Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ტელევიზორი ინტერიერში - 4 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ

ტელევიზორი ინტერიერში - 4 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ

მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ​ინტერიერის დიზაინერ ნინი ოგანის რეკომენდაციები. გაეცანით რჩევებს სახლის ინტერიერთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

წარმოგიდგენთ პირველ თემას - 4 შეცდომა, რომელსაც ტელევიზორის ოთახის საერთო ინტერიერში ჩასმის დროს უშვებენ. 

შეცდომა N1

თანამედროვე ტელევიზორების ვიზუალი ნამდვილად განსაკუთრებულია, მაგრამ ოთახის ინტერიერის მთავარ ნაწილად არ უნდა გავხადოთ, განსაკუთრებით თუ ეს ბავშვების ოთახს ეხება. ნუ ააწყობთ ინტერიერს ტელევიზორის გარშემო. აუცილებლად დაიწყეთ ავეჯიდან, აქსესუარებიდან, პატარ-პატარა დეტალებიდან. სწორედ მათზე გააკეთეთ აქცენტი. ტელევიზორი ისედაც იპყრობს საკმარის ყურადღებას და მასზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება არ არის საჭირო. 

შეცდომა N2

ტელევიზორის შერჩევისას აუცლებლად მიაქციეთ ყურადღება არა მარტო მისი გამოსახულების ხარისხს, არამედ მის ზომებსაც. ყოველთვის აარჩიეთ ტელევიზორი მოცემული სივრციდან გამომდინარე. თუ თქვენი ოთახი, სადაც ტელევიზორის განთავსებას აპირებთ დიდია, მაშინ შეგიძლიათ ტელევიზორიც შესამაბისად დიდი შეარჩიოთ. მაგრამ თუ ოთახი საკმაოდ პატარაა, ამ შემთხვევაში დიდი ზომის ტელევიზორის შერჩევა შეცდომაა. ეს შეცდომა განსაკუთრებით მაშინ არ უნდა დაუშვათ, თუ სახლში ბავშვია. მისთვის პატარა სირცეში დიდ ეკრანთან ახლოს ჯდომა საზიანო შეიძლება იყოს.
 

შეცდომა N3

სანამ ტელევიზორს ოთახში დაკიდებთ, აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ სიმაღლე. ტელევიზორი დამჯდარ მდგომარეობაში ზუსტად თვალის გასწვრივ უნდა დაკიდოთ ან დადგათ. 

შეცდომა N4

თუ ტელევიზორის დადგმას აპირებთ, უნდა შეარჩიოთ უსაფრთხო დასადგამი, განსაკუთრებით თუ სახლში პატარა გყავთ. ხშირად ვიზუალის გამო არ ვაქცევთ ყურადღებას უსაფრთხოებას, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ შეგვიძლია ეს ორი კომპონენტი გავაერთიანოთ. სადგამი, სადაც ტელევიზორის განთავსებას აპირებთ, უნდა იყოს ტელევიზორის პროპორციული. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტელევიზორს ბავშვი ვერ უნდა წვდებოდეს. 

და ბოლოს, 

როდესაც იპოვით ადგილს ტელევიზორისთვის, გაითვალისწინებთ ზემოთ მითითებულ რეკომენდაციებს, გირჩევთ კედელი, სადაც ტელევიზორი განთავსდება, გააფორმოთ ვიზუალურად. ჩამოკიდეთ ნახატები, გააფორმეთ თაროებით. გახსოვდეთ, ტელევიზორი არ უნდა იყოს ინტერიერში მთავარი, ის უნდა იყოს საერთო კომპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილი. 


წაიკითხეთ სრულად