Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში არ უნდა დომინირებდეს „მე მინდა,“ მათ უნდა ისწავლონ პატივისცემა და სიმდაბლე,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ბავშვებში არ უნდა დომინირებდეს „მე მინდა,“  მათ უნდა ისწავლონ პატივისცემა და სიმდაბლე,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე შვილის სწორად აღზრდის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობლებს მართლმადიდებლური აღზრდა ხშირად არასწორად ესმით:

„ჩვენ ძალიან ხშირად გვგონია, რომ შვილის მართლმადიდებლურად აღზრდა ნიშნავს, რომ ბავშვს ლოცვები დააზეპირებინო, ამარხულო, ტაძარში მიიყვანო. ბავშვი ამ დროს ტირის, ჩვენ ვეუბნებით: „იყავი, გაუძელი!“ მართლმადიდებლური აღზრდა ნიშნავს შემდეგ რამეს: ოჯახში უნდა იგრძნობოდეს, რომ იქ არის ღმერთი. ბავშვი ამას ინტუიციურად გრძნობს და ხედავს. ამის დასტური, უპირველეს ყოვლისა, არიან მშობლები, როგორც მაგალითი. ნათელი ოჯახისთვის იყავი ჯერ, შენი შვილებისთვის იყავი. ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული ზნეობა.“

მამა თეოდორე გიგნაძეს საინტერესო მაგალითი მოჰყავს იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ მშობლები, რათა ბავშვი არ გაირყვნას:

„მაგ. სუფრასთან სხედან მამა, დედა, ბავშვები და ბებია. წარმოვიდგინოთ, რომ სუფრაზე დადეს დაჭრილი ქათამი. ბებიამ ამ დროს აიღო ქათმის საუკეთესო ნაჭრები და ბავშვებს დაულაგა. ეს არის ბავშვების გარყვნა. ჩემი ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ მახსენდება, ბებია რამეს რომ დაგვიდებდა, მამა დაუცაცხანებდა და კარგ ნაჭერს გვერდით გადადებდა. ყველაფერი საუკეთესო ბავშვისთვის გვინდა, აბა ვისთვის გვინდა, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს. ის ვერ უნდა მიხვდეს, რომ ყველაზე საუკეთესო ნაჭერი მას დაუდეს. ეს არ უნდა იცოდეს ბავშვმა. მეტსაც გეტყვით, საუკეთესო ნაჭერი უნდა დაუდონ მამას. რატომ მამას? იმიტომ, რომ მამა ოჯახის მარჩენალია, ის ზნეობრივი მაგალითია. საუკეთესო ნაჭერი უნდა დაუდონ დედას, რომ ბავშვებმა ისწავლონ პატივისცემა, სიმდაბლე. დამერწმუნეთ, თეძოსა და ბარკალზე მნიშვნელოვანი სიმდაბლის სწავლაა.“

„სინამდვილეში ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს უნდა მისცე, აბა ვის უნდა მისცე?! მე უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე, რომ ბავშვები არ გაიზარდონ ეგოისტებად. ბავშვებში არ უნდა დომინირებდეს: „მე მინდა!“ ბავშვთან იმპერატიული ტონით საუბრით, ბარბაროსული მეთოდებით, პიროვნული თავისუფლების შელახვით არაფერი გამოვა. შენ ასე ცოტა ხნით დაიმორჩილებ ბავშვს, მაგრამ ის გაიზრდება, ხელს აგიქნევს და კარგად იყავიო, გეტყვის. მთავარია მაგალითი, ზნეობრივი მაგალითი,“ - აცხადებს მამა თეოდორე გიგნაძე.

​წყარო


წაიკითხეთ სრულად