Baby Bag

„მშობლებს სამ წესს დავუწესებ...“

„მშობლებს სამ წესს დავუწესებ...“
აუცილებელია თუ არა ბავშვს წინასწარ შევასწავლოთ სასკოლო პროგრამა? - აღნიშნულ თემაზე აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისაუბრა. 

მისი თქმით, რატომღაც ჰგონიათ, რომ სკოლისთვის მომზადება გულისხმობს, როდესაც ბავშვმა ბევრი ლექსი, კითხვა, წერა და ანგარიში იცის. თუ ეცოდინება კარგია, თუმცა თუ არ იცის, საშიში არ არის. არ არის კარგი, როდესაც სპეციალურად ვასწავლით წერა-კითხვას იმისათვის, რომ სკოლაში აღარ დასჭირდეს. თუ ბავშვმა მოითხოვა - ვასწავლოთ, მაგრამ თუ ის ამისკენ არ ისწრაფვის - არ დავაძალოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვი რამეს ჩამორჩება.

„ერთი წლით ადრე უნდა ვესაუბროთ ბავშვებს სკოლაზე, მასწავლებლებზე, ძალიან უნდა შევაყვაროთ პედაგოგები. ხანდახან ამბობენ, რომ „აი, ამ სკოლაში ასეთი სწავლებაა“, „ამ სკოლაში ინგლისურია გაძლიერებული“ - ამით არ უნდა მოიხიბლოს მშობელი. უმჯობესია გაიკითხოს, ვინ არის „ქალბატონი თამარი“, „ქალბატონი ნინო“ - კეთილი, გულისხმიერი მასწავლებელი, ბავშვები რომ უყვარს. უკეთესია ბავშვს წინასწარ გაეცნოს მასწავლებელი, ტელეფონით ან წერილი გაუგზავნოს, შეიძლება შეხვდნენ კიდეც, ბავშვები უკვე შეგუებულები იქნებიან და არ იუცხოვებენ სკოლას. თუ მაინც გაუცხოვდა, სჯობს ასეთი ბავშვების მშობლები პირველ დღეს სკოლაში დავტოვოთ. დასხდებიან საკლასო ოთახში, დაგვინახავენ, როგორი მასწავლებლები ვართ და იმედი მივცეთ, რომ მათ შვილს ძალიან კარგი პედაგოგი შეხვდა. რაც მთავარია, ბავშვიც მშვიდად იქნება, რადგან დედა ახლოს ეყოლება,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა. 

მისი თქმით, ბავშვმა სწავლა უნდა შეიყვაროს და არა სწავლა რამის გამო, თუნდაც ქულებისთვის. არავითარი საჩუქარი! საკმარისია მასწავლებელმა დაურეკოს მშობელს და შეაქოს ბავშვი - „თქვენმა შვილმა დღეს ძალიან გამახარა, როგორი მაგალითების ამოხსნა სცოდნია“. როდესაც დედა ამას მოისმენს, შვილს მოეფერება და ბავშვს კიდევ გაუჩნდება მოტივაცია, რომ შემდეგ დღესაც წავიდეს სკოლაში.

„პირველკლასელებს თავხედობას ვერ დავაბრალებთ, ისინი შეიძლება უმართავები არიან. თუ კი მაინდამაინც მეორე, მესამე კლასში არის გათავხედებული და უმართავი ბავშვი, მასთან გვმართებს პიროვნული ურთიერთობა, ხომ ვერ გავაგდებთ სკოლიდან?! ყველა ბავშვი ჩვენია. დღეს ასეთია, მაგრამ არ ვიცით, იქნებ გენია შფოთავს მასში და არა თავხედობა?! როცა ნიჭი აქვს ადამიანს, ეს ნიჭი აცახცახებს სხეულს. როცა ბავშვი შენთან ახლოსაა, თავზე ხელი დაადე, დედის თანდასწრებით მასზე კარგი თქვი, ისეთი რამ მიაწერე, რაც არ ახასიათებს, თუმცა გინდა, რომ გამოვლინდეს,“ - დასძინა მან. 

აკადემიკოსმა მშობლებს სამი წესი დაუწესა - „მშობლებს სამ წესს დავუწესებ“: 

პირველი:

უნდა გიყვარდეს შვილი. გიყვარდეს არა შენთვის, არამედ მისთვის. არ დაუყვირო, არ გაარტყა, არ დაემუქრო, კუთხეში არ დააყენო, თითი არ დაუქნიო. ამრიგად, პირველი წესი! გიყვარდეს ბავშვი შენი კარგი ქცევით. ალერსი სიყვარულით, კეთილ საქმეთა გარეშე მკვდარია. ასე უყვართ? თავიანთი სიმშვიდისთვის უყვართ, თუ იმისთვის, რომ ისინი მომავალი მოქალაქეები უნდა გახდნენ მშვენიერი ქვეყნის?!

მეორე:

უნდა გამოიჩინოთ მოთმინება. ბავშვი კიდეც იცელქებს, კიდეც იყვირებს, კიდეც განმარტოვდება. თუ ესენი არ მოხდა მის ცხოვრებაში, ვერ გაიზრდება. დედაა დასასჯელი, როცა მოთმინებას კარგავს, რადგან ბავშვმა თუ არ იცის, მშობელმა იცის, რომ სიმშვიდე ზრდის მის შვილს.

მესამე:

მესამე არის ნდობა. ჰუმანურობა ეს იქნება - „მე მჯერა, ჩემი სიყვარული ბავშვს გამოასწორებს“, „მიყვარს გზასაცდენილი სიყვარულით გამოვასწორო“.

მოდი, შევასმინოთ ჩვენს კეთილ მშობლებს ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელშიც აღზრდის მიზანიც არის ჩადებული, პროგრამაც და მეთოდიც:

„დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.“

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი,“ - პედიატრი ნელი სიმონიშვილი

პედიატრმა ნელი სიმონიშვილმა ხშირად მოავადე ბავშვების შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რომელიც ბავშვებში ხშირ ავადობას იწვევს:

„რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი? ეს ნიშნავს ავადობის სიხშირეს წლის განმავლობაში. სიხშირესთან ერთად გასათვალისწინებელია დაავადების მიმდინარეობა, რამდენად გართულდა ის და საჭირო გახდა ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობაში. უხშირესი ასაკი, რომელიც მოგვმართავს ამ ჩივილით არის 5 წლამდე ასაკი, რადგან ამ ასაკში იზრდება უცებ კონტაქტები, ბავშვები მიდიან ბაღში და რესპირატორული ინფექციების სიხშირე მატულობს. სასკოლო ასაკში, განსაკუთრებით 10 წლის შემდეგ ინფექციების სიხშირე იკლებს.

ბავშვი, რომელიც არ დადის ბაღში, შესაძლებელია, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ავადობდეს. ბაღში ან ადრეულ სასკოლო პერიოდში ბავშვი შეიძლება 10-12-ჯერაც გახდეს ინფექციით ავად და ეს შეიძლება იყოს ნორმა. ამ ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია. გამოჯანმრთელებას საშუალოდ 8 დღე სჭირდება, სრულფასოვან გამოჯანმრთელებას კი 2 კვირაც შეიძლება დასჭირდეს. თუ ამას წელიწადზე გადავთვლით, წელიწადში 4-5-6 თვეც კი შეიძლება გამოგვივიდეს, რომ ბავშვი იყოს ავად. თუ ეს არის მსუბუქი მიმდინარეობა, არის ვირუსული ინფექციები, ბავშვს აღენიშნება ნორმალური ზრდა-განვითარება, მისი ლაბორატორიული მონაცემები არის ნორმაში, ამ ეპიზოდებს შორის ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი, მაშინ აქ საგანგაშო არაფერი არ არის.

თუ პირიქით ხდება და ბავშვი ავად გამოიყურება, მისი ინფექციები რთულდება, ხშირად არის ანტიბიოტიკების ჩართვის საჭიროება, შესაძლებელია ბავშვი ქრონიკული დაავადებით იყოს ავად და მას მეტი ყურადღება და გამოკვლევა სჭირდება. შესაძლებელია, რომ იყოს იმუნოდეფიციტიც. ეს საკმაოდ მცირე პროცენტში გვხვდება. ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი, თუმცა მშობლებისგან ძალიან ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ აქვს ჩემს შვილს იმუნიტეტი დაქვეითებული? იმ 10 პროცენტთან, რომელშიც არის იმუნოდეფიციტი,  უფრო ღრმა კვლევები და სულ სხვა ტიპის მკურნალობაა საჭირო. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები სხვადასხვა გარემო ფაქტორებით, მედიკამენტებით, დღენაკლულობით არის გამოწვეული. ხშირად მოავადე ბავშვების 30% არის ავად ალერგიული დაავადებებით. ძალიან ხშირად ბავშვებს აქვთ ალერგიული რინიტი და ხველა და ეს აღიქმება როგორც რესპირატორული ინფექცია. ალერგიული ბავშვების სასუნთქ გზებში ვირუსი და ბაქტერია ადვილად აღწევს. მწეველების ოჯახში გაზრდილი ბავშვებიც დიდი რისკის ჯგუფია,“- მოცემულ საკითხზე ნელი სიმონიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“ 

წაიკითხეთ სრულად