Baby Bag

რატომ ტირიან ბავშვები სწავლისას და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

რატომ ტირიან ბავშვები სწავლისას და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

რატომ ტირიან ბავშვები სწავლის დროს და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.

ხშირად, როდესაც მშობლები ბავშვებს გაკვეთილების მომზადებას სთხოვენ, იწყებენ ტირილს. რატომ ტირიან ისინი სწავლის დროს?

- ბავშვები დაბადებიდან შემეცნების და სწავლის პროცესში არიან, ყოველდღიურად. მათ ეს უყვართ და აინტერესებთ, მაგრამ ხშირად მარტივი არ არის სკოლასთან შეგუება და იმ დისციპლინის, სასწავლო უნარების ჩამოყალიბება, რაც სკოლაში სწავლისთვის არის საჭირო. ისინი ტირილს ამ პროცესისგან თავის ასარიდებლად იწყებენ. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამით უნდა დავინტერესდეთ, თუ რატომ ცდილობს ბავშვი თავი აარიდოს სწავლის პროცესს. შესაძლოა სასწავლო მასალა ძალიან რთულია მისთვის ან ძალიან უინტერესო. სწავლების დროს ბავშვის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია.

შესაძლებელია, სწავლის დროს ტირილი, სკოლასთან დაკავშირებულ ტრავმასთან ასოცირდებოდეს?

- თუ ბავშვისთვის სწავლის პროცესი ასოცირდება უსიამოვნო შეგრძნებებთან, ის სწავლისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს და ეს მისთვის მტანჯველ ვალდებულებად გადაიქცევა. სკოლა, მასწავლებელი და მშობელი კი ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, თუ ბავშვს რომელიმე საგნის გაგება უჭირს, მასწავლებელი კი ძალიან მკაცრია, ამ საგნისთვის მომზადება იწვევს შფოთვას. უბრალოდ გავიხსენოთ საკუთარი თავები, როცა მოსწავლეები ვიყავით. რომელი საგნის მომზადება გვიხაროდა? რომელიც უკეთ გამოგვდიოდა და რომლის მასწავლებელიც გვიყვარდა, არ გვაშინებდა.

მშობლის და მასწავლებლის თანამშრომლობა, ასეთ დროს, კიდევ უფრო განსაკუთრებულ როლს იძენს. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა დაგეგმონ სამოქმედო გეგმა. რა მოცულობის და სირთულის მასალა აიღონ გეგმად, როგორი მიდგომები გამოიყენონ ბავშვთან ურთიერთობისას.

შესაძლოა თუ არა ასეთ დროს მშობლის მიერ გადადგმულმა მკაცრმა ნაბიჯმა უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს?

- თუ ბავშვი სწავლას თავს არიდებს, სწავლის დროს ტირილს იწყებს, ამ დროს კი მშობელი მისგან მკაცრად მოითხოვს დავალების შესრულებას, ეს ბავშვის მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. სწავლის პროცესი ბავშვისთვის კიდევ უფრო უსიამოვნო და მტანჯველი გახდება. არსებობს სტრატეგიები, მიდგომები, რომლებიც მშობელსაც, მასწავლებელსაც და ბავშვსაც ძალიან უმარტივებს, უხალისებს სწავლის პროცესს.

- როგორ უნდა უნდა მოვიქცეთ, თუ სწავლის განმავლობაში გამუდმებით ტირის ბავშვი?

- პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ მიზეზი. ბავშვს დავუსვათ შეკითხვები. რატომ ტირის? რა არ მოსწონს? თუ აღმოვაჩენთ რომ დავალება მისთვის რთულია, მაშინ გავამარტივოთ, დავყოთ ნაწილებად. ძალიან მცირე ნაწილის სწავლის შემდეგ ბავშვი შევაქოთ, დავაჯილდოვოთ და დასვენების საშუალება მივცეთ, რომ წარმატებით ტკბობა მოასწროს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს სამეცადინო, რას მოითხოვს მისგან სკოლის მასალა. დასაწყისისთვის მთავარია ბავშვს ვაგრძნობინოთ რომ შეუძლია. ნელ-ნელა გავზარდოთ დავალების მოცულობა და სირთულე.

თუ დავალებები მისთვის უინტერესოა, მაშინ საინტერესო აქტივობებთან შევაწყვილოთ. ამისთვის საჭიროა კარგად გავიცნოთ ბავშვი, გავიგოთ რა მოსწონს, რა აინტერესებს, რა იწვევს მასში აღფთოვანებას. ჩავრთოთ სწავლების პროცესში მისთვის საინტერესო სათამაშოები, ნივთები, მათი დახმარებით ავუხსნათ და შევასრულებინოთ დავალება. არ გავაკირიტიკოთ იმის გამო რომ რამე შეეშალა, გამოვხატოთ სიხარული და აღტაცება, როცა რაიმეს დაისწავლის. არასოდეს არ ვუთხრათ ბავშვს რომ ზარმაცი ან უნიჭოა, არ შევადაროთ სხვა ბავშვებს და მათ მიღწევებს.

მშობლებს და მასწავლებლებს ვურჩევ, პირველ რიგში, დაადგინონ შეესაბამება თუ არა სასწავლო მასალა ბავშვის განვითარების საფეხურს, (თუ საჭიროა სპეციალისტის დახმარებით) ასწავლონ ბავშვს ის, რაც მას მოცემულ ეტაპზე შეუძლია და არა ის, რაც მკაცრად გაწერილ პროგრამაში წერია. თუ ბავშვს ვაგრძნობინებთ რომ მისი გვესმის, გავუმარტივებთ დავალებებს, შევაქებთ, წავახალისებთ, დავაჯილდოვებთ პატარა წინ გადადგმული ნაბიჯისთვის, მისი განწყობა სწავლის მიმართ შეიცვლება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 


შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად