Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

უკრაინელ ბავშვებს მშობლები სკოლაში სპეციალური სტიკერებით უშვებენ, რომელზეც მათი სისხლის ჯგუფის, მისამართის და მშობლების ვინაობის შესახებ ინფორმაციაა დატანილი

უკრაინელ ბავშვებს მშობლები სკოლაში სპეციალური სტიკერებით უშვებენ, რომელზეც მათი სისხლის ჯგუფის, მისამართის და მშობლების ვინაობის შესახებ ინფორმაციაა დატანილი

უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მშობლები ბავშვებს სკოლებში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებით უშვებენ.

today.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მშობლები, რომლებიც შვილების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ღელავენ, შვილებს სკოლებში სპეციალური სტიკერებით გზავნიან. სტიკერზე ბავშვების სისხლის ჯგუფის, მათი მშობლების სახელების და გვარების, ასევე მისამართების შესახებ ინფორმაციაა დატანილი. სტიკერებისთვის მხოლოდ ერთი განსაზღვრული ფორმატი არ არსებობს. თითოეული მშობელი თავად ირჩევს, რა ინფორმაცია დაიტანოს სტიკერზე.

today.com-ის ინფორმაციით, ზოგიერთმა სკოლამ მსგავსი სტიკერების ტარება ბავშვებისთვის სავალდებულო გახადა.

ერთ-ერთმა უკრაინელმა მშობელმა კრისტინამ today.com-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის უფროს შვილს სკოლაში უშვებს, უმცროსებს კი, რომლებიც ბაღის ასაკის ბავშვები არიან, სახლში ტოვებს. კრისტინას თქმით, ბაღი სკოლისგან შორს არის და საგანგებო ვითარების შემთხვევაში, სამივე ბავშვის დროულად გამოყვანას ვერ შეძლებს, რის გამოც უმცროსებს ბაღში არ უშვებს.

წყარო: ​sheknows.com 

წაიკითხეთ სრულად