Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც არ უნდა ვაქცინირებულები ვიყოთ, თუ გვეყოლა ბევრი ინფიცირებული, ჩვენდა სამწუხაროდ, გვეყოლება ბევრი დაავადებული და გარდაცვლილიც,“ - ლევან რატიანი

„რაც არ უნდა ვაქცინირებულები ვიყოთ, თუ გვეყოლა ბევრი ინფიცირებული, ჩვენდა სამწუხაროდ, გვეყოლება ბევრი დაავადებული და გარდაცვლილიც,“ - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადარჩენისთვის გონივრული გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება:

„თავშეყრის ადგილებში ვირუსი ძალიან ვრცელდება. რაც არ უნდა ვაქცინირებულები ვიყოთ, რაც არ უნდა სამკურნალო-საწამლო საშუალებები გვქონდეს, თუ გვეყოლა ბევრი ინფიცირებული, ჩვენდა სამწუხაროდ, გვეყოლება ბევრი დაავადებული და გარდაცვლილიც. მართალია, სულ ამას ვიძახდით, რომ გადავრჩებით და დღესაც ამ განწყობაზე ვარ, რომ აუცილებლად გადავრჩებით, ამისთვის ​გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.“

​ლევან რატიანის თქმით, ყველანი ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ:

„პირველი რაც არის, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ყველას, საბედნიეროდ, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, ვარღვევთ ამ სიყვარულის კანონს. ერთმანეთის გაფრთხილება რას გულისხმობს?! მიმღებ განყოფილებაში უამრავი პაციენტია, რომელიც სკამზე ზის, იმიტომ, რომ ბოლო რამოდენიმე კვირაა საერთოდ ადგილი არ გვაქვს კლინიკაში. ხანდახან გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომსხდარ პაციენტებს ვხედავ, რომლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან, უჭირთ სუნთქვა.“

„ეს გამოიწვია ჩვენმა ქმედებამ, დაუდევრობამ, ერთმანეთის გაუფრთხილებლობამ. წარმოგიდგენიათ, რომ დღეში 500 ზარი შემოდის და ამ 500-დან 90%-ს ეუბნები, რომ ადგილი არ გაქვს. ადამიანს, რომელსაც საშველის პოვნა უნდა შენთან, ვერ ეხმარები. სულ ამის მეშინოდა. იმედია, ახლა მაინც მოვეგებით გონს. 74 გარდაცვლილი გვყავს დღეს. ეს არ არის პატარა ციფრი. ეს ყველაფერი გამოიწვია ჩვენმა უკონტროლო, ქაოტურმა მოძრაობამ ქვეყანაში,“ - აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად