Baby Bag

„ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა თვითშეფასების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ქცევა თვითშეფასებაზეა დამოკიდებული:

„თითქმის დაბადებიდან ჩემს წლამდე და მეტ ასაკამდე, ცხოვრების ბოლომდე, ვიქცევით ისე, როგორც ვაფასებთ ჩვენს თავს. თუ ზედმეტად გადავაფასებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვებს ვჯობივართ, კონფლიქტებში ვექცევით ხოლმე. თუ ჩვენ ვიცით ჩვენი თავის შეფასება და ამავე დროს, ცოტა კიდევ დავაქვეითებთ ურთიერთობისას ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე, მაშინ ჩვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან უფრო სრულყოფილი გახდება. გახსოვთ, როგორ გვითხრა იესო ქრისტემ: დამდაბლდით, რათა ამაღლდეთო.

ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმები ასეთია: ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რომ არავის შეალახვინოს საკუთარი ოჯახი, წარმოდგენები, კულტურა, ისტორია და ა.შ. არის თვითშეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი, ეს არის სინდის-ნამუსი. ეს ღვთიური ძახილია ჩვენში. იქიდან მოგვდის რაღაც ხმა და ამით ვაფასებთ ჩვენს ცხოვრებას. არის კიდევ გემოვნება, შეხედულებები, თვალსაზრისები. ესენი თუ არ აღვზარდეთ ბავშვში თავიდანვე და ჩვენშიც, მაშინ გვერღვევა ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვენს ცხოვრებასაც ვეღარ ვუგებთ თავსა და ბოლოს ხშირად. თუ გვინდა, რომ თვითშეფასება ვისწავლოთ, კვირაში ერთხელ მაინც ჩავუფიქრდეთ საკუთარ თავს: როგორ ვცხოვრობ? რას ვაკეთებ? ვისთვის მომაქვს სარგებელი? სხვაგვარად არ გვეცოდინება ჩვენი თავი. თვითშეფასება რომ ვისწავლოთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ, რა გვინდა ამ ქვეყანაზე, რისთვის მოვსულვართ, საით მივდივართ, რა გვეკუთვნის და რა არ გვეკუთვნის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

რიტმული კლასობანა ბავშვებისთვის მოტორიკისა და რიტმის გრძნობის განვითარებისთვის - ადრეული განათლების ექსპერტის ნანა გეგელაშვილის რჩევები

რიტმული კლასობანა ბავშვებისთვის მოტორიკისა და რიტმის გრძნობის განვითარებისთვის - ადრეული განათლების ექსპერტის ნანა გეგელაშვილის რჩევები

ადრეული განათლების ექსპერტმა ნანა გეგელაშვილმა ბავშვის განვითარებაზე კლასიკური მუსიკის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

​ნეირომეცნიერების კვლევებიდან მოდის, რომ კლასიკური მუსიკა დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. ბავშვი თუ სმენით იბადება, შესაძლოა, პირდაპირვე მოისმინოს კლასიკური მუსიკა, მაგრამ შეიძლება არა. ეს უნდა მოხდეს შეჩვევის სახით. ტვინს სალაპარაკო ენა ესმის რიტმის სახით. ბავშვს რიტმის, ტემპის, მუსიკალური ელემენტების მოსმენა რომ განვუვითაროთ, სალაპარაკო ენისთვის, ასევე ბავშვის განწყობისთვის ძალიან კარგია, ქცევაზეც კი გავლენას ახდენს.“

ნანა გეგელაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვებს თამაშის დროს მარტივი მუსიკები მოასმენინონ:

​თამაშის სახით მშობელმა შეარჩიოს მარტივი მუსიკები, შოპენის ვალსები. ბავშვს თუ თავის არჩევანს მოასმენინებ, ის უფრო დიდხანს მოისმენს. არის ნეირომეცნიერების სულ ახალი ტექნოლოგია. ამას ჰქვია ვიზუალური კლასიკური მუსიკა. მინდა, მშობლებს ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ვიზუალური კლასიკური მუსიკა. ბავშვი იჭერს მუსიკას ვიზუალური გმირების დახმარებით.“

„რიტმული აქტივობები ძალიან უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას. მოტორიკა ვითარდება, ტვინი მოითხოვს ბავშვისგან მინიმუმ ერთი საათი ივარჯიშოს. ყველამ ვიცით კლასიკური კლასობანა. იწყება რიტმის ქვეშ ხტუნაობა. მშობელს შეუძლია ხელების მოძრაობით, ტაშით დაეხმაროს ბავშვს რიტმის დაჭერაში. სჯობს, მშობლებმა ორი წლიდან დავიწყოთ ასეთი რიტმების დაჭერა. ბავშვს როდესაც რიტმის გრძნობა აქვს, მას აქვს მოხსნილი ყოველნაირი სირცხვილი, რიტმის შეგრძნება ამარტივებს ყველაფერს,“- აღნიშნულ საკითხებზე ნანა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად