითქოს ადვილი გამოსახატავია, მაგრამ რეალურად სიბრაზის დროს ვართ სუსტები და მოწყვლადები. პატარები ამ დროს განსაკუთრებით იმპულსურები არიან, რადგან განვითარების პროცესში იმყოფებიან, ჯერ არ აქვთ გამომუშავებული თვითკონტროლი. 

მცირე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, ისწავლონ ბრაზის მართვა, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ თანმიმდევრული მიდგომა და მოთმინება. როდესაც ის ბრაზს განიცდის, შიშის განცდაც ეუფლება. ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ დროს მის ორგანიზმში მიმდინარეობს, გონებას იმდენაც მოიცავს, რომ ბავშვებს უძნელდებათ გონივრულად მოქმედება. იმის გაგება, რომ ბრაზი არის სხეულის განგაში, რომელიც რაღაცას გატყობინებს, უკვე ეხმარება ბავშვს იმაში, რომ გაუმკლავდეს განცდებსა და ემოციებს. მათ უმეტესობას სჭირდება უფროსების დახმარება, რათა მართოს ბრაზი და დაარეგულიროს ნერვული სისტემა. უფროსის მხრიდან მნიშვნელოვანია იმის ძიება, თუ რა ამშვიდებს და რა აღადგენს ბავშვის ემოციურ ბალანსს. პატარებისთვის  პირველი დახმარება გახლავთ მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება. როდესაც ბავშვი ბრაზობს და ხედავს მშობელს, რომელმაც ასევე დაკარგა კონტროლი, ეს კიდევ უფრო ზრდის შიშს. ბრაზის მართვის სწავლების საუკეთესო იარაღი არის ემპათიით მოსმენა. ამით არა მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბავშებს, არამედ ვუმტკიცებთ რწმენას, რომ უარყოფით ემოციებთან გამკლავება შესაძლებელია. 

გაზარდეთ ბავშვების ემოციების ცოდნა, ესაუბრეთ ემოციებზე, ასწავლეთ სიტყვები ემოციების გამოსახატავად. როდესაც სიტყვებით იწყებ ემოციების გამოხატვას, იქ უკვე გრძნობების ქმედებით გამოხატვა აღარ გჭირდება. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ბრაზი ნიშანია, რათა დაფიქრდე, შეჩერდე, დაამშვიდო შენი თავი და იფიქრო გამოსავალზე", - ამბობს ხათუნა დოლიძე.


წყარო: ,,​რჩევები მშობლებს"

შეიძლება დაინტერესდეთ

„დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა...“

„დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა...“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დეპრესიაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„რა არის დეპრესია? ზოგს უბრალოდ უხასიათობა ჰგონია და ახლობელს, რომელიც სიცოცხლეში მონაწილეობის ძალას კარგავს, ადექი, ნუ ზარმაცობ, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება. როგორ აგიხსნათ რამდენად სერიოზული პრობლემაა დეპრესია, რამდენად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, ისე, რომ არ გამოგტენოთ ტერმინებით და გემოთი გაგრძნობინოთ მისი არსი? არ ვიცი, მოვნახე თუ არა სწორი ფორმა, მაგრამ იქნებ შეძლოთ წარმოდგენა, - დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა. ფსიქოთერაპიის მიზანი, - გვამის გამოდევნა, „მშობიარობა".

წყარო: ფსიქოლოგია და რელიგიათმცოდნეობა

წაიკითხეთ სრულად