Baby Bag

„ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა თვითშეფასების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ქცევა თვითშეფასებაზეა დამოკიდებული:

„თითქმის დაბადებიდან ჩემს წლამდე და მეტ ასაკამდე, ცხოვრების ბოლომდე, ვიქცევით ისე, როგორც ვაფასებთ ჩვენს თავს. თუ ზედმეტად გადავაფასებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვებს ვჯობივართ, კონფლიქტებში ვექცევით ხოლმე. თუ ჩვენ ვიცით ჩვენი თავის შეფასება და ამავე დროს, ცოტა კიდევ დავაქვეითებთ ურთიერთობისას ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე, მაშინ ჩვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან უფრო სრულყოფილი გახდება. გახსოვთ, როგორ გვითხრა იესო ქრისტემ: დამდაბლდით, რათა ამაღლდეთო.

ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმები ასეთია: ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რომ არავის შეალახვინოს საკუთარი ოჯახი, წარმოდგენები, კულტურა, ისტორია და ა.შ. არის თვითშეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი, ეს არის სინდის-ნამუსი. ეს ღვთიური ძახილია ჩვენში. იქიდან მოგვდის რაღაც ხმა და ამით ვაფასებთ ჩვენს ცხოვრებას. არის კიდევ გემოვნება, შეხედულებები, თვალსაზრისები. ესენი თუ არ აღვზარდეთ ბავშვში თავიდანვე და ჩვენშიც, მაშინ გვერღვევა ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვენს ცხოვრებასაც ვეღარ ვუგებთ თავსა და ბოლოს ხშირად. თუ გვინდა, რომ თვითშეფასება ვისწავლოთ, კვირაში ერთხელ მაინც ჩავუფიქრდეთ საკუთარ თავს: როგორ ვცხოვრობ? რას ვაკეთებ? ვისთვის მომაქვს სარგებელი? სხვაგვარად არ გვეცოდინება ჩვენი თავი. თვითშეფასება რომ ვისწავლოთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ, რა გვინდა ამ ქვეყანაზე, რისთვის მოვსულვართ, საით მივდივართ, რა გვეკუთვნის და რა არ გვეკუთვნის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დიასახლისი, რომელიც საკვებთან მიახლოებისას იბანდა ხელს, ამ პერიოდში დაიბანს არა 10-ჯერ, არამედ 20-ჯერ, ეს არის ნორმაა'' - ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი იზოლაციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემების შესახებ

ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ იმ მნიშვნელოვან ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ადამიანებს იზოლაციაში ყოფნის დროს შეექმნათ:

„მინდა ავღნიშნო, რომ შფოთვა არ არის ავადმყოფობა, შფოთვა არის ნორმალური ცხოველმყოფელობის აუცილებელი ატრიბუტი. თუ არა შფოთვა, ჩვენ ვერასდროს მოვახდენთ სწორ და კარგ ადაპტაციას გარკვეულ მოვლენებთან. პათოლოგიური შფოთვის დროს შფოთვის რაციონალური საფუძველი არ მაქვს, ან მაქვს და მასზე ზედმეტ რეაქციას ვავლენ. მახსოვს, სტუდენტებისთვის მიმიცია ასეთი მაგალითი: როდესაც თქვენ გაურბიხართ ვეფხვს და გაქვთ განცდა, რომ გაკანკალებთ, გეშინიათ, ან პირიქით, ხევდებით ერთ ადგილას, ეს თავდაცვის ნორმალური რეაქციაა, რომელმაც გადაგვარჩინა. როდესაც ვეფხვს ვერ ვხედავ, მაგრამ ვარ ძალიან ემოციურად განწყობილი იმ ობიექტის ან მოვლენის მიმართ, რომელიც ჯერ არ მოსულა ჩემთან, ვავლენ გადაჭარბებულ შფოთვას. მაგ. ტელევიზორიდან გეუბნებიან, რომ არსებობს ასეთი ფენომენი, მაგრამ მაშინვე გაძლევენ ანკესს, გეუბნებიან, რომ თევზი უნდა დაიჭირო, ამისთვის აუცილებელია ხელების დაბანა, დისტანცირება, ინტერპერსონალური ურთიერთობების შეზღუდვა, თუმცა ეს არ ეხება ოჯახის წევრებს. გვეუბნებიან, რომ ასაკოვან ადამიანებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებათ, მაგრამ ამას ვერ ვიცავთ. ეს არის სწორედ ის გადაჭარბებული შფოთვა, რომელიც მოსახლეობის ორივე ჯგუფს, როგორც ფსიქიკურად ჯანმრთელ, ასევე ფსიქიკური აშლილობის პრობლემის მქონე ადამიანებს აწუხებთ.“

ნინო ოკრიბელაშვილი აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის შესახებაც საუბრობს, რომელიც პანდემიის პირობებში ადამიანებს განსაკუთრებით აწუხებთ:

„კიდევ ერთი პრობლემა არის აკვიატებულ მგომარეობათა ნევროზი, როდესაც ერთი რომელიმე აზრი აგვეკვიატება, რომ აუცილებლად ცუდი რამ მოხდება, რომ აუცილებლად ხელი თუ არ დავიბანე რაღაც მოხდება და ა.შ. აქაც არის განსხვავება. მაგ. დიასახლისი, რომელიც საკვებთან მიახლოებისას იბანდა ხელს, ამ პერიოდში დაიბანს არა 10-ჯერ, არამედ 20-ჯერ, ეს არის ნორმა. თუ ადამიანი 100-ჯერ იბანდა ხელს, თუ ხელები დაწყლულებული ჰქონა დასნებოვნების შიშიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ხელს დაიბანს 150-ჯერ, 200-ჯერ. ეს არის მდგომარეობის გამწვავება.“

ქალბატონი ნინო შეთქმულების თეორიების პოპულარობასაც გამოეხმაურა:

„ალბათ, ეს ინტელექტუალიზაციის ერთ-ერთი მცდელობაა. მცდელობა იმისა, რომ ადამიანმა თავისი დამოკიდებულება გამოიმუშაოს ამ პროცესის მიმართ. გარკვეულწილად ეს არის ასევე ამრიდებლობაც. ადამიანს სურს თავიდან აიცილოს შფოთვა და შიში, ამიტომ ამბობს, რომ ეს ადამიანის ბრალი კი არ არის, არამედ რაღაც ორგანიზაციების და ა.შ.“

წაიკითხეთ სრულად