Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არცერთ ბავშვს არ უნდა სწავლის პროცესი. ყველას ურჩევნია წიგნი დახუროს და ინფორმაცია თავისით შევიდეს თავში,“ - მედეა ზირაქაშვილი

„არცერთ ბავშვს არ უნდა სწავლის პროცესი. ყველას ურჩევნია წიგნი დახუროს და ინფორმაცია თავისით შევიდეს თავში,“ - მედეა ზირაქაშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის იმპულსური ქცევის დროს მასთან ურთიერთობის სტრატეგიებზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ბავშვი ტირის, მას დახმარება სჭირდება:

„ბავშვი არ ტირის ტყუილად. ბავშვი ტირის იმიტომ, რომ მას სჭირდება შველა, მას სჭირდება დახმარება. ის სტერეოტიპი, რომ ბიჭმა არ უნდა იტიროს, არის მშობლის მხრიდან ერთგვარი ძალადობა. თუ ვტირი, ე.ი. მჭირდება დახმარება. ვტირი, მომეხმარე, დამამშვიდე, გამამხნევე. ერთად მივაღწიოთ შედეგს. რაც შეეხება იმპულსურობას, იმპულსურობას სჭირდება მართვა. ​არცერთ ბავშვს არ უნდა სწავლის პროცესი. ყველას ურჩევნია წიგნი დახუროს, ბალიშის ქვეშ ამოიდოს და ინფორმაცია თავისით შევიდეს თავში.“

მედეა ზირაქაშვილმა აღნიშნა, რომ დასწავლის უნარი ბავშვმა აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს:

​დასწავლა და მეცადინეობის პროცესი არის უნარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გამოიმუშაოს, ისევე, როგორც ვიმუშავებთ ტუალეტის ჩვევას, ისევე, როგორც ვიმუშავებთ საკვების მიღების უნარს და ა.შ. როდესაც იმპულსურია ბავშვი, იქ შეიძლება პარალელურად იყოს ყურადღების დეფიციტიც. კი, მშობელი ამბობს, რომ რაღაცები ადვილად გამოსდის, მაგრამ გააჩნია საგანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს დასწავლის სპეციფიკური სირთულეები. შეიძლება მათემატიკა არაჩვეულებრივად გამოსდიოდეს ბავშვს, მაგრამ კითხვაში, გაგებაში ჰქონდეს პრობლემა.“

მედეა ზირაქაშვილის თქმით, მეცადინეობის პროცესში ბავშვის წასახალისებლად ძალიან კარგად მუშაობს ე.წ. საათის პრინციპი:

„ძალიან ხშირად მშობელს ვთავაზობთ საათის პრინციპს. ​ვთქვათ, არის მასალა, რომელიც მოიცავს ერთ ფურცელს, ეს ერთი ფურცელი შედგება 10 აბზაცისგან. ვთქვათ, რომ 10 წუთში ბავშვმა უნდა იმეცადინოს ორი აბზაცი. მივცეთ ბავშვს 5 წუთი იმისთვის, რომ გაირბინოს-გამოირბინოს. მან უნდა იცოდეს, რომ გავა თუ არა 10 წუთი, უნდა დაჯდეს მაგიდასთან და გააგრძელოს მეცადინეობის პროცესი.“

„როგორც ყველა უნარს სჭირდება ჩამოყალიბება და გამომუშავება, ასევე სჭირდება დასწავლის უნარს ჩამოყალიბება, რაშიც მშობელმა ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს.​ სამი წლის ასაკში ერთმნიშვნელოვნად მშობელი ბავშვს არ უნდა ეჯდეს. თუ პირველ კლასში ეს ძალიან აუცილებელია, მეორე კლასში ოთახის ირგვლივ უნდა იყოს მშობელი და ოთახში უნდა იტრიალოს, მესამე კლასში მშობელი სახლში უნდა იყოს და პერიოდულად უნდა აკონტროლებდეს ბავშვს. საუბარი იმაზე, რომ თავისით წავიდეს და იმეცადინოს, მესამე კლასელ ბავშვს რაღაც უნარები ჩამოყალიბებული აქვს, მაგრამ გაკონტროლება, მონიტორინგი და დახმარება მაინც სჭირდება,“ - აღნიშნულ საკითხზე მედეა ზირაქაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად