Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ბავშვს ეშინია იმიტომ, რომ შენ შეაშინე,“ - ნათია ფანჯიკიძე

„ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ბავშვს ეშინია იმიტომ, რომ შენ შეაშინე,“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვების შიშების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვების შიშები ხშირად უფროსების შიშების ანარეკლია:

„ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებს ეშინიათ სიბნელეში ბუღდაჯანების. სინამდვილეში ის ბუღდაჯანები ჩვენ ვართ თვითონ. ზოგჯერ მშობლები თვითონ იგონებენ გუდიან კაცებს. მიზანი არის ბავშვის დაშინება. ​ბავშვს ეშინია იმიტომ, რომ შენ შეაშინე. თვითონ უფროსებს აქვთ იმდენნაირი არარეალური და მისტიკური შიშები. არის მრავალნაირი დაცვითი სიტყვები, რომლითაც უნდა დაიცვან თავი რაღაც საშინელებისგან, რაც უნდა გაიგონონ. გამომდინარე აქედან, ბავშვსაც ბუნებრივად მიაჩნია მერე, რომ ეს რაღაცები საშიშია.“

ნათია ფანჯიკიძემ მშობლებს ურჩია, სერიოზულად აღიქვან ბავშვების სიბნელისადმი შიშები და მათ სიბნელე უკეთ გააცნონ:

„სიბნელე ყლაპავს ფერებს, საგნებს. ფსიქოლოგიურად ის განასახიერებს უფსკრულს, გაქრობას. ​როდესაც ბავშვი ამას უპირისპირდება, სულაც არ არის ეს სასაცილო და სახუმარო. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნოთ მას სიბნელე, ავუნთოთ შუქი, ვაჩვენოთ საგნები თავის ადგილზე, მერე ჩავაქროთ. ბავშვს ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს. მას ათასნაირი ასოციაციური წარმოსახვა შეუძლია დაუკავშიროს მოციმციმე ჩრდილებს, განათებებს, ბევრად უფრო მდიდარია ბავშვის წარმოსახვა, ვიდრე უფროსის.“

„უშიშარი ადამიანი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. შიში არის ჩვენი დაცვის მექანიზმი. თუ ბავშვი​ შიშის გადალახვას ახერხებს, ე.ი. მისი ფსიქიკური მექანიზმი კარგად მუშაობს. „რისი გეშინია, ბიჭი არ ხარ?!“ თუ ეს ფრაზა მოეხმარება ადამიანს, რომ ნაკლებად მშიშარა იყოს, თუ სწორად იმუშავებს, თუ ზედმეტი პრესი არ იქნება, ჩვენ შეგვიძლია მსგავსი ფრაზა გოგოებსაც ვუთხრათ. მშიშარა იქნები, თუ გმირი, დაბრკოლება მაინც გექნება. გმირი დინამიკაშია, ამიტომ ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს განვითარებისაც და გადარჩენისაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად