Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

ფსიქოლოგმა თინათინ ზენაიშვილმა მშობლების მხრიდან დასასვენებლად მარტო წასვლის სურვილსა და წესზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ქმედება და სურვილი მშობლის მხირდან გასაოცარია:

„ბავშვი მთელი წელი ელოდება ნანატრ დროს, როდესაც დედა და მამა იქნება მხოლოდ მისი და არ იქნება არც სამსახურის, არც მეგობრების, არც არავისი. ძალიან სცოდავენ მშობლები ამ შემთხვევაში, თუ ასე ფიქრობენ. რატომ ფიქრობენ ასე, მე მაოცებს და მაკვირვებს. მე თვითონ ოთხი შვილის დედა ვარ და არ გამჩენია სურვილი არასდროს, რომ დამესვენა მარტო. ბავშვებს 9-10 საათზე რომ დააძინებ, ის ორი საათი დაჯდები და ან ფილმს უყურებ, ან წიგნს წაიკითხავ, ესეც განტვირთვაა და მგონი, სრულებით საკმარისია. შვილის გარეშე რომ სურთ დასვენება, ე.ი. რაღაცას ვერ უგებენ შვილს. ეს არის პრობლემა ჩემთვის. რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო ჩემს შვილს ეს ბედნიერება? ეს მისთვის არის ბედნიერება.

თუ მშობელი მუშაობს და ბავშვს უშვებს დასასვენებლად, მან იცის, გაცნობიერებული აქვს, რატომ არ არის დედა მასთან. თუმცა ის ყოველთვის დაელოდება მშობლის ჩასვლას და მის ნახვას. ბავშვი ამას შეგუებულია, თუ წინასწარ უხსნის ვინმე. ხშირ შემთხვევაში არ ვუხსნით ხოლმე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასწარ ავუხსნათ, ვუთხრათ, თუ მასთან არ ვარ, რატომ? რას ვუთმობ დროს,“- მოცემულ საკითხზე თინათინ ზენაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად