Baby Bag

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

,,შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს - ან გონიერებით, ან განათლებით, ან კულტურით. შვილი, რაღაცით თუ არ დაწინაურდა ჩვენთან შედარებით, ესე იგი დავაკელით აღზრდა. უკლებლივ ყველა ბავშვში არის რაღაც, რითაც მანდ უნდა გაგვისწროს,'' - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა. 

,,ვარ თუ არა უფლებამოსილი რომ შვილი აღვზარდო, როგორ უნდა განვსაზღვროთ ეს? - ძალიან მარტივად.

დავალებას გაძლევთ:

ავიღოთ ფურცელი, გავყოთ შუაზე. მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის თვისებები, რომლებიც გეამაყებათ საკუთარ თავში, ოღონდ მართალი იყავით თქვენს თავთან, რადგან ეს თქვენი სარკეა. მარჯვენა მხარეს ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც მიგაჩნიათ რომ არ უნდა გქონდეთ, მაგრამ გაქვთ. დაფიქრდით, რამდენი რამე გქონიათ გასაშალაშინებელი საკუთარ თავში? არადა ბავშვი გიდგას წინ და სწორედაც მას გინდათ ჰქონდეს ყველა კარგი თვისება. სიკეთე - სიკეთით აღიზრდება, სიყვარული-სიყვარულით, კულტურა-კულტურით, სილამაზე-სილამაზით. ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს - ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება გაადნოს,'' - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​,,ამონაშვილის აკადემია'' 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ გვინდა ზედმეტი სტრესის მიყენება ჩვენი შვილებისთვის, მოვეფეროთ, ვუთხრათ: არაფერია, შენ გვერდით ვარ,“ - ყარამან ფაღავა

„არ გვინდა ზედმეტი სტრესის მიყენება ჩვენი შვილებისთვის, მოვეფეროთ, ვუთხრათ: არაფერია, შენ გვერდით ვარ,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრი ყარამან ფაღავა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვის თვითრეალიზაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, უმთავრესია, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს და მას კომფორტი ჰქონდეს:

​პირველ რიგში, ჯანმრთელობაა, შემდეგ არის ცოდნა, ლოგიკა უნდა ვასწავლოთ ბავშვს. მნიშვნელოვანია ეთიკური იდეალების გათავისიანება. ესთეტიკის გრძნობა უნდა ჰქონდეს ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის კომფორტი. ჩვენ ყველას გვესაჭიროება კომფორტი. კომფორტი არის ყველაფერი, პირველ რიგში, ოჯახი. მოსიყვარულე ოჯახი რომ იქნება, ბავშვიც იქნება უფრო მოსიყვარულე. რასაკვირველია, ეკონომიკურ ფაქტორებზე არავინ იტყვის უარს, მაგრამ მთავარი მაინც არის სოციალური გარემო.“

ყარამან ფაღავას თქმით, ბავშვის ნიჭის აღმოჩენა მნიშვნელოვანია და მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს შვილის მისწრაფებების წასახალისებლად:

„ყველა მშობელს ვეტყოდი, რომ ​დავაკვირდეთ საითკენ უწევს ბავშვს გული. შემდეგ იმ მიმართულებით მივცეთ მას შესაძლებლობები. თქვენ იცით ყანჩელი, უდიდესი კომპოზიტორი. მამამისი იყო ჰიგიენისტი. ჩვენთან იყო სტუმრად და ამბობდა: ჩემმა ბიჭმა ბიოლოგიური დაამთავრა, მინდოდა ხელობა ჰქონოდა. რომ დაამთავრა სწავლა, მომიტანა დიპლომი და მითხრა: მამა, სურვილი აგისრულე, ახლა მაცალე ის გავაკეთო, რაც მე მინდაო. ამიტომ სულ ამას ვამბობ: დავაკვირდეთ ბავშვს და მივცეთ ასპარეზი. რასაკვირველია, ყველაფერი საუკეთესო გვინდა ბავშვისთვის. ნუ დავაძალებთ, გავყვეთ მის მიდრეკილებას და მის სურვილს.“

ყარამან ფაღავა უძილობის პრობლემის შესახებ საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილონ ყურადღება:

„თუ ბავშვს ღამით არ ძინავს, რამდენიმე ფაქტორია. ​პირველ რიგში, არის სოციალური გარემო. ხმაური არ უნდა იყოს ოჯახში ნამეტანი. არ ვამბობ, რომ ფეხაკრეფით იარონ, მაგრამ მძიმე როკი და ზედმეტი ხმაური არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს დახუთულობა. თუ ბავშვი მძიმე მშობიარობით დიაბადა, შესაძლოა, ეს იყოს ასფიქსიის შედეგები და ექიმთან კონსულტაციაა საჭირო. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ძილის სტრუქტურა არის დარღვეული. საერთოდ, ყველაზე უკეთესი ძილის წამალი არის განიავება. ოთახში უნდა გრილოდეს. დააკვირდით, ბავშვს ეზოში ან აივანზე როგორ სძინავს. თუ აივანზე იძინებს და სახლში არა, ე.ი. ჟანგბადი აკლია სახლში. უხშირესი მიზეზი ეს არის.“

​არ გვინდა ზედმეტი სტრესის მიყენება ჩვენი შვილებისთვის. მოვეფეროთ, ვუთხრათ: „სიბნელეა, არაფერია, პატარა სანათს აგინთებ, შენს გვერდით ვარ.“ სულ ვამბობ, რომ მოფერებას ზედა ზღვარი არ აქვს. ეს არ ნიშნავს ყველაფრის ნების მიცემას. ბავშვს უნდა უთხრა: „შენზე საყვარელი არავინ მყავს, მაგრამ ეს არ შეიძლება.“ როდესაც ბავშვი ვერ იძინებს, გაუცინეთ, უმღერეთ იავნანა, ზღაპარი წაუკითხეთ. საღამო არ უნდა იყოს ბავშვისთვის სტრესის გამომწვევი, არ უნდა ფიქრობდეს: „ახლა დამტოვებენ და მარტო ვიქნები.“ ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ,“ - აღნიშნავს ყარამან ფაღავა.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად