Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„იქ, სადაც ოჯახში არის პრობლემური სიტუაცია, ხშირი ყვირილი, ბავშვებს ხშირად აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები,“ - ნინო გოგიჩაძე

„იქ, სადაც ოჯახში არის პრობლემური სიტუაცია, ხშირი ყვირილი, ბავშვებს ხშირად აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები,“ - ნინო გოგიჩაძე

ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ბავშვობის ტრავმის ნეგატიური გავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნეგატიური გამოცდილების მქონე ადამიანებს სომატური ჩივილები ხშირად აწუხებთ:

„ექიმებს გაუჩნდათ აზრი, რომ ეკვლიათ ისეთი პაციენტები, რომლებსაც სომატური ჩივილები ჰქონდათ. აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ნეგატიური ბავშვობის გამოცდილება. ძალიან პოპულარული კვლევებია ამ საკითხთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნეგატიური ბავშვობის გამოცდილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 %-ით უფრო ნაკლები აქვთ. რ​აც უფრო მეტი ნეგატიური გამოცდილება გაქვს, მით უფრო მოსალოდნელია, რომ შენი ჯანმრთელობის პრობლემები გამოჩნდეს მოგვიანებით. ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნეგატიური ბავშვობის გამოცდილება, მიდრეკილები არიან თავის თავს შეუქმნან რისკები. აქ ვსაუბრობთ სარისკო ქცევაზე, დაწყებული მანქანის სწრაფად ტარებიდან, კრიმინალურ დანაშაულში მონაწილეობით დასრულებული.“

ნინო გოგიჩაძემ აღნიშნა, რომ ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანის ტვინი სხვანაირია და მას სიამოვნების განსხვავებული განცდა აქვს:

„ტვინი სხვანაირია, ტვინისთვის სიამოვნების განცდა სხვა რამეს ნიშნავს. ​თვითონ ეს ადამიანები, როგორც წესი, ხდებიან მოძალადეები. ხშირია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული სირთულეები. იქ, სადაც ოჯახში არის პრობლემური სიტუაცია, ხშირი ყვირილი, შეთანხმების ნაკლებობა, ბავშვებს ხშირად აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირი ავადობა სასუნთქი გზების, ბრონქული ასთმა და ა.შ.“

„თითქოს უხილავი ტრავმა, რომელმაც ისე ჩაიარა, რომ ვერც დავინახეთ, შეიძლება თვითონ ადამიანმაც ვერ დაინახოს. ჩვენი ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმი არის ის, რომ შეიძლება ჩაკეტოს და მოგონება დაივიწყოს. თუ ჩვენ რაღაც ამოვჭერით, დავხურეთ და შევინახეთ, გვეკარგება მთლიანობის განცდა. ტვინის ტრავმაა ფსიქოლოგიური ტრავმა და ტვინში ჩნდება ეს კოლტი. ​მას აღარ შეუძლია ისე მუშაობა, უარესდება სწავლის შესაძლებლობა, ადამიანებს უჭირთ სიტუაციაში ორიენტაცია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად