Baby Bag

„ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა თვითშეფასების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ქცევა თვითშეფასებაზეა დამოკიდებული:

„თითქმის დაბადებიდან ჩემს წლამდე და მეტ ასაკამდე, ცხოვრების ბოლომდე, ვიქცევით ისე, როგორც ვაფასებთ ჩვენს თავს. თუ ზედმეტად გადავაფასებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვებს ვჯობივართ, კონფლიქტებში ვექცევით ხოლმე. თუ ჩვენ ვიცით ჩვენი თავის შეფასება და ამავე დროს, ცოტა კიდევ დავაქვეითებთ ურთიერთობისას ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე, მაშინ ჩვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან უფრო სრულყოფილი გახდება. გახსოვთ, როგორ გვითხრა იესო ქრისტემ: დამდაბლდით, რათა ამაღლდეთო.

ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმები ასეთია: ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რომ არავის შეალახვინოს საკუთარი ოჯახი, წარმოდგენები, კულტურა, ისტორია და ა.შ. არის თვითშეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი, ეს არის სინდის-ნამუსი. ეს ღვთიური ძახილია ჩვენში. იქიდან მოგვდის რაღაც ხმა და ამით ვაფასებთ ჩვენს ცხოვრებას. არის კიდევ გემოვნება, შეხედულებები, თვალსაზრისები. ესენი თუ არ აღვზარდეთ ბავშვში თავიდანვე და ჩვენშიც, მაშინ გვერღვევა ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვენს ცხოვრებასაც ვეღარ ვუგებთ თავსა და ბოლოს ხშირად. თუ გვინდა, რომ თვითშეფასება ვისწავლოთ, კვირაში ერთხელ მაინც ჩავუფიქრდეთ საკუთარ თავს: როგორ ვცხოვრობ? რას ვაკეთებ? ვისთვის მომაქვს სარგებელი? სხვაგვარად არ გვეცოდინება ჩვენი თავი. თვითშეფასება რომ ვისწავლოთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ, რა გვინდა ამ ქვეყანაზე, რისთვის მოვსულვართ, საით მივდივართ, რა გვეკუთვნის და რა არ გვეკუთვნის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„მუდმივ ცინიზმში დარჩენა მიუთითებს, რომ თქვენ ვერ გაიზარდეთ, ვერ გახდით ზრდასრული,“ - ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი

„მუდმივ ცინიზმში დარჩენა მიუთითებს, რომ თქვენ ვერ გაიზარდეთ, ვერ გახდით ზრდასრული,“ - ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი

ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა ცინიზმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცინიზმი ადამიანისთვის დაცვითი მექანიზმია:

„ფსიქოლოგები ცინიზმს აღვიქვამთ, როგორც დაცვით მექანიზმს. ეს არის სუფთა დაცვითი მექანიზმი იმ თვალსაზრისით, რომ მე ვერ ვუმკლავდები რეალობას და ამ რეალობას უნდა შევუცვალო სტატუსი და უნდა გავაუფასურო. ასეთ შემთხვევაში ჩემი ინტელექტი მშველის, რომ ავაწყო კარგი ლოგიკური სისტემა. ის, ვისთვისაც ეს დაცვითი მექანიზმია, ატყუებს ადამიანებს, რომ ის ისვრის. სინამდვილეში, ის ძალიან მშიშარა ადამიანია.“

„ცინიკოსი საკუთარ თავსაც არ უმხელს, რომ საერთოდ არავინ და არაფერი არ არის. არის ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ხედვა, პერპექტივა, რომელსაც შესაძლოა არ აღიარებდნენ. მუდმივ ცინიზმში დარჩენა ემოციური ზრდასრულობის თვალსაზრისით მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ თქვენ ვერ გაიზარდეთ, ვერ გახდით ზრდასრული. ცინიზმი ხშირ შემთხვევაში დეპრესიის მაჩვენებელია. ერთ-ერთი სიმპტომი, რომელსაც ადამიანს დეპრესიის დროს ეკითხებიან, არის რისი ჭამა უყვარს. თუ ის ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნიშნავს, რომ რეალობასთან მან დაკარგა კონტაქტი,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა ჩიტაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად