Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

აჩუქეთ შვილებს თავგადასავლები სათამაშოების ნაცვლად!

აჩუქეთ შვილებს თავგადასავლები სათამაშოების ნაცვლად!
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ბავშვებისთვის ბევრი სათამაშოს ჩუქება ​არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პატარები, რომლებსაც სათამაშოების დიდი არჩევანი აქვთ, როგორც წესი, ნაკლებად ბედნიერები არიან. ისინი ძალიან იშვიათად თამაშობენ და პასიურები ხდებიან. სათამაშოების ჭარბი რაოდენობა ბავშვებს აბნევს და აფორიაქებს. ისინი თამაშის დახმარებით სწავლას ვეღარ ახერხებენ, რადგან კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად უქვეითდებათ.

კვლევებით ასევე დგინდება, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი სათამაშოები აქვთ, თანამშრომლობის, გაზიარების და თანაგრძნობის უნარები გაცილებით სწრაფად უვითარდებათ. თუ ბავშვს ბევრი სათამაშო აქვს, ის მარტო თამაშს ამჯობინებს. როგორც წესი, აღნიშნულ შემთხვევაში აქტივობა არაპროდუქტიული და დამღლელი ხდება.

მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვის სურვილების 100 პროცენტით დაკმაყოფილება არ ღირს. იმის ნაცვლად, რომ შვილს ყველა სათამაშო უყიდოთ, რომელზეც ის ოცნებობს, ეცადეთ, მასთან ბევრი დრო გაატაროთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 3000-მდე ბავშვი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ აკადემიურ წარმატებას აღმზრდელობით დაწესებულებებში უფრო ის ბავშვები აღწევდნენ, რომლებიც თბილ ოჯახურ ატმოსფეროში იზრდებოდნენ. მათ ცხოვრებაში მშობლების აქტიური ჩართულობა ბავშვების თავდაჯერებას მნიშვნელოვნად ამაღლებდა. მშობლებს, რომლებიც მკაცრად აკონტროლებდნენ ბავშვებისთვის მიცემული სათამაშოების რაოდენობას, ძალიან წარმატებული შვილები ჰყავდათ. ბავშვები, რომლებსაც ძალიან ცოტა სათამაშო ჰქონდათ, ამასთან მშობლების ყურადღება და მზრუნველობა არ აკლდათ, ემოციური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით თანატოლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ.

მშობლის ყურადღებას ვერ ანაცვლებს ვერცერთი სათამაშო ან ელექტრონული მოწყობილობა, რომლის ყიდვაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მარტივად შეგიძლიათ. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები სათამაშოების ნაცვლად თავგადასავლებით ანებივრებენ, ძალიან ხელგაშლილები და სულგრძელები არიან, მათ კეთილი საქმის სანაცვლოდ მადლიერების გამოხატვა არასდროს ავიწყდებათ. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს ბედნიერებას თავგადასავლები ანიჭებთ და არა მატერიალური ნივთები.

ბავშვობის ტკბილი მოგონებებისგან მიღებული ბედნიერება გაცილებით დიდია, ვიდრე ნაძვის ხის ქვეშ დალაგებული სათამაშოების დანახვისას დროებითი აღფრთოვანების გრძნობა. ბავშვისთვის ოჯახთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გაცილებით დიდი ბედნიერების მომნიჭებელია, ვიდრე სათამაშოების საჩუქრად მიღება. ძვირფასო მშობლებო, გამუდმებით შვილებისთვის საჩუქრების ყიდვაზე ორიენტირებულები ნუ იქნებით, ამის ნაცვლად ისინი სასიამოვნო მოგონებებითა და თავგადასავლებით დაასაჩუქრეთ! 

მომზადებულია iheartintelligence.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად