Baby Bag

,,გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? - მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო''

,,გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? - მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო''

„სიყვარული არ გადადოთ, თუ ვინმე გიყვართ, გიყვარდეთ ახლა, ამ წუთს ..." - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა. 

,,სიყვარული ისეთი რამ არის, რაც გადადებას არ ითხოვს. თუ ქმარს ცოლი უყვარს, სულ უნდა უყვარდეს, ყოველთვის და ყოველ წამს. უყვარდეს საქმით, სიტყვით, ალერსით, მოფერებით, კარგი ამბებით. უნდა ჩაეხუტოს და მოეფეროს მას, არ უნდა აწყენინოს, არ უნდა თქვას - „რაღა დროს ეგ სიყვარულია, 20 წელია ერთად ვცხოვრობთ“. მართლაც რომ გაუცხოვდებიან ხოლმე, ერთს ერთგან გაურბის თვალი, მეორეს შეიძლება მეორეგან. თუ გიყვარს, მაშინ უნდა გიყვარდეს, როცა ხარ და როცა არის. არ გადადო ეს სიყვარული!''

,,მე ბევრჯერ გადავდე, გადავდე იმიტომ, რომ წიგნს ვწერ, სადმე მივდივარ, გაბრაზებული ვარ, გადავდე, გადავდე და ეს გადადებები დამრჩა გულში. ხომ შეიძლებოდა ეს არ ყოფილიყო, იმასაც წყენა არ დარჩენოდა ჩემზე და უფრო მეტი სიყვარული გვენახა. ამიტომ გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო. ათასი ცუდი ქცევა გვაქვს, ვითომ გვიყვარს და თან იქვე, პილპილმოყრილი მადლიო. ასეთი სიყვარული, „პილპილმოყრილი“, არ არის სიყვარული,'' - აღნიშნა მან. 

წყარო: ​პირველი არხი

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მნიშვნელობა აქვს პირადი სივრცის არსებობას ბავშვის ცხოვრებაში?

რა მნიშვნელობა აქვს პირადი სივრცის არსებობას ბავშვის ცხოვრებაში?
რა მნიშვნელობა აქვს პირადი სივრცის არსებობას ბავშვის ცხოვრებაში, რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს პირადი სივრცის დარღვევამ მშობლის მიერ? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი თათია მჟავია.
- ხშირად მშობლები ისე, რომ ვერ აცნობიერებენ ბავშვების პირად სივრცეს არღვევენ.
 ბავშვებისთვის პირადი სივრცის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ.
- პირველ რიგში, საჭიროა განვმარტოთ, რა არის პირადი სივრცე და რას ნიშნავს პირადი სივრცის დარღვევა. პირადი სივრცე შეიძლება განისაზღვროს, როგორც კომფორტული მანძილი ჩვენსა და სხვა ადამიანს შორის, რომელსაც ესაუბრებით. ეს არის ადამიანის გარშემო არსებული უხილავი საზღვარი, რომელსაც იგი ფსიქოლოგიურად თავისად თვლის. პირადი სივრცის არსებობა გვეხმარება თავი დაცულად და კომფორტულად ვიგრძნოთ. თუ ვინმე შემოიჭრება თქვენს პირად სივრცეში ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ახლოსაა თქვენთან და არღვევს თქვენს პერსონალურ საზღვრებს.
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პირადი სივრცის ზრდის მოთხოვნილებაც. დაახლოებით 1 წლის ასაკიდან, როდესაც პატარები ცდილობენ დამოუკიდებლად გადადგან ნაბიჯები, სწორედ მაშინ იწყება საკუთარი სივრცის აღქმა და პირადი სივრცის მოთხოვნილება.
პირადი სივრცის მნიშვენლობა იზრდება გარდატეხის პერიოდში, როდესაც მოზარდი ცდილობს, შეისწავლოს საკუთარი თავი, როგორც ოჯახის წევრებისაგან დამოუკიდებელი პიროვნება. პირადი სივრცის საჭიროებას ზრდის ასევე, მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური ცვლილებებიც. ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვენელოვანი ფაქტორია, რომ ისინი გრძნობდნენ მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერასა და მათი პირადი სივრცის პატივისცემას.


​ 
- რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს პირადი სივრცის რღვევამ ბავშვებში?
- ხშირად პირადი სივრცის რღვევა ასოცირდება დისკომფორტის, დაუცველობისა და შიშის განცდასთან. რა თქმა უნდა, ბავშვებთან ეს განცდები უფრო გამძაფრებულია. საკუთარი პირადი სივრცის არსებობა ბავშვს ეხმარება თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს, პატარამ უნდა იცოდეს, ვის აქვს შეხების, ჩახუტების უფლება.
როდესაც ბავშვი ან მოზარდი არ ფლობს ინფორმაციას პირადი სივრცის შესახებ, ისინი ხშირად არღვევენ სხვის პირად სივრცესაც, რაც თავისთავად ქმნის სოციალურ, სირთულეებს, პატარებს უჭირთ თანატოლებთან და უფროსებთან კონტაქტი, ვერ ახერხებენ თანატოლებთან კომუნიკაციის სწორად დაამყარებას. 

- შესაძლოა თუ არა მცირეწლოვან ასაკში პირადი სივრცის დარღვევამ ზრდასრულ პერიოდში რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას ბავშვს?
- თუ ზრდასრული ადამიანი ვერ ახერხებს, დაიცვას საკუთარი პირადი სივრცე, ის ვერ შეძლებს, პატივი სცეს სხვის პირად სივრცესაც. ასეთ დროს პრობლემები ჩნდება ინტერპორსნალურ და სოციალურ ურთიერთობებში. პიროვნებას უჭირს საკუთარი სურვილებისა და განცდების გაცნობიერება და რეალიზება.
- რას ურჩევდით მშობლებს?
- მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს რაც შეიძლება დროულად, ასაკის შესაბამისად მიაწოდონ ინფორმაცია პირადი სივრცის შესახებ. ოჯახის წევრები ბავშვებისთვის ერთგვარი „როლური მოდელები“ ვართ, ჩვენს მაგალითზე ისინი სწავლობენ საკუთარი და სხვისი პირადი სივრცის პატივისცემას. ოჯახში შეძლებისდაგვარად უნდა იყოს გამოყოფილი ბავშვისთვის პირადი ოთახი ან კუთხე. ხშირად უფროსები ისე ვარღვევთ ბავშვებისა და მოზარდების პირად სივრცეს, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მათი მხარდაჭერა და მოსმენა, პირველ რიგში, ბავშვები თავს დაცულად თქვენ გვერდით უნდა გრძნობდნენ.
 შეეცადეთ, ბავშვის ოთახში არ შეხვიდეთ დაკაკუნებისა და ნებართვის გარეშე, ანგარიში გაუწიეთ მის „არას“, მიეცით უფლება დამოუკიდებლად მოიწესრიგოს თავი (ასაკის შესაბამისად). ასეთი მიდგომით პატარები სწავლობენ თქვენი პირადი სივრცის პატივისცემასაც. პირადი სივრცის უზრუნველყოფა მოზარდს უქმნის განცდას, რომ მშობლები და გარშემომყოფები მას პატივს სცემენ.


ბავშვისთვის პირადი სივრცის სწორად დაწესება ისეთივე მნიშვენლოვანია, როგორც თქვენი ზრუნვა და სიყვარული, ამიტომ არ მოერიდოთ თქვენი შვილებისთვის სათანადო ცოდნის მიწოდებას პირადი სივრცის შესახებ და არასოდეს შეეცადოთ ზედმეტად დაარღვიოთ მათი პირადი საზღვრები. 

​ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად