- რამდენად მიზანშეწონილია ბავშვის რთული ქცევის გასაკონტროლებლად მისი დასჯა?
- ბავშვის აღზრდა რთული პროცესია. უფროსი ადამიანები, როდესაც ბავშვის ქცევის მართვისთვის იყენებენ ფიზიკურ დასჯას, უარყოფით გავლენას ახდენენ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასეთი მიდგომა არ ცვლის ბავშვის ქცევას. გარდა ამისა, დასჯა უარყოფით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, რომელმაც მომავალში შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.
ფიზიკური დასჯა იწვევს მთელ რიგ ემოციებს, როგორებიც არის: ბრაზი, აგრესია, სირცხვილი, წყენა, დანაშაულის და უსამართლობის განცდა, რაც მთლიანობაში გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე. თვითდანაშაულის განცდა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განცდა. ასეთ დროს, ბავშვს მუდმივად აქვს და მომავალშიც მიჰყვება სურვილი, რომ კი არ შეცვალოს ქცევა, არამედ აპატიონ, იქნება ეს მშობელი, მასწავლებელი, მეგობარი, თუ სხვა ადამიანი. გარდა ამისა, უყალიბდება შეხედულება, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, არავინ ენდობა, მისი არ ესმით და საერთოდ, ისინი ძალიან ცუდები და ბოროტები არიან. შესაბამისად, ასეთი არაცნობიერი ფიქრებით ის ისევ „ცუდად“ იქცევა, რადგან მაინც ცუდი ადამიანია. ხშირად, ასეთ ფიქრებთან და განცდებთან გამკლავება უჭირთ და იმის გამო, რომ გადალახონ ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ აუტოაგრესიას. მომავალში ყალიბდება ნევროზი და სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, დასჯა არ ცვლის ქცევას, პირიქით, ბავშვი მუდმივად ცდილობს დაფაროს თავის ქცევა და იწყებს ტყუილის გამოყენებას (ანუ თავიდან ირიდებს სასჯელს), გაურბის სიტუაციას, ვერ სწავლობს პასუხისმგებლობას. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები მოდელირებით სწავლობენ, როგორც კი რაიმე პრობლემა შეექმნება დასთან, ძმასთან ან თანატოლებთან, იგივე გზებით ეცდება პრობლემის გადაჭრას. ყველაზე მნიშვნელოვანია მშობელი დააკვირდეს საკუთარ თავს, რთულ პრობლემურ სიტუაციებში როგორ იქცევა, როგორ აგვარებენ უფროსები ერთმანეთში ურთიერთობას, ზუსტად იგივე სქემით მოქმედებს შემდგომში ბავშვი, თუნდაც მშობელთან ურთიერთობისას.
- რა შემთხვევაში და როგორი სახით შეგვიძლია ამის გაკეთება?
- დასჯა ხელს უწყობს აგრესიას, ზრდის ემოციურ რეაქციებს და არ ცვლის ქცევას, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დასჯა ეფექტურია, პირიქით, არსებობს ალტერნატიული გზები, რითაც შეგვიძლია ქცევა შევცვალოთ.
- რას ურჩევდით მშობლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დასჯა აუცილებელია,კონკრეტულ შემთხვევებში?
- ყველაზე ეფექტურია პოზიტიური აღზრდა, რაც გულისხმობს მთელ რიგ მიდგომებს: შექებას, მოწონებას. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას უსმენენ, ენდობიან. ეს კარგად მუშაობს ყველა ასაკის და ხასიათის ადამიანთან, ვინაიდან ამით სწავლობს, თუ რომელი ქცევაა სასურველი. შეეცადოს მშობელი, რომ უფრო მეტი წახალისება და ნაკლები დასჯა იყოს ბავშვის ცხოვრებაში.
თუ კონკრეტული მაგალითები გჭირდებათ:
5 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში სასურველია „ტაიმ-აუტების“ გამოყენება. თუ ძალიან გაღიზიანებულია, ისეთ ადგილას გაყვანა, სადაც მშვიდი გარემოა და ყურადღებას გადაიტანს. ყველაზე სასურველი ნივთის აკრძალვა შეზღუდული დროით, სანამ სასურველ ქცევას არ მივიღებთ.
უფრო დიდი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მოლაპარაკებები და კომპრომისები, ახსნა, თუ რატომ არის ეს ქცევა მისთვის დამაზიანებელი და შემდეგ მისი გარშემომყოფებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქცევაზე გაკეთდეს აქცენტი და არა პიროვნებაზე.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
R.