Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან, ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა'' - როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი?

,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან, ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა'' - როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი?

როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი? - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრმა თამარ-ტატა ბაზღაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი ხშირად გვხვდება საზოგადოებაში. ზოგ შემთხვევაში სიდრომი მიმდინარეობს უპირატესად ყურადღების დარღვევით, ზოგ შემთხვევაში ჰიპერაქტიურობით და არის კომბინირებული ვარიანტი, როდესაც ორივე პრობლემა ერთნაირად ვლინდება:

,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან. ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა. ამ სირთულის გამო დიაგნოზი ძირითადად არ ისმევა 6 წლამდე. როგორც წესი, მიმდინარეობს დაკვირვება, რა დოზით ვლინდება ჰიპერაქტიურობა, რამდენად ახლავს ყურადღების პრობლემები და რამდენხანს გაჰყვება ბავშვს ჰიპერაქტიურობა. თუ ბავშვი უბრალოდ ცელქი და მოუსვენარია, თუმცა არ აქვს ყურადღების, დასწავლის პრობლემა, უსმენს, ითვისებს - არ არის საგანგაშო. უფრო საყურადღებოა, როდესაც ბავშვი არ გვისმენს, არ ითვისებს ასაკის შესაბამის უნარებს და ფიქსირდება ზღვარგადასული ჰიპერაქტიურობა.

იდეალურ შემთხვევაში ბავშვთან მულტიგუნდური მიდგომა გამოიყენება და მუშაობს რამდენიმე სპეციალისტი. ვიწყებთ ფსიქოედუკაციით, ანუ იგივე ფსიქოგანათლებთ, რის დროსაც მშობელს ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას გულისხმობს ეს სინდრომი, რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს, რა სირთულეებს იწვევს ეს სიმპტომები, როგორი მიდგომები შეიძლება გამოიყენოს მშობელმა და ა.შ. იდეალურ შემთხვევაში სკოლა აუცილებლად ჩართული უნდა იყოს, რაც საქართველოში ცოტა რთული საკითხია, თუმცა ნელ-ნელა მაინც არის გარკვეული მზაობა სკოლის მხრიდან, რომ მიიღონ გარკვეული რეკომენდაციები და უკეთ ააწყონ ურთიერთობა ჰიპერაქტიურ ბავშვთან.''

,,აღვნიშნავ ასევე იმას, რომ  თავის ტვინში გარკვეული ცვლილებები აისახება და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს ეს. აქ შეიძლება იყოს გარკვეული უბნების შემცირება, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღების კონცენტრაციაზე, ემოციის და ქცევის მართვაზე. ასევე არის პრეფრონტალური უბნების და მათ სისხლით მომარაგების დეფიციტი, რომელიც პასუხისმგებელია წახალისება-დასჯის მეთოდების ეფექტურობაზე. თუმცა საქართველოში კვლევის ამ ტიპის მეთოდებს ჯერ არ ვიყენებთ, არ არის ფართოდ გავრცელებული. საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდებია და იშვიათად მივმართავთ დიაგნოსტიკის პროცესში,'' - დასძინა თამარ-ტატა ბაზღაძემ. 

ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრმა მართვის მეთოდებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

,,რაც შეეხება მართვის მეთოდებს, პირველივე რასაც ვეუბნებით მშობლებს არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური აბი, რომელსაც ბავშვს მივცემთ და ის გახდება მშვიდი, დამჯერი და ბეჯითი. პრობლემა არის კომპლექსური და მას სჭირდება ოჯახის სრული ჩართულობა, რისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ. ფსიქოედუკაციის შემდეგ, ვთავაზობთ გარკვეულ ჩარევებს, როგორიცაა ქცევითი ტექნიკების გამოყენება და რჩევები, როგორ უნდა მართონ ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევა. ქცევით თერაპიას ატარებს სპეციალისტი, თუმცა მშობელი ჩართულია და ითვალისწინებს რეკომენდაციებს. თუ ქცევის მართვის მოდელი არ შეიცვალა ოჯახის ფარგლებში, მხოლოდ სპეციალისტი ამას ვერ მოაგვარებს.

მნიშვნელოვანია ჩარევის დროულად დაწყება, რადგან პრობლემასთან გამკლავება უფრო რთულია დიდ ასაკში. ყველაზე ხშირად რასაც ვხვდებით არის ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, რომელიც ძალიან ხშირად ახლავს ჰიპერაქტიურობას. ბავშვი არის დაუმორჩილებელი, ნეგატიურად განწყობილი, მუდმივად წინააღმდეგობაშია, ყველანაირ ინსტრუქციას ცუდად იღებს, ჯიუტობს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს, მაინც აკეთებს. ასეთი ქცევა ვლინდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი მუდმივად შენიშვნებს იღებს და ესმის გარშემომყოფებისგან თუ როგორი ცუდია, ცუდად იქცევა, მოუწესრიგებელია და ა.შ. ამიტომ ვითარდება ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, რომელთან მუშაობაც მეტ პრობლემას ქმნის დიდ ასაკში, ვიდრე 4 წლის ასაკში რომ დაგვეწყო ჰიპერაქტიურობაზე მუშაობა. ასევე, შესაძლებელია სხვა პრობლემების თანდართვა, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თვითონ ჰიპერაქტიურობას. მაგალითად, შფოთვითი რეგისტრის აშლილობა. შფოთვა ვლინდება გადაჭარბებული მოუსვენრობით, ნერვიულობით (როდესაც მშობელს შორდება ან სკოლაში დაფასთან გამოსვლის დროს), ნებისმიერი მოვლენა იწვევს შფოთვის განვითარებას. მოზარდობის პერიოდში, მოსალოდნელია ბიპოლარული აშლილობა, კიდევ უფრო იმატებს ამ დროს აქტივობა და შესაძლოა, ბავშვის ქცევა უკონტროლო გახდეს ან განვითარდეს დეპრესია,'' - აღნიშნა თამარ-ტატა ბაზღაძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად