Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:

​აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“

ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:

„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ​ვინ არის დამარცხებული?  დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“

„როდესაც მე ვამბობ, რომ ​არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად