Baby Bag

,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან, ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა'' - როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი?

,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან, ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა'' - როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი?

როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი? - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრმა თამარ-ტატა ბაზღაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი ხშირად გვხვდება საზოგადოებაში. ზოგ შემთხვევაში სიდრომი მიმდინარეობს უპირატესად ყურადღების დარღვევით, ზოგ შემთხვევაში ჰიპერაქტიურობით და არის კომბინირებული ვარიანტი, როდესაც ორივე პრობლემა ერთნაირად ვლინდება:

,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან. ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა. ამ სირთულის გამო დიაგნოზი ძირითადად არ ისმევა 6 წლამდე. როგორც წესი, მიმდინარეობს დაკვირვება, რა დოზით ვლინდება ჰიპერაქტიურობა, რამდენად ახლავს ყურადღების პრობლემები და რამდენხანს გაჰყვება ბავშვს ჰიპერაქტიურობა. თუ ბავშვი უბრალოდ ცელქი და მოუსვენარია, თუმცა არ აქვს ყურადღების, დასწავლის პრობლემა, უსმენს, ითვისებს - არ არის საგანგაშო. უფრო საყურადღებოა, როდესაც ბავშვი არ გვისმენს, არ ითვისებს ასაკის შესაბამის უნარებს და ფიქსირდება ზღვარგადასული ჰიპერაქტიურობა.

იდეალურ შემთხვევაში ბავშვთან მულტიგუნდური მიდგომა გამოიყენება და მუშაობს რამდენიმე სპეციალისტი. ვიწყებთ ფსიქოედუკაციით, ანუ იგივე ფსიქოგანათლებთ, რის დროსაც მშობელს ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას გულისხმობს ეს სინდრომი, რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს, რა სირთულეებს იწვევს ეს სიმპტომები, როგორი მიდგომები შეიძლება გამოიყენოს მშობელმა და ა.შ. იდეალურ შემთხვევაში სკოლა აუცილებლად ჩართული უნდა იყოს, რაც საქართველოში ცოტა რთული საკითხია, თუმცა ნელ-ნელა მაინც არის გარკვეული მზაობა სკოლის მხრიდან, რომ მიიღონ გარკვეული რეკომენდაციები და უკეთ ააწყონ ურთიერთობა ჰიპერაქტიურ ბავშვთან.''

,,აღვნიშნავ ასევე იმას, რომ  თავის ტვინში გარკვეული ცვლილებები აისახება და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს ეს. აქ შეიძლება იყოს გარკვეული უბნების შემცირება, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღების კონცენტრაციაზე, ემოციის და ქცევის მართვაზე. ასევე არის პრეფრონტალური უბნების და მათ სისხლით მომარაგების დეფიციტი, რომელიც პასუხისმგებელია წახალისება-დასჯის მეთოდების ეფექტურობაზე. თუმცა საქართველოში კვლევის ამ ტიპის მეთოდებს ჯერ არ ვიყენებთ, არ არის ფართოდ გავრცელებული. საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდებია და იშვიათად მივმართავთ დიაგნოსტიკის პროცესში,'' - დასძინა თამარ-ტატა ბაზღაძემ. 

ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრმა მართვის მეთოდებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

,,რაც შეეხება მართვის მეთოდებს, პირველივე რასაც ვეუბნებით მშობლებს არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური აბი, რომელსაც ბავშვს მივცემთ და ის გახდება მშვიდი, დამჯერი და ბეჯითი. პრობლემა არის კომპლექსური და მას სჭირდება ოჯახის სრული ჩართულობა, რისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ. ფსიქოედუკაციის შემდეგ, ვთავაზობთ გარკვეულ ჩარევებს, როგორიცაა ქცევითი ტექნიკების გამოყენება და რჩევები, როგორ უნდა მართონ ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევა. ქცევით თერაპიას ატარებს სპეციალისტი, თუმცა მშობელი ჩართულია და ითვალისწინებს რეკომენდაციებს. თუ ქცევის მართვის მოდელი არ შეიცვალა ოჯახის ფარგლებში, მხოლოდ სპეციალისტი ამას ვერ მოაგვარებს.

მნიშვნელოვანია ჩარევის დროულად დაწყება, რადგან პრობლემასთან გამკლავება უფრო რთულია დიდ ასაკში. ყველაზე ხშირად რასაც ვხვდებით არის ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, რომელიც ძალიან ხშირად ახლავს ჰიპერაქტიურობას. ბავშვი არის დაუმორჩილებელი, ნეგატიურად განწყობილი, მუდმივად წინააღმდეგობაშია, ყველანაირ ინსტრუქციას ცუდად იღებს, ჯიუტობს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს, მაინც აკეთებს. ასეთი ქცევა ვლინდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი მუდმივად შენიშვნებს იღებს და ესმის გარშემომყოფებისგან თუ როგორი ცუდია, ცუდად იქცევა, მოუწესრიგებელია და ა.შ. ამიტომ ვითარდება ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, რომელთან მუშაობაც მეტ პრობლემას ქმნის დიდ ასაკში, ვიდრე 4 წლის ასაკში რომ დაგვეწყო ჰიპერაქტიურობაზე მუშაობა. ასევე, შესაძლებელია სხვა პრობლემების თანდართვა, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თვითონ ჰიპერაქტიურობას. მაგალითად, შფოთვითი რეგისტრის აშლილობა. შფოთვა ვლინდება გადაჭარბებული მოუსვენრობით, ნერვიულობით (როდესაც მშობელს შორდება ან სკოლაში დაფასთან გამოსვლის დროს), ნებისმიერი მოვლენა იწვევს შფოთვის განვითარებას. მოზარდობის პერიოდში, მოსალოდნელია ბიპოლარული აშლილობა, კიდევ უფრო იმატებს ამ დროს აქტივობა და შესაძლოა, ბავშვის ქცევა უკონტროლო გახდეს ან განვითარდეს დეპრესია,'' - აღნიშნა თამარ-ტატა ბაზღაძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

7 დამამშვიდებელი თამაში და აქტივობა ჰიპერაქტიური ბავშვისთვის
დედების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მისი შვილი ჰიპერაქტიური ბავშვია, თუმცა მსგავსი დასკვნების გამოტანამდე, უმჯობესია აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობას უკეთ ​გავეცნოთ. არასტაბილურობა და ყურადღების დეფიც...
„ჰიპერაქტიურობაში იგულისხმება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს საუბრობს, არ შეუძლია ერთ ადგილზე წყ...
​ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლენის შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:„როდესაც მშობელი ხედავს, რომ რაღაც ის...
„ორი წლის ბავშვზე რომ გეტყვიან ჰიპერაქტიურიაო, უნდა იყოს! ეს არის მისი ინტელექტის განვითარ...
​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მხრიდან ბავშვის თავისუფლების ზედმეტად შეზღუდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის ასაკში ბავშვის ჭარბი აქტიურობა ნორმალური მოვლენაა:„ორი წლის ბავშვზე რომ გეტ...
რა განსხვავებაა ცელქ და ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის? - ნევროლოგ გვანცა არველაძის განმარტება
​ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ბავშვის სიცელქესა და ჰიპერაქტივობის სინდრომს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:„ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი გახლავთ განვითარების ა...
რა ნიშნებით ამოვიცნოთ ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი ბავშვებში? - ფსიქიატრი ტატა ბა...
​ფსიქიატრმა ტატა ბაზღაძემ ბავშვებში ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის ძირითადი ნიშნების შესახებ ისაუბრა:„ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის ძირითადი ნიშნები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა. ყურად...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბრონქული ასთმის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელი უნდა მივიდეს ექიმთან,“ - ალერგოლოგი ბაია ბეზარაშვილი

ალერგოლოგი ბაია ბეზარაშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანების მზარდი რიცხვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ბრონქული ასთმით ავადდებიან:

„ბრონქული ასთმა ძალიან ვერაგი დაავადებაა. ერთ-ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, რომ ბრონქული ასთმის დროს ჩვენ შეგვიძლია მეოთხედი ძალით ვისუნთქოთ, მეოთხედი ძალით ვიაზროვნოთ, მეოთხედი ძალით ვიმოძრაოთ და მხოლოდ ასთმის შეტევა ვითარდება მთელი ძალით, ყოველგვარი მეოთხედების გარეშე. თანამედროვე განმარტებით ბრონქული ასთმა არის ქრონიკული ბრონქის ანთებით მიმდინარე დაავადება. მსოლფიოში 350 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული ბრონქული ასთმით. მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ მატულობს ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვების რაოდენობა. ყოველწლიურად მსოფლიოში 250 000 -მდე ადამიანი იღუპება ბრონქული ასთმით.“

ბაია ბეზარაშვილის თქმით, ბრონქული ასთმის კონტროლი თანამედროვე სამყაროში რთული არ არის:

„მიუხედავად იმისა, რომ ბრონქული ასთმა ძალიან ვერაგი დაავადებაა და მას ბევრი გართულება აქვს, თანამედროვე სამედიცინო რეკომენდაციებით და სამკურნალო საშუალებებით შესაძლებელია მისი კონტროლი. თუ ექიმსა და პაციენტს შორის შედგა კონტაქტი, მოხდა სწორი დიაგნოსტირება და რეკომენდაციების გათვალისწინება, მისი მართვა შესაძლებელია.“

ბაია ბეზარაშვილი აცხადებს, რომ მშობელმა ბავშვი ექიმთან პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიიყვანოს:

„პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე მშობელი უნდა მივიდეს ექიმთან. რა სიმპტომები ახასიათებს ასთმას? როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, სულხუთვა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა. განსაკუთრებით ეს პრობლემები გამოხატულია ღამით და გამთენიისას. მწოლიარე მდგომარეობაში პაციენტი ვერ სუნთქავს სათანადოდ. ბრონქული ასთმის განვითარებას განაპირობებს სხვადასხვა გარემო ფაქტორები. თამბაქოს მოხმარება საოცრად მოქმედებს ასთმის განვითარებაზე, ასევე გენეტიკური განწყობა, ალერგენები, სტრესი და ვირუსები.“

„კლასიფიკაციის მიხედვით ასთმა იყოფა კონტროლირებად და არაკონტროლირებად ასთმად. კონტროლირებადად ითვლება ასთმა, თუ პაციენტს კვირაში ორზე მეტად არ უვითარდება შეტევა. მე ვერ ვეთანხმები ამაში მეცნიერებს. ძალიან ვინერვიულებდი ჩემს პაციენტებს კვირაში ორჯერ კი არა, თვეში ერთხელაც რომ ემართებოდეთ შეტევა, იმდენად კარგად შეიძლება იყოს ასთმა დღეს კონტროლირებადი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ალერგიული რეაქციის განვითარების დროს მივაკითხოთ ექიმს. ამ დროს ხდება სწორი დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენციის მეთოდების შემუშავებაც,“ - აღნიშნავს ბაია ბეზარაშვილი.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად