Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე განსაკუთრებით ვურჩევ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან ციგურებით დატვირთვას,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მე განსაკუთრებით ვურჩევ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან ციგურებით დატვირთვას,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვისას ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვი გადაღლისგან უნდა დავიცვათ:

„ყველა მშობელი ცდილობს, რომ ბავშვი ჩააბას წრეებში. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება სავალალო შედეგებამდეც მივიდეთ. მოზრდილებში არის ე.წ. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამ ასაკმა უკვე გადმოინაცვლა ბავშვებშიც. ეს 8-9-10 წლის ასაკის ბავშვებშიც შეიძლება შეგვხვდეს. ბავშვები ხუთ საათამდე არიან სკოლაში, შემდეგ გამოჰყავთ და მიჰყავთ ერთ წრეზე, ერთი-ორი საათის შემდეგ მეორე წრეზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიდეთ სავალალო შედეგამდეც.“

თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვი სპორტული აქტივობებით უმეტესად 5-6 წლის ასაკიდან უნდა დავტვირთოთ:

​სპორტული აქტივობებით ბავშვს ვტვირთავთ 5-6 წლის ასაკიდან. მე განსაკუთრებით ვურჩევ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან ციგურებით დატვირთვას. თავიდან მაქსიმალურად მცირე დატვირთვით უნდა დატვირთონ ბავშვი. სასურველია, რომ სპორტული წრეები იყოს კვირაში ორჯერ ან სამჯერ.“

„ექვსი წლის ასაკიდან აქტიური სპორტითაც შეიძლება დაკავდეს ბავშვი, როგორიც არის ფეხბურთი. 9-10 წლის ასაკიდან ბიჭები შეგვიძლია შევიყვანოთ რაგბზე. ექიმმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, რამდენად არის ფიზიკურად მომზადებული ბავშვი. ბავშვს სწავლის აღქმა უვითარდება დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით, ორ საათამდე. ფიზიკურად ბავშვი შეიძლება დაიტვირთოს უფრო ხშირად დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით, ოთხ საათამდე. საღამოს შვიდი-რვა საათის შემდეგ ბავშვი ​ფიზიკურად არ უნდა დაიტვირთოს. ხუთი-ექვსი საათის შემდეგ ბავშვმა უნდა მოისვენოს,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად