Baby Bag

„ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა თვითშეფასების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ქცევა თვითშეფასებაზეა დამოკიდებული:

„თითქმის დაბადებიდან ჩემს წლამდე და მეტ ასაკამდე, ცხოვრების ბოლომდე, ვიქცევით ისე, როგორც ვაფასებთ ჩვენს თავს. თუ ზედმეტად გადავაფასებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვებს ვჯობივართ, კონფლიქტებში ვექცევით ხოლმე. თუ ჩვენ ვიცით ჩვენი თავის შეფასება და ამავე დროს, ცოტა კიდევ დავაქვეითებთ ურთიერთობისას ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე, მაშინ ჩვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან უფრო სრულყოფილი გახდება. გახსოვთ, როგორ გვითხრა იესო ქრისტემ: დამდაბლდით, რათა ამაღლდეთო.

ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმები ასეთია: ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რომ არავის შეალახვინოს საკუთარი ოჯახი, წარმოდგენები, კულტურა, ისტორია და ა.შ. არის თვითშეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი, ეს არის სინდის-ნამუსი. ეს ღვთიური ძახილია ჩვენში. იქიდან მოგვდის რაღაც ხმა და ამით ვაფასებთ ჩვენს ცხოვრებას. არის კიდევ გემოვნება, შეხედულებები, თვალსაზრისები. ესენი თუ არ აღვზარდეთ ბავშვში თავიდანვე და ჩვენშიც, მაშინ გვერღვევა ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვენს ცხოვრებასაც ვეღარ ვუგებთ თავსა და ბოლოს ხშირად. თუ გვინდა, რომ თვითშეფასება ვისწავლოთ, კვირაში ერთხელ მაინც ჩავუფიქრდეთ საკუთარ თავს: როგორ ვცხოვრობ? რას ვაკეთებ? ვისთვის მომაქვს სარგებელი? სხვაგვარად არ გვეცოდინება ჩვენი თავი. თვითშეფასება რომ ვისწავლოთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ, რა გვინდა ამ ქვეყანაზე, რისთვის მოვსულვართ, საით მივდივართ, რა გვეკუთვნის და რა არ გვეკუთვნის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განმარტა რა იგულისხმება სიტყვებში: „ქმარი არის თავი ცოლისა“ და აღნიშნა, რომ ეს კაცის ქალზე ბატონობას არ გულისხმობს:

„ქალისა და კაცის ურთიერთობა... რას ასწავლის ეკლესია? ასეთი ხმა გავრცელდა, რომ ეკლესია ასწავლის, რომ კაცმა უნდა იბატონოს ცოლზე, რომ კაცი არის ქალის თავი და მას აქვს უფლება იბატონოს ცოლზე. ეს არის ნების მიცემა აგრესიაზე, რაც ხდება ოჯახში.

მე შემიძლია გითხრათ, რომ „კაცი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს პასუხისმგებლობას სიყვარულში. როგორც ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ეს რას ნიშნავს? ქრისტე კი არ ბატონობს ეკლესიაზე, არამედ ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის, თავი გაწირა, სისხლი დაღვარა. „ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“ - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად