რა მნიშვნელობა აქვს პირადი სივრცის არსებობას ბავშვის ცხოვრებაში, რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს პირადი სივრცის დარღვევამ მშობლის მიერ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი თათია მჟავია.
- ხშირად მშობლები ისე, რომ ვერ აცნობიერებენ ბავშვების პირად სივრცეს არღვევენ. ბავშვებისთვის პირადი სივრცის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ.
- პირველ რიგში, საჭიროა განვმარტოთ, რა არის პირადი სივრცე და რას ნიშნავს პირადი სივრცის დარღვევა. პირადი სივრცე შეიძლება განისაზღვროს, როგორც კომფორტული მანძილი ჩვენსა და სხვა ადამიანს შორის, რომელსაც ესაუბრებით. ეს არის ადამიანის გარშემო არსებული უხილავი საზღვარი, რომელსაც იგი ფსიქოლოგიურად თავისად თვლის. პირადი სივრცის არსებობა გვეხმარება თავი დაცულად და კომფორტულად ვიგრძნოთ. თუ ვინმე შემოიჭრება თქვენს პირად სივრცეში ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ახლოსაა თქვენთან და არღვევს თქვენს პერსონალურ საზღვრებს.
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პირადი სივრცის ზრდის მოთხოვნილებაც. დაახლოებით 1 წლის ასაკიდან, როდესაც პატარები ცდილობენ დამოუკიდებლად გადადგან ნაბიჯები, სწორედ მაშინ იწყება საკუთარი სივრცის აღქმა და პირადი სივრცის მოთხოვნილება.
პირადი სივრცის მნიშვენლობა იზრდება გარდატეხის პერიოდში, როდესაც მოზარდი ცდილობს, შეისწავლოს საკუთარი თავი, როგორც ოჯახის წევრებისაგან დამოუკიდებელი პიროვნება. პირადი სივრცის საჭიროებას ზრდის ასევე, მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური ცვლილებებიც. ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვენელოვანი ფაქტორია, რომ ისინი გრძნობდნენ მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერასა და მათი პირადი სივრცის პატივისცემას. - რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს პირადი სივრცის რღვევამ ბავშვებში?
- ხშირად პირადი სივრცის რღვევა ასოცირდება დისკომფორტის, დაუცველობისა და შიშის განცდასთან. რა თქმა უნდა, ბავშვებთან ეს განცდები უფრო გამძაფრებულია. საკუთარი პირადი სივრცის არსებობა ბავშვს ეხმარება თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს, პატარამ უნდა იცოდეს, ვის აქვს შეხების, ჩახუტების უფლება.
როდესაც ბავშვი ან მოზარდი არ ფლობს ინფორმაციას პირადი სივრცის შესახებ, ისინი ხშირად არღვევენ სხვის პირად სივრცესაც, რაც თავისთავად ქმნის სოციალურ, სირთულეებს, პატარებს უჭირთ თანატოლებთან და უფროსებთან კონტაქტი, ვერ ახერხებენ თანატოლებთან კომუნიკაციის სწორად დაამყარებას.
- შესაძლოა თუ არა მცირეწლოვან ასაკში პირადი სივრცის დარღვევამ ზრდასრულ პერიოდში რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას ბავშვს?
- თუ ზრდასრული ადამიანი ვერ ახერხებს, დაიცვას საკუთარი პირადი სივრცე, ის ვერ შეძლებს, პატივი სცეს სხვის პირად სივრცესაც. ასეთ დროს პრობლემები ჩნდება ინტერპორსნალურ და სოციალურ ურთიერთობებში. პიროვნებას უჭირს საკუთარი სურვილებისა და განცდების გაცნობიერება და რეალიზება.
- რას ურჩევდით მშობლებს?
- მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს რაც შეიძლება დროულად, ასაკის შესაბამისად მიაწოდონ ინფორმაცია პირადი სივრცის შესახებ. ოჯახის წევრები ბავშვებისთვის ერთგვარი „როლური მოდელები“ ვართ, ჩვენს მაგალითზე ისინი სწავლობენ საკუთარი და სხვისი პირადი სივრცის პატივისცემას. ოჯახში შეძლებისდაგვარად უნდა იყოს გამოყოფილი ბავშვისთვის პირადი ოთახი ან კუთხე. ხშირად უფროსები ისე ვარღვევთ ბავშვებისა და მოზარდების პირად სივრცეს, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მათი მხარდაჭერა და მოსმენა, პირველ რიგში, ბავშვები თავს დაცულად თქვენ გვერდით უნდა გრძნობდნენ. შეეცადეთ, ბავშვის ოთახში არ შეხვიდეთ დაკაკუნებისა და ნებართვის გარეშე, ანგარიში გაუწიეთ მის „არას“, მიეცით უფლება დამოუკიდებლად მოიწესრიგოს თავი (ასაკის შესაბამისად). ასეთი მიდგომით პატარები სწავლობენ თქვენი პირადი სივრცის პატივისცემასაც. პირადი სივრცის უზრუნველყოფა მოზარდს უქმნის განცდას, რომ მშობლები და გარშემომყოფები მას პატივს სცემენ. ბავშვისთვის პირადი სივრცის სწორად დაწესება ისეთივე მნიშვენლოვანია, როგორც თქვენი ზრუნვა და სიყვარული, ამიტომ არ მოერიდოთ თქვენი შვილებისთვის სათანადო ცოდნის მიწოდებას პირადი სივრცის შესახებ და არასოდეს შეეცადოთ ზედმეტად დაარღვიოთ მათი პირადი საზღვრები.
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''