Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვს ნებისყოფა არ ჰყოფნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს გავარჯიშებადია და სამუშაოა,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მშობლებს ურჩია, როდესაც ბავშვი იტყუება, აუცილებლად გაარკვიონ, რაში დასჭირდა მას ტყუილი და რა იყო მისი მიზანი:z

„ბავშვს სტატუსი რაც აქვს, უფრო მეტი და მეტი უნდა. თუ 12 წამში გაირბინა 100 მეტრი, შემდეგ 9-ში და 8-ში უნდა. ამას აქვს გარკვეული ასაკი. ეს არის 12-დან 18-19 წლამდე ასაკი. ეს იმიტომ ხდება, რომ სტატუსი მჭირდება. ყველა იტყუება სტატუს-კვოს შენარჩუნების მიზნით. ტყუილი თითქოს ნეგატიურია, მაგრამ სიამოვნებით ვამბობთ, რომ ფეხბურთელმა მოატყუა ერთი, მეორე, მესამე. ისევე როგორც ფილმს ვნახულობთ, გვატყუებენ და ფულს ვიხდით ამაში.

თუ მორალური თვალსაზრისით შევაფასებთ, ზოგიერთი ტყუილი უკეთესია, ვიდრე მართალი. ლიტერატურაში არის ასეთი მაგალითი, ცოლი გყავს ახალი მოყვანილი, საჭმელი გააკეთა და არის რაღაც საშინელება. მადლობა უნდა გადაუხადო თუ უნდა უთხრა, რომ ეს საშინელება, თუ კარგია შენ ჭამე? როდესაც მოზრდილი ან ბავშვი გატყუებთ, გაერკვიეთ, რაში სჭირდებოდა ეს. ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეშინოდა და სასჯელს გადარჩეს, თუ რისთვის? ის, რომ ბავშვი აქტიურად იტყუება, არის დასაზუსტებელი, რას ნიშნავს. გარკვეულ ასაკში ეს სჭირდება ფანტაზიას და განვითარებას. არ არსებობს კარლსონი? არ არსებობს არაფერი, რაც შენ წარმოგიდგენია? თუ ფანტაზიაა, რატომ უნდა შეუშალო ხელი.

პრობლემების დროს, როდესაც შვილებზე არის პრობლემა, ხშირად ირკვევა, რომ შვილი არ არის პრობლემა, თვითონ მშობლები არიან პრობლემა. ბავშვი იდეალური მანიპულატორია. თუ დაიჭირა მომენტები, ისე ათამაშებს ამ მშობლებს, რომ თვითონაც ვერ გაიგებენ. თუ ბავშვს ნებელობითი პროცესები არ აქვს განვითარებული, ნებისყოფა არ ჰყოფნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს გავარჯიშებადია და სამუშაოა. ორი საათი ბავშვი იჯდა და არ განძრეულა, ჩავიდა ეზოში და სუფთად ამოვიდა, მაშინ უნდა მიიყვანოთ ფსიქოლოგთან,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად